Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე ელჩად დაინიშნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში

ფოტო არქივიდან: ზურაბ აბაშიძე
ფოტო არქივიდან: ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე დაინიშნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძის დიპლომატიური კარიერა

ზურაბ აბაშიძე წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; ასევე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.


2012–2024 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში; 2024–2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

ზურაბ აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

„აბაშიძე–კარასინის ფორმატი“ - კარიერის მთავარი პოლიტიკური ეპიზოდი

2012 წლიდან ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იყო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამ პოზიციაზე მისი მთავარი საქმიანობა იყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან პირდაპირი, არაფორმალური დიალოგი, ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

„აბაშიძე-კარასინის ფორმატი“ არაფორმალური სახელია. ფორმალურ საუბრებში მას „პრაღის ფორმატს“ უწოდებენ. შეხვედრები ჩეხეთის დედაქალაქში იმართებოდა.

ფორმატის ფარგლებში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მიღმა არსებული საკითხები, მათ შორის ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული საკითხები. აბაშიძის განმარტებით, ფორმატის მიზანს წარმოადგენდა დაძაბულობის შემცირება ქვეყნებს შორის.

ამავდროულად აბაშიძე ამ შეხვედრებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსაც აყენებდა. მაგალითად, 2020 წელს ამბობდა, რომ კარასინთან საუბრისას შეეხო „ბორდერიზაციას“, გადაადგილების შეზღუდვასა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება

მის საქმიანობას უკავშირდება ასევე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2019 წელს "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით დააკავა, მას „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

ზურაბ აბაშიძე მაშინ აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლებისთვის გამოიყენეს საერთაშორისო კონტაქტები, დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, პრაღისა და ჟენევის ფორმატები.


2023 წლის ფარული სატელეფონო ჩანაწერის ამბავი

კიდევ ერთი გახმაურებული ეპიზოდია აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც 2023 წელს გავრცელდა.

2023 წლის 1 თებერვალს Cyber Kmara-ს იუტუბ-არხზე გავრცელდა აბაშიძისა და კარასინის საუბარი. ჩანაწერის მიხედვით, აბაშიძე კარასინთან საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხებს განიხილავდა. აბაშიძემ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობა დაადასტურა და იკითხა: „სასკანდალო რა არის?“

ამ თემაზე აბაშიძემ ასევე უარყო მოსკოვში რაიმე ფარული მოლაპარაკებების არსებობა და თქვა, რომ შეხვედრები „პრაღის ფორმატში“ საჯაროდ მიმდინარეობდა.

  • მეორე ჩანაწერიც ამავე არხზე გავრცელდა 2023 წლის 14 ივნისს; აბაშიძე ტელეფონით ესაუბრება ჩაიკოვსკის ფონდის დამფუძნებელს, მარკ ზილბერკვიტსა და ტელეწამყვან ვლადიმირ პოზნერს. ეს საუბრები 2021 წლით თარიღდება, მას შემდეგ, რაც პოზნერმა თბილისში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა მწვავე პროტესტის გამო ვერ შეძლო.


ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძემ აქციის მონაწილეები „ნაცისტებად“, „ზონდერებად“ და „დაფინანსებულ პროვოკატორებად“ მოიხსენია.
აბაშიძემ მოგვიანებით რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჩანაწერი „უკანონოდ“ არის მოპოვებული, ანუ ნამდვილი, თუმცა „დამონტაჟებული“ და „დამახინჯებულია“.

  • კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე გავრცელდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 კვირაში, 2022 წლის მარტში, კარასინი აბაშიძეს საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობაზე ესაუბრა. აბაშიძე ეთანხმება კარასინს, რომ კავშირების აღდგენამდე „საჭიროა, ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება“.

რუსეთთან პირდაპირი ფრენები 2023 წლის გაზაფხულზე აღდგა.

2024 წელი, სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დატოვება


2024 წლის მარტში აბაშიძემ შეაჯამა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობის პერიოდი. ამის შემდეგ ის პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე გადავიდა.

ზურაბ აბაშიძემ გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ფორმატის შექმნის მიზანი იყო „მაღალი დაძაბულობის ხარისხის შემცირება“.

ფორმატის ერთ-ერთ წარმატებად დაასახელა:

  • 2008 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში;
  • რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში „დისბალანსის დაძლევა“ - ემბარგოს შემდეგ ასიმეტრიული ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების დაახლოება.

ანალიტიკოსების ნაწილს "აბაშიძე-კარასინის ფორმატის" მიმართ იმთავითვე ჰქონდა სკეპტიკური განწყობა.

ზურაბ აბაშიძე თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, ის 4 წლის განმავლობაში მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად მუშაობდა.

ქაჯაიამ პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა. "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ქაჯაიამ „სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG