ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის ჯარებმა დაკარგეს სატელიტური ინტერნეტის, Starlink-ის ტერმინალების გამოყენების შესაძლებლობა. ამის შესახებ BBC იტყობინება ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის კომპანია SpaceX-ს მოელაპარაკა Starlink-ის გათიშვაზე იმ ტერმინალებისთვის, რომლებიც უკრაინაში არ არის შეტანილი „თეთრ სიაში“. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ გამოერიცხათ ასეთი ტერმინალების გამოყენება რუსეთის არმიის მიერ.
რუსეთი ამ ტერმინალებს იყენებდა ფრონტზე კავშირის უზრუნველსაყოფად.
„ამ მომენტისთვის ამ კავშირის გაწყვეტამ რუსებს რთული ვითარება შეუქმნა მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით და ეს უთუოდ ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ამ ქვედანაყოფების მართვის უფრო შესამჩნევი და ტრადიციული საშუალებების გამოყენება,“ თქვა ნატოს წარმომადგენელმა.
„რა ალტერნატივაც უნდა მოიფიქრონ რუსებმა, ისინი, სავარაუდოდ, არ იქნება ასევე ეფექტიანი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას უთუოდ ვიხილავთ ბრძოლის ველზე. და ასე ვიტყვი: გარკვეულწილად ის წარმატება, რომელსაც უკრაინამ ახლახან მიაღწია ზაპოროჟიეში, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რუსეთის მიერ Starlink-ზე წვდომის დაკარგვასთან,“ დასძინა მან.
ფორუმი