Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

წარმომადგენლობის თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.

“27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ რჩება.

პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას და ვფიქრობთ მათზე, ვინც დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას”, - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

27 სექტემბერს, დილიდან გაავრცელეს განცხადებები საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

14 აგვისტოსვე ქართულ სამხედრო შენაერთებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და სოხუმში მოხდა. რამდენიმე დღეში საქართველოს სამთავრობო ძალებმა სოხუმზე კონტროლი დაამყარეს. დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებს რუსული სამხედრო ძალები და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული მებრძოლები უჭერდნენ მხარს.

ომის განმავლობაში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენჯერმე მიაღწიეს შეთანხმებას. ბოლო ასეთი შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს სოჭში გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე ქართულმა მხარემ სოხუმიდან მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო. 16-17 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განაახლა. მძიმე შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დარჩენილ ქალაქზე ბრძოლა 11 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG