გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. ჟურნალისტი საქმის განხილვას არ ესწრებოდა. სავარაუდოდ, მას პოლიცია მოგვიანებით დააკავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც წელს შსს-მ ვახო სანაიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაიწყო. მანამდე ჟურნალისტს უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6000-ლარიანი ჯარიმა.
გარდა ამისა, 2025 წლის ივნისში ჟურნალისტი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმეს. იმავე წლის 19 ოქტომბერს კი სანაია რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს. სასამართლომ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
რას ედავებოდა შსს ჟურნალისტს?
ვახო სანაიამ 1 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის საფუძველი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტი იყო.
პოსტებში ეწერა:
- 22 ივლისს, მის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე: „14 დღე **ეები არ დაუძახოთ შალვას [პაპუაშვილი] და ლადოს [ბოჟაძე], რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ საქმეს“;
- 5 აგვისტოს: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, **ეები არ დაუძახოთ მეთქი, დამაპატიმრეს...“;
- 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა, სათაურით „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ცენზურა დაამყაროს სოციალურ ქსელებში. საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების დაჯარიმება, დაკავება არის სხვებისთვის გზავნილი - მათ კარგად იციან, რომ ჩემი დაკავებით მე არ ვიტყვი უარს ჩემს გამოხატვის თავისუფლებაზე, დავწერ ისევ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი და მუდმივად გამოვხატავ ჩემს აზრს“, - უთხრა ვახო სანაიამ რადიო თავისუფლებას.
ჟურნალისტს ედავებოდნენ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173¹⁶-ე მუხლის დარღვევას, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 2500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 5-დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
თავდაპირველად საქმის განხილვა 6 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა სხდომა 19 ოქტომბრისთვის გადაიდო. 6 ოქტომბრის სხდომაზე არც სანაია და არც მისი ადვოკატი არ გამოცხადებულან. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტს ადვოკატი სავალდებულო წესით დაუნიშნა.
სანაია მანამდეც აცხადებდა, რომ ადვოკატის მომსახურების საჭიროებას ვერ ხედავდა და სასამართლო სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა.
წინა ორი საქმე
22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ვახო სანაია სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტისთვის:
„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.
მანამდე, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაია სამართალდამრღვევად ცნო და 6000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკსტატუსისთვის, რომელშიც ეწერა:
„ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
გამოხმაურება სანაიას წინა დაპატიმრებაზე
ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრება 23 ივლისს დაგმეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია).
რადიო თავისუფლებამ სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა აშშ-ის საელჩოსაც.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას 28 ივლისს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ საელჩოს გამოხმაურებას „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა.
„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ღიად შემიძლია ეს ყველაფერი ვთქვა... მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას და, სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული“, - თქვა მან.
ფორუმი