ლაბორატორიული ნიმუშები აიღეს სხვადასხვა პროდუქტიდან:
- ხილ-ბოსტნეული;
- რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
- ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
- მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
„კვლევა ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)“, - აცხადებენ უწყებაში.
სააღმზრდელო პროცესის დაწყების პირველივე კვირა
2026 წლის 18 სექტემბერს, საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების მეოთხე დღეს, კლინიკებში ათობით ბავშვი შეიყვანეს სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოგვიანებით თქვა, მიმართვიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.
იმავე დღეს „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“ შვიდმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები არ მიიღო.
საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოთხ ბაგა-ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე გამოიკითხა 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
19 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მტკიცებით იმის თქმა, პრობლემა საკვებმა გამოიწვია თუ არა, ნაადრევი იყო და შესაბამისი სამსახურების კვლევის შედეგებს უნდა დალოდებოდნენ.
20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების ძირითადი მიზეზი, დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.
NCDC-ს განცხადებით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, კვლევაში პირველივე ეტაპზე ჩაერთნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც.
ფორუმი