რუსეთში გადაცემიდან რამდენიმე დღეში, 2 ოქტომბერს, პუშკარევი სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. რუსული მხარის ვერსიით, პატიმარმა გაქცევა სცადა, ბადრაგს იარაღი წაართვა და ცეცხლი გაუხსნა.
გიორგი კონდახიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოფიციალური ვერსიის გარემოებებზე შეკითხვებს სვამს და აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს.
ადვოკატის თქმით, ექსტრადიციამდე პუშკარევი ამტკიცებდა, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაყალბებული იყო. ის ასევე საუბრობდა სამართალდამცავების მხრიდან წარსულში ძალადობასა და რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში იძულებითი მობილიზაციის საფრთხეზე.
რა მოხდა რუსეთში? ოფიციალური ვერსია
შემთხვევა 2 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მურტაზოვოს სარკინიგზო სადგურის რაიონში მოხდა.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, პუშკარევი სხვა პატიმრებთან ერთად სპეციალური ვაგონით ვლადიკავკაზიდან ადლერის მიმართულებით გადაჰყავდათ.
უწყების ვერსიით, პატიმარმა ბადრაგის თანამშრომელს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთი თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. პუშკარევი საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს.
7 ოქტომბერს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც 2 ოქტომბერს დაიჭრა. ამგვარად, რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევას ბადრაგის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რას ამბობს ადვოკატი? „საკმაოდ უცნაური სიტუაციაა“
გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს მომხდარის შესახებ მხოლოდ რუსეთის ოფიციალური უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აქვს.
მისი თქმით, პუშკარევის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ რუსეთში გადაყვანის შემდეგ პატიმარზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს.
„ოჯახის წევრები აჟღერებენ ვარაუდს, რომ მას შემდეგ, რაც პუშკარევი გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, მასთან მიმართებით განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება პოლიციელების მხრიდან“, - ამბობს ადვოკატი.
კონდახიშვილს შეკითხვები აქვს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებითაც.
„როგორ მოხდა, რა ვითარებაში მოხდა, როგორ შეძლო ამ ერთმა პირმა, მაგალითად, იარაღის წართმევა და ამხელა მსხვერპლის გამოწვევა? საკმაოდ უცნაური სიტუაციაა”, - ამბობს ის.
ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე რუსული ვერსიის დამადასტურებელი ან გამომრიცხველი დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია.
„სიცოცხლის მოსპობის რისკზე პირდაპირ მივუთითეთ“
გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა პუშკარევის რუსეთში ექსტრადირებას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენდა.
„ჩვენ პირველივე დღიდან დაკავებისა, როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში წარვადგინეთ არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება იმ სავარაუდო რისკებთან დაკავშირებით, რომლებზეც აცხადებდა ბრალდებული“, - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, პუშკარევი საქართველოს სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს უყვებოდა, რომ რუსეთში წარსულში სერიოზული პრობლემები ჰქონდა სამართალდამცველებთან, მათ შორის, იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევაც, რის გამოც საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.
კონდახიშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ სასამართლოს ამ გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც წარუდგინა, მათ შორის, ინფორმაცია პუშკარევის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.
ადვოკატის თქმით, პუშკარევი ასევე მიუთითებდა უკრაინულ წარმომავლობაზე და შიშობდა, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა იძულებით გაეწვიათ სამხედრო სამსახურში.
„პირდაპირ მივუთითეთ ჩვენ სიცოცხლის მოსპობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის რისკზე, როგორც პროკურატურაში, ასევე ორივე ინსტანციის სასამართლოში“, - აცხადებს კონდახიშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად წარდგენილი არგუმენტებისა, სასამართლოებმა ექსტრადიცია დასაშვებად მიიჩნიეს, საბოლოოდ კი შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ მიიღო.
ადვოკატი განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს ადამიანის რუსეთში გადაცემას იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია აღარ ექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციას ახალ დარღვევებზე და იქ ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი საერთაშორისო მონიტორინგის შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდულია.
„აქ არ არის საუბარი, კონკრეტულად რა კვალიფიკაციით ედება ბრალი ადამიანს, აქ არის საუბარი იმაზე, რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ელემენტარული გარანტირებული უფლებები, რომელიც არის წამების აკრძალვა, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, სიცოცხლის უფლება და ასე შემდეგ“, - ამბობს ადვოკატი.
მისი შეფასებით, პუშკარევის შემთხვევამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რისკების გათვალისწინება რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილების მიღებისას.
ადვოკატმა პროკურატურას მიმართა
გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, მან უკვე ოფიციალურად მიმართა საქართველოს პროკურატურას და რუსეთის შესაბამისი უწყებებიდან პუშკარევის გარდაცვალების გარემოებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა.
დაცვის მხარეს სურს გაიგოს, რა მოხდა პატიმრის რუსეთში გადაყვანის შემდეგ, ჰქონდა თუ არა მას სხეულსა და სახეზე დაზიანებები და რა გარემოებებში დაიღუპა.
ადვოკატის განცხადებით, რუსეთმა ექსტრადიციამდე საქართველოს პუშკარევის უფლებების დაცვის შესახებ გარანტიები წარუდგინა.
„რუსეთმაც გადმოაგზავნა (დოკუმენტი), რომ ყველანაირი უფლებები იქნება გარანტირებული, თუმცაღა ფაქტია, რომ ადამიანი გადაცემიდან ერთ კვირაში არის გარდაცვლილი“, - ამბობს კონდახიშვილი.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მხოლოდ ექსტრადიციის განხორციელებით არ ამოიწურება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ქართულმა მხარემ უნდა გაარკვიოს, რამდენად შესრულდა რუსეთის მიერ გაცემული გარანტიები.
საქმე პუშკარევისა და ფედუნოვის წინააღმდეგ
საქართველომ 24 სექტემბერს რუსეთს დმიტრი პუშკარევთან ერთად კორნეი ფედუნოვიც გადასცა. ორივე მათგანს რუსეთში ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნასა და ნარკოდანაშაულებს ედავებოდნენ.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, 2023 წელს პუშკარევმა ნარკოტიკული საშუალებების დიდი პარტია შეიძინა, რომელიც მაგადანში ჩაიტანეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ფედუნოვმა და სხვა პირებმა ნარკოტიკები გასაღების მიზნით დამხმარე შენობაში განათავსეს.
რუსული გამოძიების ცნობით, 2024 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბრალდებულები და მათი თანამზრახველები მაგადანის ოლქში, რძის ფერმის ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველ მცენარეებს ზრდიდნენ.
რუსეთის გენერალური პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ პუშკარევი მართავდა ნარკოტიკების გასაღებისთვის განკუთვნილ ინტერნეტმაღაზიას და 2024 წლის იანვარში სამალავის საშუალებით თანამზრახველს 1,3 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა.
ამ ბრალდებების საფუძველზე რუსეთის სასამართლომ ორივე მათგანს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა და საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
რას ამბობდნენ თავად ბრალდებულები?
გიორგი კონდახიშვილის თქმით, პუშკარევი და ფედუნოვი ბრალდებებს უარყოფდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაყალბებული იყო.
ადვოკატი აცხადებს, რომ მსგავსი საქმეების გამოყენება რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში იძულებით დასაბრუნებლად გავრცელებული პრაქტიკაა. მისი შეფასებით, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა უკრაინაში ომისა და რუსეთში შესაძლო ახალი მობილიზაციის ფონზე.
„მათივე განმარტებით, ეს აბსოლუტურად მოგონილი ბრალდება იყო, არაფერი საფუძველი არ ჰქონდა“, - აცხადებს ადვოკატი.
თუმცა კონდახიშვილი აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის საკითხის განხილვისას მთავარი მხოლოდ წარდგენილი ბრალდების შინაარსი არ არის. მისი თქმით, ქართულ უწყებებს უპირველესად უნდა შეეფასებინათ, არსებობდა თუ არა რუსეთში პუშკარევის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის რეალური გარანტიები.
დაკავება საქართველოში და ექსტრადიციის პროცესი
გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დმიტრი პუშკარევი საქართველოში 2025 წლის დეკემბერში დააკავეს.
ადვოკატის თქმით, დაკავებამდე ის დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. პუშკარევს მიმართული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის და საერთაშორისო დაცვას ითხოვდა.
რუსეთის მიერ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შემდეგ საქმე საქართველოს სასამართლოებში განიხილებოდა. საექსტრადიციო საქმის გარდა, მიმდინარეობდა საერთაშორისო დაცვის საკითხის განხილვაც. ადვოკატის თქმით, პუშკარევის რუსეთში გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე სააპელაციო სასამართლომაც უარი თქვა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.
„ფორსირებული მეთოდით გადასცეს რუსეთის ფედერაციას“, - ამბობს კონდახიშვილი.
24 სექტემბერს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახულია პუშკარევისა და ფედუნოვის გადაცემა ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
რადიო თავისუფლება შეეცადა დაჰკავშირებოდა პუშკარევის საქართველოში მყოფ ცოლს, თუმცა ის ამ ეტაპზე მომხდარზე საუბრისგან თავს იკავებს.
საქართველოს პროკურატურას ან სხვა სახელმწიფო უწყებებს პუშკარევის ექსტრადიციისა და რუსეთში მისი გარდაცვალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
უფლებადამცველები რუსეთში ექსტრადიციების შეჩერებას ითხოვენ
პუშკარევის მკვლელობის შემდეგ უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთისთვის პატიმრების გადაცემის პრაქტიკის განახლება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მკაცრად შეუსაბამოა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წელს ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შემდეგ საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში ექსტრადიციებს არ ახორციელებდა, თუმცა 2026 წელს ეს პრაქტიკა განახლდა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ პუშკარევის სიკვდილი თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველომ მისი ექსტრადირებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია. ამასთან, მომხდარი აჩენს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად სრულყოფილად შეაფასეს ქართულმა უწყებებმა რუსეთში მის მიმართ არსებული საფრთხეები, რა გარანტიები მიიღეს რუსეთისგან და არსებობდა თუ არა მათი შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი.
2026 წელს რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებ-საიტზე პუშკარევისა და ფედუნოვის გარდა, საქართველოდან რუსეთში კიდევ რამდენიმე ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია.
სექტემბერში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის ექსტრადიცია. თუმცა 29 სექტემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს მისი გადაცემის შეჩერება მოსთხოვა საქმის განხილვის დასრულებამდე. 1 ოქტომბერს ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ფორუმი