გიორგი დავითაძე არის მსჯავრდადებული, რომელიც რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, - რასაც უწყება უარყოფს.
რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი ადვოკატი ეუბნება, რომ არც მას გამოატანეს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრისას თაბახის ფურცელზე გაკეთებული ჩანაწერები.
საუბარია პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეზე, რომელზეც, ადვოკატის ცნობით, ასევე დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ იძალადეს და ბათუმში გადაიყვანეს.
რა მოხდა ადვოკატთან
7 ოქტომბერს საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძეს შეხვდა.
- შეხვედრა უკავშირდებოდა დავითაძის განცხადებებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო გაუპატიურების შესახებ.
- ადვოკატმა შეხვედრის დროს გააკეთა ჩანაწერები - წერილობით.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, მას ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს.
- ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში დაწესებულებაში დააყოვნეს.
- საბოლოოდ, მას ჩანაწერების დახევა მოუხდა, - რის შემდეგაც დატოვა დაწესებულება.
- საია ამას აფასებს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევად და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების ხელშეშლად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთი ადვოკატი ანა აკოფოვა ამბობს, რომ 5 ოქტომბერს არც მას გამოატანეს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები, - თუმცა საბოლოოდ, პროტესტის შემდეგ, თაბახის ფურცელი ფოსტით მეორე დღეს გაუგზავნეს.
ადვოკატი ანა აკოფოვა იცავს ლაშა ჩაჩანიძის ინტერესებს:
- ჩაჩანიძეც, დავითაძის მსგავსად, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს;
- ის შაბათს, 3 სექტემბერს ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, - აკოფოვას ცნობით, სხვა პატიმრებთან ერთად;
- ადვოკატის თანახმადვე, ჩაჩანიძე ამბობს, რომ მასზე იძალადეს, რისი საფუძველიც მისი მხრიდან დავითაძის საქმის გამო პროტესტი იყო, - რასაც პენიტენციური უარყოფს.
„როდესაც 5 ოქტომბერს ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ჩაჩანიძესთან ვიზიტზე შევდიოდი, ბლოკნოტი არ შემატანინეს“, - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას 7 ოქტომბერს.
„ბოლოს, პროტესტი რომ გამოვთქვი, ფურცელს მოგცემთო. კარგი მეთქი. მერე რომ გავაკეთე ჩანაწერი თაბახის ფურცელზე, აღარ გამომატანეს“, - ამბობს ანა აკოფოვა.
მისი თქმით, თაბახის ფურცელზე ჩაიწერა იმ ადამიანების ვინაობა, ვის შესახებაც ლაშა ჩაჩანიძემ უამბო და „იყვნენ გადმოყვანილები და ნაცემები“, ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები.
„რომ არ გამომატანეს, რა თქმა უნდა, გავაპროტესტე. შემდეგ დავწერე განცახდება, გამოვითხოვე ეს ფურცელი. მეორე დღეს მომივიდა ჩემი ჩანაწერები ფოსტით“, - ამბობს ის.
მისი თქმით, მან მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ომბუდსმენიც და ადვოკატთა ასოციაციაც, - „რომელთაც დაიწყეს რეაგირება და გამოითხოვეს ინფორმაცია“.
ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ კანონმდებლობა მსგავს რამეს არ ითვალისწინებს და ეს საქმიანობაში ხელშეშშლაა:
„არსებობს მესამე პენიტენციური დაწესებულების მე-3 დებულება, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც ცალკე არეგულირებს ადვოკატის შხვედრას პატიმართან, - არცერთ დოკუმენტში არ წერია, რომ ადვოკატს არ აქვს უფლება ჩანაწერის გაკეთების და გამოტანის“.
„საგანგაშოა“ - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით.
„ეს გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება“, - წერს ორგანიზაცია.
„შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს“, - აცხადებენ საიაში.
„მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ“, - აცხადებს ორგანიზაცია.
გიორგი დავითაძის საქმე - მოკლედ
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- პენიტენციური სამსახური „გაუპატიურებას“ კატეგორიულად უარყოფს.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს.
- სახალხო დამცველის თქმით, გავრცელებულ მასალაში ფიზიკური ძალადობის მტკიცებულება ვერ ნახეს.
- 5 ოქტომბერს კითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი, იოსელიანმა თქვა: „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა ციხესთან აქცია გამართეს და ვიდეოს სრული, მათ შორის ხმიანი, ვერსიის გასაჯაროება მოითხოვეს.
- დავითაძის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ №6 დაწესებულებაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
- იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას არ ითვალისწინებს და დავითაძის „დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენა“ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის მცდელობაა.
- 7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დავითაძის საქმეზე „სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი“, „სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი“.
ფორუმი