მას მიაჩნია, რომ ახალი კანონი პრეზიდენტ ტრამპს პუტინთან მოლაპარაკებების ეფექტიან ბერკეტად გამოადგება:
„ეს ინსტრუმენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან პუტინს მხოლოდ ერთი რამის - ძალის ესმის. ის არ იცავს საზღვრებს, ის არ ინდობს მშვიდობიან მოსახლეობას და ის არასდროს იცავს პირობას“, - წერია სენატორის მიმართვაში, რომელიც რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას წყარომ გაუზიარა.
როჯერ უიკერი აშშ-ის პრეზიდენტს შეახსენებს, რომ ახალი კანონი ფარავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის საბანკო ანგარიშებსაც - „თანხებს, რომლებიც მას სჭირდება უკანონო, არაპროვოცირებული ომის საწარმოებლად“.
რესპუბლიკელი სენატორი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპს მიმართავს:
„როცა ამერიკელები რუსეთის ლიდერთან იჭერენ საქმეს, კარგად უნდა ესმოდეთ მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი ამ კაცის ხასიათი. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი სისხლის ღვრის გაგრძელებაზე. სინამდვილეში, მისი მეოთხედსაუკუნოვანი პრეზიდენტობა ძალადობის ტენდენციით ხასიათდება. ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, პუტინი მუშაობს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არ იყვნენ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოები და ამას აკეთებს მილიონობით სიცოცხლის ფასად“.
როჯერ უიკერი წერს საქართველოსა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილებაზეც:
“2003 წელს საქართველომ გადამჭრელად მისცა ხმა დასავლურ სახელმწიფოსა და ღირებულებებს. პუტინი განრისხებული იყო. მან ხუთი წელი მოახმარა სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრისთვის მიზეზების შეთითხნას. 2008 წელს მან ეს გააკეთა. დღემდე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწის 20%. პუტინი აგრეთვე სჯის სომხეთს, საქართველოს სამხრეთ მეზობელს, ყოველ ჯერზე, როცა კი ამ ქვეყნის ლიდერები დგამენ ნაბიჯს ევროპისკენ. მაისში ის სომხეთს დაემუქრა “უკრაინის სცენარით", თუკი ის თავისუფალ სამყაროსთან პარტნიორობას დაამყარებს. ამის მსგავსად პუტინმა იძალადა მოლდოვაზე, ესტონეთზე, ლიეტუვასა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებზე”.
სენატორი პრეზიდენტს შეახსენებს პუტინის სისასტიკეს:
“მან შეუკვეთა ჟურნალისტების, მამხილებლების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მკვლელობები. მისმა არმიამ დახოცა ევანგელისტური ეკლესიის ათეულობით სასულიერო პირი უკრაინაში და მათი ეკლესიები საბრძოლო მასალის საწყობებად აქცია. ომის დაწყების შემდეგ, პუტინის ზედამხედველობით გაიტაცეს 20 ათასი ბავშვი. მისი ხალხი ეძებს ყველაზე დაუცველ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებსა და ღარიბებს. მათ გზავნიან გადამზადების ბანაკებში. ზოგჯერ ამ უკრაინელ ბავშვებს რუსეთის კადეტთა სკოლაში რიცხავენ, ასწავლიან სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას“.
როჯერ უიკერი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პრეზიდენტის აგდებულ დამოკიდებულებაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ:
„იმ დროს როცა რუსეთი აფართოებს დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა. პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნისგან საჯარო შოუს აწყობს. შემდეგ ბომბავს უკრაინის ქალაქებს ან ირანს აძლევს სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცების დასაბომბად გამოიყენება. ის აბუჩად იგდებს სამშვიდობო პროცესს“, - წერს რესპუბლიკელი სენატორი და მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებებისადმი დამოკიდებულების შევლა შესაძლებელია, “თუკი საფრთხე დაემუქრება მის საბანკო ანგარიშებს“.
უიკერი ჩამოთვლის იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც „ლინდსი გრემის აქტი“ აძლევს აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც „შეუძლია პუტინს, მის ხელშემწყობებსა და რუსეთის იარაღის წარმოების მხარდამჭერ კომპანიებს დამატებით დაუწესოს ფინანსური შეზღუდვები - გაურთულოს მათ გლობალურ ეკონომიკაში მონაწილეობა. პრეზიდენტს შეუძლია დაასანქციროს რუსეთის ენერგორესურსების უდიდესი მომხმარებლები, რომლებიც პუტინის მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. და მას აქვს ახალი ინსტრუმენტები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაჩერებლად.
ეს ძლიერი ვარიანტებია, ისეთი ენით დაწერილი, რომლის გაგება ომის დამნაშავე პუტინსაც შეუძლია. მშვიდობა მოვა ამერიკისა და უკრაინის ძლიერებით - არა პუტინის კეთილი ნებით. მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს სრული ძალით გამოიყენოს მისთვის მინიჭებული თითოეული ახალი უფლებამოსილება“.
22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ახსენა მის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონი და განაცხადა, რომ „თუ აუცილებელი იქნება, მე მათ გამოვიყენებ. დროა დასრულდეს კვლა“-ო.
დონალდ ტრამპმა “ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ ხელი მოაწერა 19 სექტემბერს - სამ დღეში მას შემდეგ, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ (262 მომხრე, 159 წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა კანონპროექტს - სენატში მისი მხარდაჭერიდან თითქმის თვე-ნახევრის შემდეგ.
კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთა შორის იყო რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც ივლისში, კიევში ვიზიტის შემდეგ მალე გარდაიცვალა. ახალ კანონს მისი ხსოვნის პატივსაცემად ეწოდა „ლინდსი გრემის აქტი“.
ფორუმი