„მწვანე კობრა“(1987, გფრ, რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი)
18 ოქტომბერს კინოს მოყვარულები კლაუს კინსკის გაიხსენებენ - 100 წელი გავიდა დიდი მსახიობის დაბადებიდან. „კინოს მოყვარულები“... კი, რა თქმა უნდა. თუმცა მეეჭვება, ეს თარიღი აღნიშნონ მათ, ვინც ახლოს იცნობდა კინსკის, ვისაც მასთან უმუშავია და, მით უმეტეს, ვინც მისი ოჯახის წევრად ითვლება.
მაგალითად, კლაუს კინსკის და მისი ქალიშვილის, მსახიობ ნასტასია კინსკის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, ფსიქოლოგიურად დამანგრეველი ეპიზოდია კინოს ისტორიაში. ნასტასია იხსენებდა, რომ მამამისის მხრიდან მუდმივი შიშისა და ტერორის პირობებში ცხოვრობდა. 1991 წელს კლაუს კინსკის გარდაცვალებას ნასტასია კინსკი ასე გამოეხმაურა: „მე არ ვგლოვობ მის სიკვდილს, რადგანაც მისი წასვლით დასრულდა ჩემი და დედაჩემის ცხოვრება ტერორსა და შიშში“.
წლების განმავლობაში ნასტასია მამაზე საუბარს ერიდებოდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 2013 წელს, როდესაც კლაუსის უფროსმა ქალიშვილმა, პოლა კინსკიმ, გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც იგონებდა, თუ როგორ ძალადობდა მასზე მამამისი. ამ აღიარების შემდეგ ნასტასია კინსკიმ მხარი დაუჭირა თავის ნახევარდას და განაცხადა, რომ კლაუსი მასზეც ცდილობდა სექსუალურ ძალადობას.
საეჭვოა, კლაუს კინსკის დაბადების 100 წლისთავს საზეიმო თარიღად მიიჩნევდეს ვერნერ ჰერცოგი, რომელსაც კინსკისთან თანამშრომლობის შესახებ წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზეც ჰკითხეს. ჰერცოგი კითხვაზე პასუხის გაცემას გაექცა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კინოს ცოცხალმა კლასიკოსმა თავისი საუკეთესო ფილმები სწორედ კლაუს კინსკის მონაწილეობით გადაიღო. მათი „ხუთფილმიანი თანამშრომლობა“ ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, თუმცა გენიალური შემოქმედებითი კავშირია.
ჰერცოგი, ალბათ, ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო კინსკის ქაოტური, დამანგრეველი ენერგიის მოთვინიერება და მისი გარდასახვა ეკრანულ ხელოვნებად. გადასაღებ მოედანზე ისინი ერთმანეთს მოკვლით ემუქრებოდნენ, თუმცა თავიანთ შედევრებს მხოლოდ ერთად ქმნიდნენ. თანაც - ესაა, ალბათ, მთავარი - ჰერცოგმა მოახერხა, აესახა კინსკის პერსონაჟებში თავად მსახიობის არაპროგნოზირებადი ბუნება - უკიდურესობებით სავსე, მანიაკალური და ეგზალტირებული.
ვერნერ ჰერცოგის ფილმებში კინსკის საფირმო ნიშანი იყო მზერა - ფართოდ გახელილი, შეშლილი თვალები, რომლებიც ერთდროულად გამოხატავდნენ შიშს, ძალადობის ვნებას და ღრმა შინაგან ტრაგედიას.
„მწვანე კობრა“ ჰერცოგის და კინსკის ბოლო ერთობლივი ნამუშევარია. ფილმს საფუძვლად უდევს ბრიუს ჩატვინის წიგნი „უაიდის ვიცე-მეფე“, რომელიც რეალური ისტორიული პერსონაჟის, ბრაზილიელი ყაჩაღის და მონებით მოვაჭრის, ფრანსისკო მანუელ და სილვას (მეტსახელად „მწვანე კობრას“) ბიოგრაფიაა.
