სომხეთის მთავრობას ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი აქვს არჩეული და წევრობის განაცხადის წარდგენას გეგმავს, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წამყვან ძალად მიჩნეული რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს.
რუსეთის მინისტრთა კაბინეტის საიტზე 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობების ერთობლივი მოხსენება „სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ 2014 წლის 29 მაისის ხელშეკრულების შეჩერების შესაძლო შედეგებზე“.
მათ, ფაქტობრივად, გასცეს სომხეთისთვის ორგანიზაციის წევრობის შეჩერების რეკომენდაცია.
რა წერია მოხსენებაში?
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის ერთობლივ სამთავრობო დოკუმენტში წერია, რომ 2024 წლის აგვისტოში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება დაიწყებს ევროკავშირში გასაწევრებლად ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს, თუმცა სომხეთის ევროკავშირში გაწევრების ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის შენარჩუნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება მხოლოდ ოფიციალურ მიმართვაზე ევროკავშირის შესაბამისი რეაქციისა და ე.წ. საგზაო რუკის მიღების შემდეგ.
შესაბამისად, კავშირის ოთხი წევრი ქვეყნის მთავრობების თანახმად, სომხეთი ევროკავშირში გაწევრების საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების პროცესში გეგმავს, შეინარჩუნოს სარგებელი და უპირატესობები, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობით აქვს:
„ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, სადაც ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში ერთიანი რეგულირება ხორციელდება, შექმნილი სიტუაცია იწვევს შეკითხვებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის შემდგომი ყოფნის სტატუსის შესახებ“.
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობები აცხადებენ, რომ უფლება აქვთ განიხილონ სომხეთის წევრობის შეჩერების საკითხი, რადგან სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება და 2025 წელს მიღებული შესაბამისი კანონი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ ეწინააღმდეგება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებას და სხვა წესებს და თუ სომხეთი ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად შეასრულებს, ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას და პირიქით.
სომხეთი შედეგებზეც გააფრთხილეს
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობათა ერთობლივ მოხსენებაში საუბარია შედეგებზე, რომლებსაც სომხეთისთვის გამოიწვევს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის შეჩერება.
მათ შორის სომხეთისთვის აღდგება საბაჟო და სრული სანიტარიული კონტროლი და საქონლის დაბეგვრა, შემცირდება ექსპორტ-იმპორტი, სომხეთის მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარი შეიზღუდება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი კი 15,6%-ით შემცირდება.
როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მთავრობას და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს ამ მოხსენებაზე მყისიერი რეაქცია არ ჰქონიათ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 21 ოქტომბერს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი ჯერ არ გასცნობია მოხსენებას სომხეთისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის შეჩერების შესაძლო შედეგების შესახებ.
სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის მარტში მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ავტომატურად გამოიწვევს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთქმედების შეწყვეტას და სომხეთი შესაბამის სარგებელს დაკარგავს. პუტინმა ერევანს არჩევანის გასაკეთებლად რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდა, რასაც მხარი დაუჭირეს ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის ლიდერებმაც.
მათ მთავრობებს დაავალეს, მოამზადონ ანგარიში სომხეთისთვის წევრობის შეჩერების შესაძლო შედეგებზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის ოფიციალურ განაცხადს წარადგენს.
ბოლო თვეებში რუსეთმა აკრძალა სომხეთში წარმოებული არაერთი პროდუქტის იმპორტი. ერევანი გააფრთხილეს რუსული გაზის მოსალოდნელი გაძვირების შესახებაც.
- რუსეთი სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
- სომხეთის მთავრობის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთზე მოდიოდა საერთო ბრუნვის 28%.
- ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 16,7% იყო.
- სომხეთი შედარებით შეღავათიან ფასად იღებს რუსულ ბუნებრივ გაზს
ფორუმი