Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდება გმირებს! აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი მტერია! - მსვლელობა თსუ-დან გმირთა მემორიალამდე

მსვლელობა თსუ-დან გმირთა მემორიალამდე, 27 სექტემბერი, 2026 წელი
მსვლელობა თსუ-დან გმირთა მემორიალამდე, 27 სექტემბერი, 2026 წელი

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა იმართება.

„27 სექტემბერი სოხუმის აღების დღეა - დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად, აფხაზეთში ერთწლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო“, - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.

მსვლელობის ორგანიზატორია აფხაზთა კრება. მსვლელობას უერთდებიან საპროტესტო ჯგუფებიც - “კულტურა დემოკრატიისთვის“, “დამკვირვებლები“, “მთა თავისუფლებისთვის“, “დაიცავი განათლება - სსუ“, “300 ქალი“, “თავისუფალი აუდიტორია“,“ერთი ხალხი - ერთი საქართველო” და “საფიხვნო”.

მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - “ახალი“, “დროა“, “გირჩი - მეტი თავისუფლება“, “ევროპული საქართველო“, “თავისუფლების მოედანი“, “ჯერ საქართველო“, “ფედერალისტები“ და “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”.

მსვლელობა თსუ-დან გმირთა მემორიალამდე, 27 სექტემბერი, 2026 წელი
მსვლელობა თსუ-დან გმირთა მემორიალამდე, 27 სექტემბერი, 2026 წელი

როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და მსხვერპლთა წინაშე პასუხისმგებლობა „მხოლოდ ხსოვნა არ არის“.

მათი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად საჭიროა ხელისუფლების შეცვლა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ძლიერი მოკავშირეების შეძენა და „თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაცია“.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

14 აგვისტოსვე ქართულ სამხედრო შენაერთებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და სოხუმში მოხდა. რამდენიმე დღეში საქართველოს სამთავრობო ძალებმა სოხუმზე კონტროლი დაამყარეს. დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებს რუსული სამხედრო ძალები და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული მებრძოლები უჭერდნენ მხარს.

ომის განმავლობაში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენჯერმე მიაღწიეს შეთანხმებას. ბოლო ასეთი შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს სოჭში გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე ქართულმა მხარემ სოხუმიდან მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო. 16-17 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განაახლა. მძიმე შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დარჩენილ ქალაქზე ბრძოლა 11 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG