Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებული საკვების ნიმუშების გამოკვლევა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილია ყველა - 694 ნიმუშის - კვლევის შედეგი და ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.

რა მოხდა თბილისის საბავშვო ბაღებში

2026 წლის 18 სექტემბერს, საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების მეოთხე დღეს, კლინიკებში ათობით ბავშვი შეიყვანეს, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის ნიშნებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოგვიანებით თქვა, მიმართვიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.

20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების ძირითადი მიზეზი, დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

რა დაასკვნა სურსათის სააგენტომ გამოკვლევის საფუძველზე

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები.

ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:

  • ხილ-ბოსტნეული;
  • რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
  • ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
  • მარცვლეული;
  • მზა კერძები;
  • სასმელი წყალი.

"საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა", - აცხადებს სააგენტო.

"კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ვერსია - ინტოქსიკაცია საკვებით და ბაქტერიული ინფექცია

ბავშვების მასობრივი ავადობის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 სექტემბერს გავრცელდა.

იმ დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ და მათ ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო და გამომძიებლები მუშაობდნენ ოთხ ბაღსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. პროცესში ჩართული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოც.

იმავე დღეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, შვიდ საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან დროებით ამოიღეს რძის ნაწარმი.

28 სექტემბრიდან ყველა საბავშვო ბაღში აღდგა სწავლა და დაბრუნდა "ჩვეული მენიუ".

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG