Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2022 წლის შემდეგ პირველად გამართეს შეხვედრა

სერგეი ლავროვისა (მარცხნივ) და იოჰან ვადეფულის (მარჯვნიდან მეორე) შეხვედრა. ნიუ-იორკი, 26 სექტემბერი, 2026.
სერგეი ლავროვისა (მარცხნივ) და იოჰან ვადეფულის (მარჯვნიდან მეორე) შეხვედრა. ნიუ-იორკი, 26 სექტემბერი, 2026.

გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - იოჰან ვადეფულმა და სერგეი ლავროვმა - 26 სექტემბერს შეხვედრა გამართეს ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესია მიმდინარეობს.

ეს არის ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პირველი შეხვედრა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, შეხვედრა გერმანული მხარის ინიციატივით შედგა. ვადეფულმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო სიგნალები იმის შესახებ, რომ რუსეთის წარმომადგენლები მზად არიან შეხვედრისთვის, და გადაწყვიტა, გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა.

„ჩვენი მთავრობების პოზიციებს შორის ნამდვილად არსებობს პრინციპული განსხვავებები, რომლებზეც ასევე საჭიროა ლაპარაკი. ცივი ომის დროს მხარეებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კონტაქტები გრძელდებოდა. და მე სწორად მივიჩნიე, სწორედ ახლა მეცადა გამომენახა პირველი შესაძლებლობა ასეთი დიალოგისთვის“, - განაცხადა ვადეფულმა.

როგორც გერმანიის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბრისას მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ესკალაცია, დაასრულოს ომი უკრაინაში, ასევე თავდასხმები დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ. ვადეფულის თქმით, მან ახსენა უპილოტო საფრენი აპარატების ინციდენტი ლაიფციგის აეროპორტში, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება დივერსიის მცდელობად მიიჩნევს და რომელზე პასუხისმგებლობასაც რუსეთს აკისრებს, და აღნიშნა, რომ ეს იყო „წითელი ხაზის გადაკვეთა“ და რომ გერმანია უპასუხებს ასეთ ქმედებებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის თქმით, მან ვერ დაინახა რუსეთის დელეგაციის მხრიდან მზადყოფნა, ყურად იღოს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეხვედრა 20 წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა, განიხილეს უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაცია და ორმხრივი ურთიერთობები. „ვადეფულმა დაადასტურა გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომელიც არაერთხელ გადმოცემულა საჯაროდ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

გენასამბლეის სესიაში თავისი მონაწილეობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ვადეფული შეხვედრისას გამოვიდა მოწოდებით, „წავიდეთ დათმობებზე უკრაინის ფრონტზე, უზრუნველვყოთ შეთანხმება შავი ზღვის რეგიონზე, რათა იქ უპრობლემოდ იმოძრაონ ტანკერებმა და მშრალი ტვირთის გემებმა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დე ფაქტო უარყო ეს ინიციატივა. მან ასევე უარყო გერმანიის ბრალდებები ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონის გაშვებასთან კავშირის შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ვადეფულისა და ლავროვის შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა გერმანელ კოლეგას. მან თქვა, რომ ვადეფულმა მიაწოდა ინფორმაცია ლავროვთან თავისი საუბრის შედეგების შესახებ. „მინისტრ ვადეფულის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მან რუსულ მხარეს მიაწოდა ჩვენი მტკიცე საერთო პოზიციები: დაჟინებული მოთხოვნა, რომ მოსკოვმა შეწყვიტოს ომი, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება და გაფრთხილება ევროპის წინააღმდეგ შემდგომი მტრული ქმედებების შესახებ“, - განაცხადა სიბიჰამ.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG