Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა - ფაშინიანი ევრაზიულ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო შექმნილ ვითარებაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირების მორიგ მცდელობად აფასებს ვითარებას, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემოა შექმნილი.

ფაშინიანმა ერევანში 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კიდევ ოთხი წევრის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობების ერთობლივ მოხსენებაზე, რომელიც ეხება სომხეთისთვის წევრობის შესაძლო შეჩერებასა და მის შედეგებს.

  • სომხეთის მთავრობას ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი აქვს არჩეული და წევრობის განაცხადის წარდგენას გეგმავს, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წამყვან ძალად მიჩნეული რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს.

დესტაბილიზაციის მესამე მცდელობა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ გარკვეული ძალები როგორც სომხეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, ცდილობენ ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებული სიტუაცია გამოიყენონ სომხეთში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის პროვოცირებისთვის და ამის შედეგად კონტროლი დაამყარონ სომხეთის სახელმწიფოზე.

ფაშინიანის თანახმად, ეს დესტაბილიზაციის მესამე მცდელობაა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, პირველი ასეთი მცდელობა იყო 2023 წელს, როცა ყარაბაღში რუსი მშვიდობისდამცველების ყოფნის ფონზე ხალხის ნაკადი სომხეთისკენ მიმართეს და იყო მოწოდებები სომხეთში ხელისუფლების შეცვლისკენ, ხოლო მეორე - 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო იყო.

ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ახლა მზადდება მესამე მცდელობა, რომელიც ფარული გეგმის ნაწილია, არანაირი კავშირი ეკონომიკასთან არ აქვს და მხოლოდ პოლიტიკურია.

ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთის სახელმწიფო საკმაოდ მდგრადია და ამ ვითარებასაც დაძლევს.

გარიცხვის უფლება არ აქვთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებს ორგანიზაციიდან რომელიმე ქვეყნის გარიცხვის უფლება არ აქვთ.

ეს შეუძლიათ პოსტსაბჭოთა ქვეყნების კიდევ ერთი გაერთიანების, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებს. მათი შემადგენლობა პრაქტიკულად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მსგავსია.

ამიტომ, ნიკოლ ფაშინიანი დაინტერესდა, რატომ არ რიცხავენ სომხეთს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“.

რა წერია 4 ქვეყნის მთავრობათა ერთობლივ მოხსენებაში?

რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის ერთობლივ სამთავრობო დოკუმენტში, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობას ეხება, წერია, რომ 2024 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება დაიწყებს ევროკავშირში გასაწევრებლად ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს, თუმცა სომხეთის ევროკავშირში გაწევრების ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის შენარჩუნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება მხოლოდ ოფიციალურ მიმართვაზე ევროკავშირის შესაბამისი რეაქციისა და ე.წ. საგზაო რუკის მიღების შემდეგ.

შესაბამისად, კავშირის ოთხი წევრი ქვეყნის მთავრობების თანახმად, სომხეთი ევროკავშირში გაწევრების საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების პროცესში გეგმავს, შეინარჩუნოს სარგებელი და უპირატესობები, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობით აქვს:

„ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, სადაც ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში ერთიანი რეგულირება ხორციელდება, შექმნილი სიტუაცია იწვევს შეკითხვებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის შემდგომი ყოფნის სტატუსის შესახებ“.

რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობები აცხადებენ, რომ უფლება აქვთ განიხილონ სომხეთის წევრობის შეჩერების საკითხი, რადგან სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება და 2025 წელს მიღებული შესაბამისი კანონი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ ეწინააღმდეგება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებას და სხვა წესებს და თუ სომხეთი ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად შეასრულებს, ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას და პირიქით.

რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობათა ერთობლივ მოხსენებაში საუბარია შედეგებზე, რომლებსაც სომხეთისთვის გამოიწვევს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის შეჩერება.

მათ შორის სომხეთისთვის აღდგება საბაჟო და სრული სანიტარიული კონტროლი და საქონლის დაბეგვრა, შემცირდება ექსპორტ-იმპორტი, სომხეთს რუსული გაზი დაახლოებით 69%-ით გაუძვირდება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი კი 15,6%-ით შემცირდება.

„ვნახოთ“, - განაცხადა ამ პროგნოზების პასუხად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ფაშინიანის თანახმად, სომხეთის მთავრობა კონცენტრირებულია ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებაზე, ურთიერთობების დივერსიფიკაციაზე, სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე და ამ გზით სვლას გააგრძელებს.

  • 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ავტომატურად გამოიწვევს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთქმედების შეწყვეტას და სომხეთი შესაბამის სარგებელს დაკარგავს.
  • პუტინმა ერევანს არჩევანის გასაკეთებლად რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდა, რასაც მხარი დაუჭირეს ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის ლიდერებმაც. მათ მთავრობებს დაავალეს, მოამზადონ ანგარიში სომხეთისთვის წევრობის შეჩერების შესაძლო შედეგებზე.
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის ოფიციალურ განაცხადს წარადგენს.

ბოლო თვეებში რუსეთმა აკრძალა სომხეთში წარმოებული არაერთი პროდუქტის იმპორტი. ერევანი გააფრთხილეს რუსული გაზის მოსალოდნელი გაძვირების შესახებაც.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სამიტი, რომელზეც სომხეთის შესახებაც იმსჯელებენ, დეკემბერშია დაგეგმილი.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG