კანონპროექტი ატარებს მისი ერთ-ერთი ავტორის, ახლახან გარდაცვლილი ლინდსი გრემის სახელს.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, დოკუმენტი ადასტურებს და აფართოებს სანქციებს, გადასახადებს და შეზღუდვებს რუსეთთან მიმართებით და ასევე ახანგრძლივებს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოქმედებას.
დოკუმენტის ხელმოწერა ნიშნავს მის ძალაში შესვლას. ტრამპს ამ კანონზე განცხადება არ გაუკეთებია.
კანონპროექტი პრეზიდენტს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას სანქციების დაწესების და გამკაცრების ჭრილში რუსეთის ხელმძღვანელობის, მსხვილი ბიზნესმენების, საწვავის და ენერგეტიკის სფეროს საწარმოების, ბანკების, ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ, ასევე გადასახადების დაწესების თვალსაზრისით. პრეზიდენტს ენიჭება უფლება შემოიღოს 100 პროცენტამდე ოდენობის გადასახადები რუსეთის ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორების, მათ შორის ინდოეთის და ჩინეთის საქონელზე. თუმცა პრეზიდენტს შეეძლება არ გამოიყენოს ეს უფლებამოსილება, ხოლო იმ შემთხვევებში, თუკი სანქციების შემოღება კანონითაა გათვალისწინებული, მას უფლება აქვს გამონაკლისები გამოაცხადოს.
ტრამპის მოთხოვნით კანონპროექტში ასევე ჩართეს ირანის წინააღმდეგ ზომები - მათ შორის უკვე მოქმედი ამერიკული სანქციების გახანგრძლივება.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დელი მზადაა გაატაროს აუცილებელი ზომები თავისი სავაჭრო და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად და ის გააგრძელებს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის მიწოდების დივერსიფიკაციით.
კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი მაშინ აცხადებდა, რომ ახალი სანქციები - თუკი მათ ტრამპი ხელს მოაწერდა - გაართულებდა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასასრულებელ ძალისხმევას.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა კანონის მიღებას. მან გაიხსენა სენატორ გრემის უკრაინაში ვიზიტები და მისი რწმენა, რომ აშშ-ს "საკმარისი ძალა აქვს დიქტატორებთან ბრძოლისთვის". ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს და კონგრესს და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის მუხლები მალე იქნება ხორცშესხმული.
ლინდსი გრემის კანონპროექტს კონგრესი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა. სენატმა ის დაამტკიცა უკვე გრემის სიკვდილის შემდეგ - აგვისტოში. ტრამპის ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის ბოლო ვერსიის მომზადებაში. წარმომადგენელთა პალატამ ის მიმდინარე კვირაში დაამტკიცა - კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის 262-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 159.
დემოკრატების უმრავლესობამ ხმა მისცა კანონპროექტის წინააღმდეგ - და ეს იმ არგუმენტით ახსნა, რომ ისინი მხარს უჭერენ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, მაგრამ არ ეთანხმებიან ტრამპისთვის გადასახადების შემოღებაზე ფართო უფლებამოსილების მინიჭებას.
ფორუმი