უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის მხრიდან არ ჩანს ნიშნები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისთვის ემზადება.
ის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ ერთიანობა, რათა კრემლი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ:
„აშკარაა, რომ რუსები, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ომის შეწყვეტისთვის არ ემზადებიან“, - თქვა ზელენსკიმ 26 სექტემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, უკრაინის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ მოსკოვი რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონებისა და სხვა საბრძოლო საშუალებების წარმოებაზე დანახარჯების გაზრდას გეგმავს.
ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მუდმივად პოულობს მიზეზს, რათა მოლაპარაკებებს თავი აარიდოს.
„ის ყოველთვის პოულობს რაღაც უსუსურ საბაბს - რომ არ შეხვდეს, არ გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა, არ ილაპარაკოს, არ დაასრულოს ომი, არ შეწყვიტოს მკვლელობები. ასეა უკვე წლებია და ამას ყველა ჩვენი პარტნიორი ხედავს. ის ომის გასაგრძელებლად საბაბებს ეძებს. ყოველთვის ერთი და იგივე გვესმის და ეს აშშ-ის პრეზიდენტთან ჩვენმა ბოლო შეხვედრამაც აჩვენა“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ომის გაფართოება“
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მომავალ წელს მხოლოდ რეაქტიული დრონებისა და ე.წ. მოარული საბრძოლო მასალების წარმოებაზე 12 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
„ეს პირდაპირ ეხება ჩვენს პარტნიორებსაც. ბევრ სადაზვერვო სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რუსებს სურთ თავიანთი ომის, თავიანთი მოქმედებების სხვა ქვეყნებზე, შესაძლოა სხვა რეგიონებზეც გავრცელება. სწორედ ამიტომ უნდა ავაშენოთ ჩვენი თავდაცვა ერთად. სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ თავი ერთად, პრევენციულად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის მიერ გაშვებული რეაქტიული დრონების 55 პროცენტის ჩამოგდებას ახერხებენ. რუსეთის ღამის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სულ უფრო გახშირდა, განსაკუთრებით ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად.
„ამაზე ერთად ვმუშაობთ - ამერიკასთან, ევროპასთან, კანადასთან, იაპონიასთან და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანასთან, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ, უკრაინასა და ჩვენს ხალხს“, - თქვა ზელენსკიმ.
გახშირებული დარტყმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე
სააგენტო AFP-ის მიერ კონფლიქტების მონიტორინგის ორგანიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შეიარაღებული კონფლიქტებისა და მოვლენების მონაცემთა მონიტორინგის პროექტი-ს (ACLED) მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსეთმა კიევის რეგიონში საწყობებზე ორჯერ მეტი იერიში მიიტანა, ვიდრე ომის წინა წლების განმავლობაში ერთად.
ACLED-მა ივნისის შუა რიცხვებიდან კიევის რეგიონში სამოქალაქო საწყობებზე დაახლოებით 100 დარტყმა ან დარტყმების სერია აღრიცხა. შედარებისთვის, 2022 წლის თებერვლიდან 2026 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე ასეთი დაახლოებით 50 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ზელენსკის განცხადებით, 26 სექტემბერს რუსეთის მორიგ თავდასხმებს სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ზაპოროჟიესა და სუმის რეგიონებში, რომელთა ნაწილიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული. ქვეყნის მასშტაბით დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა უკრაინის სულ მცირე რვა რეგიონში. მათ შორის დაზიანდა საბავშვო ბაღი დედაქალაქ კიევში და უნივერსიტეტი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში.
ფორუმი