ჰერცოგის ეს ფილმი ისეთი შედევრი არაა, როგორც „ფიცკერალდო“ და „აგირე, ღვთის რისხვა“, რომლებშიც მთავარი როლები კინსკიმ ითამაშა. მაგრამ „მწვანე კობრა“ სხვა მხრივაა მნიშვნელოვანი - კინსკის პერსონაჟი ერთგვარად თავს უყრის მთელ მის კარიერას და შეიძლება ყველაზე მეტად ჰგავს იმ კლაუს კინსკის, რომელსაც მსახიობის ქალიშვილები, თავად ვერნერ ჰერცოგი აღწერდნენ ხოლმე.
1999 წელს ჰერცოგმა დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა კინსკის, სახელწოდებით „ჩემი საუკეთესო მტერი“, რომელშიც „მწვანე კობრის“ გადაღების ისტორიას გვიამბობს. იხსენებს, მაგალითად, როგორ ემუქრებოდა კინსკი გადასაღებ მოედანზე, როგორ დაესხა თავს და როგორ აიძულა ოპერატორი თომას მაუჰი, უარი ეთქვა ფილმის გადაღებაზე.
„კლაუს კინსკის გმირი, ცინიკური, ბრუტალური ყაჩაღი, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია, ფაქტობრივად მსახიობის ორეულიაო“, ამბობდა ჰერცოგი. ამ თვალსაზრისით, ფილმის შესანიშნავი ფინალი, რომელიც ფიზიკურად და მენტალურად განადგურებულ „მწვანე კობრას“ გამოხატავს, ვერნერ ჰერცოგის თავისებური შურისძიებაცაა. კინსკის და ჰერცოგის უკანასკნელ ერთობლივ ფილმში გერმანელმა რეჟისორმა ფაქტობრივად გაანადგურა თავისი „საუკეთესო მტერი“.
ეს სცენა, რომელშიც სრულიად დეგრადირებული „კობრა“ დიდი ნავის გათრევას ცდილობს ოკეანეში, დღეს კინოხელოვნების კლასიკაა, ერთ-ერთი უძლიერესი მეტაფორა ადამიანის უსუსურობისა ბედისწერის წინაშე. ამავე დროს, ეს სცენა გამოხატავს ვერნერ ჰერცოგის მსოფლმხედველობას, მის, როგორც მოქალაქის და შემოქმედის, პოზიციას, არაერთხელ წარმოდგენილს გერმანელი რეჟისორის ფილმებში - ბუნება გულგრილია ადამიანის ამბიციების მიმართ. კოლონიზატორული პრეტენზიები, სუსტზე ძალადობის ვნება, ზოგადად, ძალაუფლების მოპოვების წყურვილი, რასიზმი - ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს.
კლაუს კინსკის დოკუმენტურ კინოპორტრეტში ვერნერ ჰერცოგი ამბობს, რომ მსახიობის რეალური შეშლილობა და აგრესია იყო საწვავი მისი ფილმისთვის. როდესაც ეკრანზე ვხედავთ, როგორ წვრთნის გაცოფებული კობრა ვერდე ამაზონელი ქალების არმიას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის თამაში, ეს არის რეალური კინსკი, რომლის ემოციების მართვას ჰერცოგი პროვოკაციებით ახერხებდა.
„მწვანე კობრამ“ ფიზიკურად და მენტალურად გამოფიტა კინსკი და დააჩქარა, ჰერცოგის სიტყვებით, „მისი ცხოვრების ფინალი“. ფილმის პრემიერიდან 4 წლის შემდეგ კინსკი კალიფორნიაში გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 65 წლის იყო. მისი ქალიშვილები დაკრძალვის ცერემონიას არ დასწრებიან. მამის ფერფლი წყნარ ოკეანეში მსახიობის ვაჟმა, ნიკოლაი კინსკიმ, გაფანტა. ძლიერი ქარის გამო, ცერემონიაში მონაწილეებს ფერფლი სახესა და თმაზე მოეფრქვათ.
ვერნერ ჰერცოგი მიიწვიეს, თუმცა კინსკისთან დამშვიდობების რიტუალს რეჟისორი არ დასწრებია. მოგვიანებით „მწვანე კობრის“ რეჟისორი იტყვის: „მან საკუთარი თავი ბოლომდე დახარჯა. კომეტასავით დაიწვა. ამის შემდეგ მისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა“.
ფერფლი და გენიალური კინოროლები.
ფილმის ორიგინალურ ვერსიას, ინგლისური სუბტიტრებით, ნახავთ აქ.
ფორუმი