Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიზელი ერთ წელიწადში 54%-ით გაძვირდა, ბენზინი 30%-ით - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 5,6% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ფასები 0,4%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიხედვით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის ჯგუფმა მოახდინა. ამ ჯგუფში ფასები ერთ წელიწადში 18,7%-ით გაიზარდა, მათ შორის პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 25,8%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 14,9%-ით გაძვირდა.

საქსტატის დეტალური მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით დიზელის საწვავი 54,5%-ით, ხოლო ბენზინი 30,2%-ით გაძვირდა.

ცალკეული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის მაჩვენებლებს შორისაა:

  • გაზეთები - 63,3%
  • დიზელის საწვავი - 54,5%
  • თვითმფრინავით მგზავრობა - 40,2%
  • ხახვი - 36,1%
  • პომიდორი - 35,4%
  • 958 სინჯის ოქროს ქორწინების ბეჭედი - 31,2%
  • ბენზინი - 30,2%
  • ჟურნალები- 30,1%
  • ავტომობილის შეკეთება - 26%
  • ელექტროენერგიის გადასახდელი - 25%
  • შებოლილი თევზი - 21%
  • გაყინული თევზი - 20,9%
  • ძროხის ხორცი - 17,6%
  • ქათმის ხორცი - 16,1%
  • ახალი თევზი - 15,9%

ამავე პერიოდში რიგი პროდუქტები და მომსახურება გაიაფდა. ყველაზე მეტად, 39,1%-ით, კიტრის ფასი შემცირდა. ქლიავი 38,6%-ით, ლიმონი 32,4%-ით, ნიორი 27,3%-ით, ატამი 24,9%-ით, საზამთრო კი 23,4%-ით გაიაფდა.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 3,4%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული - 18,1%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9%-ით, პური და პურპროდუქტები - 6,9%-ით. ამავე დროს, ხილი და ყურძენი საშუალოდ 4,3%-ით გაიაფდა.

განათლების ჯგუფში ფასები წლიურად 12,5%-ით შემცირდა, რაც ძირითადად უმაღლესი განათლების 32,9%-ით გაიაფებამ განაპირობა.

გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს - ევროპულთან შედარებით - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მიმდინარე წლის თებერვალში კი შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის ხელმძღვანელი იყო შოთა ბერეკაშვილი. კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა, შეხვდა ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს.

პირველ მაისს კომისიის თავმჯდომარემ, მილიონერმა დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ პროდუქტების სიძვირის მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტიანობაა.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG