Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ძველი იარაღი. რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2026 წ. 1 სექტემბერი. ყირგიზეთი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2026 წ. 1 სექტემბერი. ყირგიზეთი

რუსეთი სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ათი დღით აჩერებს - ოფიციალური მიზეზი გაზსადენის შეკეთებაა. თუმცა ეს ხდება ერევნის ევროკავშირთან დაახლოებისა და რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობის ფონზე. მსგავსი ენერგეტიკული ბერკეტი მოსკოვმა წარსულში საქართველოსა და უკრაინაშიც გამოიყენა.

რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთს, როგორც თავის დროზე საქართველოსა და უკრაინას, „გაზი გადაუკეტა“ ევროკავშირთან დაახლოებისა და გაზის მიღების წყაროების დივერსიფიკაციის განზრახვის გამოცხადების ფონზე.

ჯერჯერობით გაზის მიწოდება დროებით წყდება, სულ რაღაც ათი დღით, თუმცა სომხეთში ბევრი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსკოვი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ოფიციალურ ერევანზე, რომელიც ღიად და ენერგიულად დაადგა პროდასავლურ კურსს.

„გაზსადენის რემონტამდე“ მოსკოვმა პრობლემები შეუქმნა სომხური ნაწარმის (ყვავილების, თევზის, ახალი ბოსტნეულის, ხილის, ჩირისა და ა.შ.) რუსეთში ექსპორტსაც. ექსპერტთა განმარტებით, მოსკოვი ზეწოლას ახდენს სომხეთზე, რათა ქვეყანა პოსტსაბჭოთა, რუსულ სამხედრო და ეკონომიკურ ბლოკებში დატოვოს.

14 სექტემბერს რუსულმა გაზის კონცერნმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ სომხეთს გაზის მიწოდება შეუწყდება 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე. ოფიციალური მიზეზი რუსეთის ტერიტორიაზე „სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაა“.

„გაზპრომ არმენიას“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთიდან გაზის არასრულად მიწოდებული მოცულობა შეივსება სომხეთში მოპოვებული ადგილობრივი გაზით, ასევე მეზობელი ირანიდან მიღებული ბუნებრივი აირით, ეს ყველაფერი კი ხდება მოსკოვსა და ერევანს შორის გაზის ახალ ფასზე მიმდინარე რთული მოლაპარაკებების ფონზე.

სომხეთი გაზის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იღებს: 2026 წელს რუსულმა ბუნებრივმა აირმა შეადგინა სომხეთის მიერ მოხმარებული აირის 82%.

დივერსიფიკაცია ნებისმიერ ფასად

11 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი იწყებს გაზის წყაროების დივერსიფიკაციის სტრატეგიის რეალიზებას და რომ ეს პროცესი არ იქნება დამოკიდებული რუსული გაზის ახალ ფასზე, რომელიც „გაზპრომმა“ 2027 წლისთვის უნდა დაადგინოს.

„ჩვენ დავადექით დივერსიფიკაციის გზას და არცერთი სფერო ყურადღების გარეშე არ დარჩება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება ხორციელდება „გაზპრომსა“ და მის შვილობილ სტრუქტურას, სს „გაზპრომ არმენიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტრანზიტი კი საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდება.

რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს 177,5 დოლარად (1000 კუბ. მ.) აწვდის ჩრ. კავკასია-ტრანსკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით. რუსეთის მთავრობა (რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) ხშირად აღნიშნავს, რომ სომხეთისთვის დაწესებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ევროპაში არსებულ საბაზრო მაჩვენებლებზე. მოსკოვის მტკიცებით, ევროპაში იმავე მოცულობის გაზის ღირებულება 600 დოლარს აღემატება.

თუმცა პასუხად ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთისთვის რუსული გაზის სიიაფე (ევროპასთან და აზიასთან შედარებით) მოჩვენებითია, რადგან რუსეთი უზარმაზარ თანხას ხარჯავს ევროპასა თუ აზიაში გაზის ტრანსპორტირებაზე, რუსეთის საზღვრიდან სომხეთამდე კი სულ რაღაც ასიოდე კილომეტრია.

“მართლაც როდესაც რუსეთი გაზს გერმანიას აწვდიდა, 3 ათასი კილომეტრის მანძილზე ახორციელებდა მის ტრანსპორტირებას, რაც ხარჯებს ერთნახევარჯერ ზრდიდა და შესაბამისად, მის საბოლოო ღირებულებასაც აძვირებდა”, - დაწერა სოციალურ ქსელში ეკონომისტმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ, რომლის თქმითაც, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოსთან დაკავშირებითაც: „გაზპრომის“ ტრანზიტის ხარჯები საქართველოს მიმართულებით ნულია, რადგან, სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო გაზს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს.

თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთს აქვს მიწისქვეშა გაზსაცავი, რომელიც ერევანს “გაზსადენის რემონტით“ გამოწვეული კრიზისის შერბილებაში ეხმარება.

აბოვიანის მიწისქვეშა გაზსაცავი სომხეთის გაზის სატრანსპორტო სისტემის ნაწილია, რომელიც მოწყობილია ქვამარილის დანალექებში, დაახლოებით 750–1050 მეტრის სიღრმეზე. აბოვიანის მიწისქვეშა გაზსაცავი განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკაში გაზის მოხმარების წლიური (სეზონური) არათანაბრობის დასაბალანსებლად, ასევე შეზღუდული მიწოდების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის უზრუნველსაყოფად. აბოვიანის მიწისქვეშა გაზსაცავი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია. სომხეთის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორია „გაზპრომ სომხეთი“, „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია. „გაზპრომ სომხეთის“ შეფასებით, საგანგებო ვითარების დროს, გაზსაცავს შეუძლია ძირითადი მომხმარებლების გაზით უზრუნველყოფა 1,5 თვის განმავლობაში. ადრე აბოვიანის მიწისქვეშა გაზსაცავში 110 მილიონ კუბ. მ. გაზს ტუმბავდნენ, 2013 წელს კი გაზსაცავში უკვე 140 მილიონი კუბური მეტრი გაზი ჩაიტუმბა. სპეციალისტების თქმით, შესაძლებელია მარაგის გაზრდა 250 მლნ კუბ. მეტრამდე, რაც სომხეთში მოხმარების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

სომხეთში არ სჯერათ, რომ „რემონტი“ დათქმულ ათ დღეში დასრულდება და ემზადებიან როგორც მეტი სარეზერვო გაზის დახარჯვისთვის, ასევე დამატებითი სახსრების მოძიებისთვისაც.

„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, სად შეგვიძლია ფასების აწევა (რუსეთისთვის) და რა იყო აქამდე უფასო, მაგრამ ახლა შეიძლება გონივრულ ფასად გაიყიდოს. ყველაფერს გონივრულად მივუდგებით და ყველაფერს მშვიდ, საქმიან ატმოსფეროში განვიხილავთ“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

„გაზპრომ სომხეთმა“ შარშანაც, 2025 წლის სექტემბრის შუა რიცხვებშიც შეაჩერა სომხეთისთვის გაზის მიწოდება ამავე გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოების გამო.

როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, „გაზსადენის შეკეთება“ მიმდინარეობს პრემიერ ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტის თარიღზე მსჯელობის ფონზე. გასულ კვირას კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შესაძლო ვიზიტის თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.

საიდან შეიძლება მიიღოს სომხეთმა ალტერნატიული გაზი? - ამ კითხვის პასუხად ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი სომხეთისთვის გაზის ძირითადი, თუმცა არა ერთადერთი მიმწოდებელია. საწვავი ქვეყანაში ირანიდანაც შედის სქემით „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“ - 1 კუბურ მეტრ გაზში (თბოელექტროსადგურში გადამუშავების შემდეგ) სომხეთი ირანს 3 კვტ ელექტროენერგიას აწვდის.

თეორიულად, ირანის მიმართულებას სომხეთის გაზის საჭიროების 84%-ზე მეტის უზრუნველყოფა შეუძლია: თებრიზის გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 2,3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გასულ წელს ქვეყნის მთლიანმა მოხმარებამ 2,734 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრაქტიკაში ყველაფერი უფრო რთულადაა. ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მოადგილის, აკობ ვარდანიანის განცხადებით, ირანული საწვავი რუსულზე ორჯერ ძვირი ღირს. და კიდევ: ყველაფერი ირანის მიერ საჭირო მოცულობის მიწოდების შესაძლებლობაზე დადის. ირანის ჩრდილოეთ რეგიონებს თავადაც აქვთ გაზის დეფიციტი. შედეგად, ირანიდან დღე-ღამის მიწოდების რეკორდულმა მაჩვენებელმა (რომელსაც ზაფხულში მოკლე პერიოდით მიაღწია) 4,5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, მაშინ როცა ზამთრის თვეებში სომხეთის საჭიროება 12-16 მლნ კუბურ მეტრს აღწევს. 2025 წლის განმავლობაში თებრიზიდან სომხეთში მხოლოდ 475,8 მილიონი კუბური მეტრი გაზი შევიდა.

ემბარგო სომხეთის საკვანძო პროდუქტებზე

სომხეთის მთავრობა წლებია ღიად გამოხატავს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს. 2026 წელს კი ერევანმა უმასპინძლა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტს, ასევე ერევანში გაიმართა ისტორიაში პირველი სომხეთ-ევროკავშირის სამიტი, რომლის შემდეგ რუსეთმა სომხეთს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე შეზღუდვები დაუწესა.

კერძოდ, 2026 წლის 28 მაისიდან რუსეთმა შეწყვიტა სომხეთიდან ყვავილების, ბოსტნეულისა და მწვანილის (პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მარწყვისა და სხვ.) იმპორტი. შეზღუდვები ასევე გავრცელდა ალუბალზე, გარგარზე, ქლიავზე, ატამზე, ნექტარინსა (ვაშლატამა) და ყურძენზე.

რუსეთმა აკრძალა როგორც ახალი ხილის, ისე ჩირის იმპორტი. ჩირი სომხეთის აგრარული სექტორის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. რუსეთის მიერ შეზღუდვების დაწესების პარალელურად, ევროკავშირმა სწრაფად დაიწყო სომხური ჩირის მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტი.

მოსკოვმა ასევე შეზღუდა სომხეთიდან თევზისა და თევზის პროდუქტების საკუთარ ბაზარზე შეტანა. გარდა ამისა, რუსეთმა პრეტენზიები გამოთქვა სომხური ყველის, კარაქის, კონიაკისა და მინერალური წყლის ხარისხთან დაკავშირებით.

„როსსელხოზნადზორმა“ ეს შეზღუდვები „ფიტოსანიტარიული“ და „უსაფრთხოების“ მოთხოვნებით ახსნა, თუმცა ექსპერტები, სხვა ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და ა.შ.) გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ ამგვარი მეთოდებით მოსკოვი პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს ერევანზე, მისი ევროპული კურსისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მოკავშირეობაზე უარის გამო.

"როსსელხოზნადზორი" (რუს. Россельхознадзор) - რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური. ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობას ვეტერინარიის, ვეტერინარული გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის, მცენარეთა კარანტინისა და დაცვის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების სფეროებში.

  • ზეწოლის სტატისტიკური შედეგები

2026 წლის წლის პირველ შვიდ თვეში სომხეთიდან რუსეთში ექსპორტმა დაახლოებით 1,44 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 125 მილიონი დოლარით, ანუ 8%-ით ნაკლებია. მიუხედავად რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის ნაწილის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვებისა, რუსეთი კვლავ სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება - მასზე სომხეთის მთლიანი ექსპორტის 35,6% მოდის.

რუსეთის შეზღუდვებმა განსაკუთრებით დააზარალა სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი. პირველ ნახევარში რუსეთში პომიდვრის ექსპორტი თითქმის 45%-ით შემცირდა, ყვავილების - დაახლოებით 60%-ით, კაკლის - 90%-ზე მეტით. აბსოლუტურად შეწყდა გარგარისა და სხვა კურკოვანი ხილის ექსპორტი, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 23 მილიონ დოლარს შეადგენდა. ხილისა და ჯემის ექსპორტი 86%-ზე მეტით შემცირდა, თევზის ექსპორტი კი პრაქტიკულად ნულამდე დაეცა.

შემცირდა ასევე სომხეთიდან რუსეთში მოლიბდენის, ტექსტილის, ხელნაკეთი ხალიჩებისა და ფეხსაცმლის ექსპორტი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის ხელისუფლება რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შესამცირებლად ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ერევანმა ყვავილების ექსპორტი 28 ქვეყანაში, ხილის - 24-ში, ხოლო ბოსტნეულის - 16 ქვეყანაში გააფართოვა. სომხეთის ხელისუფლება ექსპორტიორებს სუბსიდიებითა და ტრანსპორტირების ხარჯების კომპენსაციითაც ეხმარება.

ამასთან, სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთთან ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეექსპორტს. 2026 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან რუსეთში მობილური ტელეფონების რეექსპორტი 110 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა: რუსეთში გადაყიდეს 1,266 მილიონზე მეტი მოწყობილობა, საერთო ღირებულებით დაახლოებით 400 მილიონი დოლარი. შედეგად, სომხეთიდან რუსეთში მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 30% მობილური ტელეფონების რეექსპორტზე მოდის.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რუსეთის ბაზრის სრულად გახსნის შემთხვევაშიც კი სომხეთი გააგრძელებს ექსპორტის დივერსიფიკაციას, რათა ქვეყანა ერთ ბაზარზე დამოკიდებული აღარ იყოს.

მოსკოვი ასევე ემუქრება ერევანს, სომხეთში ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და ალმასების უბაჟო მიწოდების შესახებ შეთანხმების შეჩერებით ან დენონსირებით.

2026 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის ხელისუფლებას კვლავ მოსთხოვა ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება. თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, მოსკოვის ყველა ამ ნაბიჯს და ზეწოლას ჯერჯერობით პოლიტიკური წარმატება არ მოჰყოლია, რადგან 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ნიკოლ ფაშინიანი ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს უხსნიდა, რომ სომხეთის ევროკავშირის წევრობისკენ მოძრაობა მხოლოდ ძალიან ადრეულ ეტაპზეა და რომ ჯერ არ დამდგარა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების დრო. ამიტომ, სომხეთის პრემიერის აზრით, ჯერ ნაადრევია ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლაზე საუბარი.

გარდა ამისა, მოსკოვი ერევნისგან მოითხოვს, „ჩამოყალიბდეს“, სურს თუ არა დარჩეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელშიც დომინანტური როლი რუსეთს აქვს.

ერევანს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადი არ შეუტანია, თუმცა შეაჩერა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ), რადგან მიიჩნევს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში აზერბაიჯანთან რამდენიმე ომის დროს — რაც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დაკარგვით დასრულდა — მოსკოვი ОДКБ-ს წევრ სომხეთს არ დაეხმარა.

ქართული გაკვეთილები

რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა ბუნებრივ აირს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის იარაღად. ამასთან რუსეთის ბერკეტი იყო არა მხოლოდ „გაზის გადაკეტვა“, არამედ ფასის მკვეთრი ზრდა, მიწოდების შეწყვეტის მუქარა, გაზსადენის კონტროლის მცდელობა და ენერგეტიკული კრიზისის ხელოვნურად შექმნის რისკი.

2005 წლის ბოლოს „გაზპრომმა“ საქართველოსთვის გაზის ფასი 63 დოლარიდან 110 დოლარამდე გაზარდა 1000 კუბურ მეტრზე, 2006 წლის ნოემბერში კი გამოაცხადა, რომ 2007 წლიდან ფასი 230-235 დოლარამდე გაიზრდებოდა. სომხეთის მსგავსად, ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც საქართველო სულ უფრო მკაფიოდ უახლოვდებოდა დასავლეთს - ნატოსა და ევროკავშირს. საქართველოს ხელისუფლებაც (ერევნის მსგავსად) ფასის ზრდას პოლიტიკურ ზეწოლად აღიქვამდა, მოსკოვი კი ამას მაშინაც კომერციული პირობების გათანაბრებით ხსნიდა და აცხადებდა, რომ საქართველოს საბაზრო ფასი უნდა გადაეხადა.

2006 წლის ბოლოს რუსეთმა ფაქტობრივად საქართველო არჩევანის წინაშე დააყენა: მიეღო ახალი, გაცილებით მაღალი ფასი ან რისკის ქვეშ დაეყენებინა გაზის მიწოდება. 2006 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, მიეღო გაზის გაზრდილი ფასი - 235 დოლარი 1000 კუბ. მეტრზე, რადგან იმ დროისთვის საქართველო რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული: 2007 წელს „გაზპრომი“ საქართველოს გაზის საჭიროების დაახლოებით 80%-ს უზრუნველყოფდა. ამიტომ ზამთრის პირზე მიწოდების შეწყვეტის მუქარა რუსეთის ხელში საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ბერკეტი იყო. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ მოსკოვის ქმედებებს სწორედაც რომ პოლიტიკა განსაზღვრავდა და არა ეკონომიკა: 2006 წლის 22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში რუსული გაზის ორი მილსადენი “აფეთქდა” და საქართველოსთვის გაზის მიწოდება შეწყდა. იმავე დღეს “აფეთქდა” ელექტროგადამცემი ხაზიც.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი განზრახ საბოტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვის მიზანი საქართველოსთვის ენერგეტიკული კრიზისის შექმნა და თბილისზე პოლიტიკური ზეწოლა იყო. რუსეთმა ბრალდება უარყო და აფეთქებები საბოტაჟს ან ტერორისტულ მოქმედებას დაუკავშირა.

გაზსადენის კონტროლის მცდელობა - რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს მთავარი გაზსადენის სისტემაში საკუთრების კონტროლის მოპოვებას. 2005–2006 წლებში „გაზპრომი“ დაინტერესებული იყო საქართველოს გაზსადენის სისტემის (განსაკუთრებით იმ მონაკვეთის, რომელიც რუსულ გაზს სომხეთში ატარებდა) შეძენით. თუმცა, გარკვეული ყოყმანის შემდეგ, თბილისმა საბოლოოდ თქვა უარი „გაზპრომისთვის“ გაზსადენის მიყიდვაზე.

რუსეთის ენერგეტიკული ბერკეტის შესამცირებლად საქართველომ დაიწყო გაზის წყაროების დივერსიფიკაცია და განსაკუთრებით აზერბაიჯანულ გაზზე დაყრდნობა. შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდების დაწყებამ საქართველოს შესაძლებლობა მისცა, რუსულ გაზზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეემცირებინა. 2025 წლის მონაცემებით, საქართველო ბუნებრივ აირს ძირითადად ორი ქვეყნიდან იღებს - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან:

  • აზერბაიჯანი - 71% (2,27 მლრდ კუბ. მ.);
  • რუსეთი - 27,9% (886 მლნ კუბ. მ.);
  • ადგილობრივი მოპოვება - 0,4%.

უკრაინული გაკვეთილები

რუსული გაზი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენდა უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებას და რუსეთის „პოლიტიკურ იარაღს“ კიევთან დაპირისპირებაში. რუსეთსა და უკრაინას შორის „გაზის ომები“ ხშირად სრულდებოდა გაზის ონკანის სრული ჩაკეტვით.

უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვაზე სრულად უარი 2015 წლის ნოემბერში თქვა. ამის შემდეგ უკრაინამ გაზის მიღება ევროკავშირის ქვეყნებიდან - პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან (ე.წ. რევერსული მიწოდების რეჟიმით) დაიწყო. უკრაინა ასევე იღებს ამერიკულ თხევად გაზს.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2025 წლის 1 იანვარს დასრულდა, მას შემდეგ, რაც ხუთწლიანი სატრანზიტო კონტრაქტის მოქმედების ვადა ამოიწურა. ამჟამად უკრაინა რუსეთზე აღარ არის დამოკიდებული არც რუსული გაზის იმპორტის და არც მისი ტრანზიტის თვალსაზრისით.

სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს, რომ სატრანსპორტო დერეფანთან („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის - TRIPP) ერთად, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანისკენ და შემდეგ, შესაძლოა, თურქეთის მიმართულებით გაივლის და სარკინიგზო და საავტომობილო გზებს მოიცავს, ასევე გაიყვანონ გაზსადენიც.

მეზობელ აზერბაიჯანთან შერიგების პროცესის ფონზე, სომხეთი არ არის წინააღმდეგი მომავალში აზერბაიჯანიდანაც მიიღოს გაზი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, TRIPP-ის სატრანსპორტო მარშრუტზე პრაქტიკული სამუშაოები 2027 წლის დასაწყისში დაიწყება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG