ევროკავშირმა სამი წლით, 2029 წლის 22 სექტემბრამდე გააგრძელა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისთვის დაწესებული სანქციები, რომლებიც 3000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება.
ამასთან, სანქციები მოუხსნეს ბიზნესმენებს, ალიშერ უსმანოვს და მიხაილ ფრიდმანს. კიევში ამ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციები უკანონოა და არა მხოლოდ უსმანოვს და ფრიდმანს, არამედ ყველა რუს ბიზნესმენს და რუსეთის ყველა მოქალაქეს უნდა მოუხსნან.
- ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა და 2022 წლიდან გაუფართოვა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. სანქციები ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.
ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება
უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების გაუქმებაზე 22 სექტემბერს შეთანხმდა ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი. ევროკავშირის საბჭოს მიერ დადასტურებული გადაწყვეტილება დღის ბოლოს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, რაც მის ამოქმედებას ნიშნავს.
მანამდე გადაწყვეტილებას ბლოკავდა ლატვია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგებოდა. 22 სექტემბერს ლატვიას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, თუმცა გამოაცხადა, რომ ფრიდმანს და უსმანოვს სანქციებს ეროვნულ დონეზე თავად დაუწესებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.
სააგენტო Reuters-ის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ფრიდმანისა და უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა იყო ნაწილი შეთანხმების, რომელმაც პირველად გახადა შესაძლებელი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელება ერთბაშად სამი წლით და არა ექვსი, ან თორმეტი თვით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებას მოითხოვდნენ სლოვაკეთი და საფრანგეთი. სლოვაკეთი, რომლის მთავრობას, რობერტ ფიცოს მეთაურობით, რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვს, მოითხოვდა სანქციების მოხსნას მიხაილ ფრიდმანისთვისაც.
მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის აქტიური მხარდამჭერის, საფრანგეთის პოზიცია. უკრაინის და დასავლეთის მედია საფრანგეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ პარიზმა მოტივების განმარტებაზე უარი თქვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უკავშირდება „ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტულ პრობლემას“.
გამოცემა Financial Times-ის წყაროთა თანახმად, საფრანგეთის გადაწყვეტილების მოტივია მისი მცდელობა, გაათავისუფლოს აზერბაიჯანში დაკავებული მოქალაქეები, რასაც შესაძლოა, ხელი უსმანოვმა შეუწყოს.
განახლება: 23 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა 20 პატიმარი, მათ შორის ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საფრანგეთის მოქალაქე მარტენ რაიანი.
კიევის რეაქცია
ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვის და მიხაილ ფრიდმანის ამოღებას „სამარცხვინო და გაუმართლებელი“ უწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.
მისი შეფასებით, მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა - დაუსჯელობის განცდა, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მოსკოვს ზეიმი გაუფუჭონ და უსმანოვს და ფრიდმანს საკუთარი, ნაციონალური სანქციები დაუწესონ.
სანქციები იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას. ეს შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია მიმდინარეობს.
ზელენსკის შეფასებით, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაზე სასტიკ დარტყმებს განაგრძობს, ცალკეული რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნა „თვითმკვლელურად და კონტრპროდუქტიულად გამოიყურება“. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მადლიერია ევროკომისიის პრეზიდენტის, რომელიც მზად არის იმუშაოს სანქციების სიაში „დამატებითი რუსული გვარების“ შესატანად.
ფრიდმანი და უსმანოვი
რუსეთის მოქალაქე, 73 წლის მილიარდერი ალიშერ უსმანოვი (დაბადებულია უზბეკეთში) რუსეთის უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, „მეტალოინვესტის" დამფუძნებელია. პრეზიდენტ პუტინის მიერ დაჯილდოებულია ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის”.
62 წლის მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი (დაბადებულია უკრაინაში), რომელიც რუსეთის გარდა ისრაელის მოქალაქეცაა, კერძო საინვესტიციო ჯგუფის, „ალფას” თანამფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელია.
პუტინთან დაახლოებულ ფრიდმანს და უსმანოვს ევროკავშირმა სანქციები 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშატაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესა.
ევროკავშირის მიერ ამ სანქციების მოხსნას რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდისტულმა მედიამ „ბრიუსელის ბიუროკრატიის პარალიჩი“ უწოდა.
ფორუმი