Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე აცხადებს, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, 24 სექტემბერი, 2026 წელი
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, 24 სექტემბერი, 2026 წელი

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის შემდეგ, ნიუ-იორკიდან დაბრუნებულმა „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მას ჰქონდა გასაუბრების შესაძლებლობა „როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან“:

„სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

დონალდ ტრამპთან ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია, სავარაუდოდ, გაეროს დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის გამართულ მიღებაზე შედგა. ამ კომუნიკაციის ამსახველი ფოტო, ამ ეტაპზე, გამოქვეყნებული არ არის.

ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა 24 სექტემბერს.

კობახიძემ „უმთავრეს პრიორიტეტებად” დაასახელა „მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება” იმ ვითარებაში, როცა „მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს”. მას რომელიმე კონკრეტული რეგიონი ან მოვლენა არ დაუსახელებია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია. ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს”.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა იმაზე, რომ საქართველოს განსაკუთრებით ღრმად ესმის მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე და „ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა”.

შეჩერებული პარტნიორობა

შშ-სა და საქართველოს შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოქმედება ვაშინგტონმა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა.

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მანამდეც აკრიტიკებდა ე.წ. „აგენტების კანონის“, ანტიდასავლური რიტორიკისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო. 2024 წელს ვაშინგტონმა საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვა დაიწყო, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და სხვა პირებს და საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილი შეაჩერა.

პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება კი მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში აღარ დააყენებდა, და ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლას.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა“ დაარღვია სტრატეგიული პარტნიორობის საფუძვლად არსებული პრინციპები - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის ერთგულება.

საქართველოს ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესება სხვაგვარად ახსნა. ირაკლი კობახიძემ ის აშშ-ის ექს-პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის „უსამართლო“ პოლიტიკას დაუკავშირა.

2026 წლის მაისში კობახიძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა იმიტომ შეწყდა, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო და „მეორე ფრონტი არ გახსნა“.

2025 წლიდან კობახიძე სისტემატურად აცხადებს, რომ საქართველო მზად არის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“, ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული „კონკრეტული გზამკვლევით“ აღადგინოს.

ეს გზავნილი მან 2025 წლის მაისში დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი ღია წერილშიც გაიმეორა. იგივე პოზიცია საქართველოს ხელისუფლებამ 2026 წელსაც არაერთხელ დააფიქსირა. მათ შორის, მარტში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან კობახიძის სატელეფონო საუბრის შემდეგ, მაისსა და ივნისში გაკეთებულ განცხადებებში და 26 აგვისტოს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზთან შეხვედრისას.

ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, ვითარება ამ დრომდე არსებითად არ შეცვლილა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მისი მოკავშირეების მიმართ დაწესებული სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება. გარდა ამისა, 2026 წელს აშშ-მა სამხრეთ კავკასიის ორ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობები გააღრმავა - თებერვალში აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა, მაისში კი სომხეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია განახლდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG