დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს. ვინ გაავრცელა, უცნობია - თუმცა TikTok-ის ამავე ანგარიშმა მოგვიანებით ფეიქრიშვილისადმი დამცინავი ვიდეოც გაავრცელა.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „კოტიკი“ დავით ფეიქრიშვილს ბერლინში ჩამოსვლასა და შეხვედრას სთავაზობდა ვინმე „ლაშასთან“ შესახვედრად, – მოულოდნელად კი შესთავაზა შეხვედრა „ვატულიკთან“, - სავარაუდოდ, ვატო ყიფიანთან, - რომელთანაც ძმებს დაპირისპირების ისტორია აქვთ.
ვიდეოს ავთენტურობა და წარმომავლობა დადგენილი არ არის.
რა ჩანს ვიდეოში?
თითქმის 6-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, – რომლის ჩაწერის თარიღიც უცნობია, – 2026 წლის 21 ოქტომბერს გავრცელდა სოციალურ ქსელ TikTok-ზე. ის ატვირთა ანონიმურმა ანგარიშმა, სახელად „ფეიქრიშვილი123“. ეს ამ ანგარიშის პირველი ვიდეოა.
ვიდეოში ჩანს მაგიდასთან მდჯარი კაცი, რომელსაც ჩანაწერის მიმდინარეობისას სახის ნაწილი გამოუჩნდება. „დათო“, – ასე მიმართავს მას თანამოსაუბრეც. ეს, დიდი ალბათობით, დავით ფეიქრიშვილია.
მას ტელეფონი უჭირავს ხელში და დაცული აპლიკაცია „სიგნალით“ (Signal) ესაუბრება პირს, რომლის ნომერიც ჩაწერილი აქვს, როგორც „კოტ კოტ“. ამ უკანასკნელს საუბრისას მოიხსენიებენ, როგორც „გიოს“.
TikTok ანგარიშის თანახმად, ეს ჩანაწერი „დათო და გოგა ფეიქრიშვილების სატელეფონო მასალაა“ და ასახავს სატელეფონო საუბარს „კანონიერ ქურდ“ გიორგი კალაშიანთან, მეტსახელად „კოტიკთან“.
როგორც საუბრიდან ირკვევა, მათ არაერთხელ უსაუბრიათ ტელეფონით „მნიშვნელოვან თემებზე“.
ვინ იწერს ვიდეოს, გაურკვეველია. ფეიქრიშვილს ვიღაც ახლავს თან – თუმცა ვინ, არ ჩანს. ფეიქრიშვილი და, სავარაუდოდ, კალაშიანი შერეულად, ქართულ და რუსულ ენებზე საუბრობენ.
შეხვედრა „ლაშასთან“ ბერლინში – „დანარჩენი ვნახოთ“
სავარაუდოდ, კალაშიანი ფეიქრიშვილს პირადად შეხვედრას სთავაზობს ბერლინში, – ვინმე „ლაშასთან“ შეხვედრის წინ, – და ეუბნება, რომ მისგან საღამომდე ელის ამ შეთავაზებაზე პასუხს. მოსაუბრეები „ლაშას“ გვარს არ ასახელებენ.
შემდეგ კალაშიანი სთავაზობს „ლაშასთან“ შეხვედრამდე ცალკე ერთი-ერთზე შეხვედრას, რათა „სურპრიზები არ დაახვედროს“, რადგან ვიღაცებს „რაღაც თბილისური მომენტების“ განხილვა სურთ.
ფეიქრიშვილი იკითხავს, უსაფრთხოა თუ არა „იქ“ მისი ჩასვლა, რაზეც გარანტიას იღებს: „სადაც მე ვარ, შენთვის ყველგან უსაფრთხოა“.
„თუ ვინმეს რამე ტრაკი ქონდა აქამდე, რავი, მე არავინ არ მინახია და რაღა ბერლინში ჩამოვიდნენ? აგერა ვარ თბილისში და ბერლინშიც ვცხოვრობ, კაციშვილი არ მოსულა და თუ ვინმეს შენი გამოყენება უნდა პროსტა ჩემთვის შეხვედრისთვის, ეგ უკვე შენი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს ფეიქრიშვილი.
„მე ჩემ თავს არავის არ გამოვაყენებინებ“, - იღებს პასუხად. მოსაუბრე იქვე ეუბნება: „შევხვდეთ, დავილაპარაკოთ. გეტყვი: „დათო, გინდა ლაპარაკი“? მე მზად ვარ ლუბოი სიტუაციაში, „კრუგში“ ვილაპარაკოთ ჩვენებთან, გამიგე“?
„ვატულიკს ჩემთან შეხვედრა უნდა?!“
ფეიქრიშვილი დეტალების გარკვევას ცდილობს: „ვერ ვხვდები რას მელაპარაკები… შენ გულისხმობ… ჩვენი, ეს, დაზარალებულების პონტში იძახი“?
„თბილისელების პონტში, ბიჭობა“, – უპასუხებს თანამოსაუბრე. თუმცა საუბრის მიმდინარეობისას დაუზუსტებელი გარემოებების გამო ფეიქრიშვილი რამდენჯერმე დაჟინებით იკითხავს, ვის უნდა კონკრეტულად მასთან შეხვედრა.
მალევე ირკვევა, რომ ფეიქრიშვილთან შეხვედრის სურვილი „შესაძლოა ჰქონდეს ვატულიკს“ - ეს ვატო ყიფიანის მეტსახელია.
„ვატულიკს უნდა ჩემთან საუბარი“?! – გაიკვირვებს ფეიქრიშვილი და ცდილობს გაარკვიოს, რა სტატუსით შეიძლება ეს ადამიანი იყოს შეხვედრაზე: „მაყურებლის? თუ უბრალოდ დამკვირვებლის? თუ რამეს გადაწყვეტს? ის მე ვერაფერს გადამიწყვეტს, ძმა!“
საუბარი მთავრდება შეთანხმებით: ფეიქრიშვილი მოსაუბრეს საღამომდე უპასუხებს, მივა თუ არა ბერლინში შეხვედრაზე.
სრული საუბრის ტრანსკრიპტი ქართულ ენაზე აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
რა (არ) ვიცით?
ჩანაწერის თარიღი უცნობია, – თუმცა ის არც ძალიან ძველი უნდა იყოს. ვიდეო ჩაწერილია, სავარაუდოდ, თბილისში და ისეთ დროს, როდესაც გარეთ თბილა – ფეიქრიშვილს შორტები აცვია და წელს ზემოთ არაფერი აცვია.
უცნობია, როგორ მოხვდა ვიდეო TikTok-ზე. ჩანაწერის დროის დადგენა, სავარაუდოდ, იმ ტელეფონით იქნება შესაძლებელი, რომლითაც ეს ჩაწერილია, – ვიდეოს თან უნდა ახლდეს მეტამონაცემები.
ვიდეოს აწერია, რომ ეს ვიდეო „ფეიქრიშვილების ტელეფონიდანაა“: უცნობია, თუ ეს ასეა, როგორ მოხვდა სოციალურ ქსელში.
დაზუსტებით უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა ბერლინში, – თუმცა სავარაუდოდ ფეიქრიშვილებს ყიფიანთან შეხვედრა არ გაუმართავთ.
- ფეიქრიშვილების დედამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყიფიანს მისი ოჯახის „ამოწყვეტის მცდელობა“ ჰქონდა და მიანიშნა, თითქოს იგი მწვანე შუქს უნთებდა ერთ-ერთი ძმის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობას;
- ვატო ყიფიანის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნინო აბრამიშვილის ამ ბრალდებით ციხეში მყოფი ყიფიანი „ძალიან აღშფოთებული“ იყო. ადვოკატმა გვითხრა:
- „ამდენი ხანია, უკვე ერთ ქალაქში მოძრაობენ. ელემენტარულია, ხომ? თუ ვინმეს ვინმესთვის რაიმე საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, ამისთვის დროც ჰქონდათ, საშუალებაც და შესაძლებლობაც“.
ასევე გაურკვეველია, ვინ არის „ლაშა“, რომელთან ბერლინში შეხვედრაზეც საუბრობენ ჩანაწერში ფეიქრიშვილი და, სავარაუდოდ, კალაშიანი.
გავრცელდა აუდიოჩანაწერიც
TikTok-ის იმავე ანგარიშმა იმავე დღეს სხვა აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, სადაც, გამავრცელებლის თანახმად, ფეიქრიშვილი ესაუბრება „კანონიერ ქურდ“ ლევან ცინცაძეს.
მოსაუბრეები იქ დიდი თანხის განაწილების შესახებ საუბრობენ. ფაილს აწერია 2026-10-20-20-21-36. 2026 წლის 20 ოქტომბერს ფეიქრიშვილებიც უკვე პატიმრობაში იყვნენ. ეს ჩანაწერის გავრცელების წინა დღეა.
დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა 21 ოქტომბერს, ვიდეოს გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ვიდეოში შვილი ვერ ამოიცნო. „ნამდვილად არ არის. ეს მისი თითები არ არის. მასე წვერი ნახევარ თბილისს აქვს“, - განუცხადა მან „ტვ პირველს“.
„სხვა მუხლის მიყენებას აპირებენ, თუ რა ხდება?“ - იკითხა მან. ადვოკატმა კი ამავე ტელევიზიასთან განაცხადა: „თუ დავით ფეიქრიშვილია, ესეც შემოგდებული თემაა... თავიანთი ქმედების გაპრავებას აპირებენ, აი, თურმე ვისგან გვქონია საქმეო“, - თქვა ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა.
სოციალურ ქსელში ამავე ანგარიშმა მოგვიანებით ატვირთა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ვიდეო, სადაც თითქოსდა დავით ფეიქრიშვილი ამბობს: „მთელი ცხოვრება ინტრიგნობითა და დამპლობითა ვარ განთქმული“.
ვინ არის „კოტიკი“?
გიორგი კალაშიანი, რომელიც ამჟამად 43 წლისაა, თბილისში დაიბადა. ის არის საქართველოს მოქალაქე, „კანონიერი ქურდი“, რომელსაც მეტსახელიც არის „კოტიკი“ (ქართულად „კატუნია“), ან „კოტიკი უმცროსი“.
პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროზე სპეციალიზებული გამოცემის, PrimeCrime-ის თანახმად, გიორგი კალაშიანი 2014 წელს „მოინათლა“ „კანონიერ ქურდად“ რუსეთში, ქალაქ სოჭში.
პირველად, ორ-ნახევარი წლით, 2004 წელს დააკავეს.
სისხლის სამართლის წესით 2015 წელსაც დააპატიმრეს (ნარკოდანაშაულის ბრალდებით) – კვლავ ორ-ნახევარი წლით.
მეორე სასჯელის დასრულების შემდეგ, 2017 წლის 22 სექტემბერს, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იგი რუსეთიდან გააძევეს.
„კანონიერი ქურდი“ იყო მამამისიც, კონსტანტინ კალაშიანი (მეტსახელად ისიც „კოტიკი“), რომელიც 2001 წელს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფეიქრიშვილები ყიფიანის წინააღმდეგ – ისტორია
ვატო ყიფიანისა და ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების კავშირსა და გზების გადაკვეთაზე მედიაში პირველად 2010 წელს გაჩნდა, ე.წ. „მაზავშიკების საქმეზე“.
ამ საქმეზე დავით ფეიქრიშვილი დააკავეს, ვატო ყიფიანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – ბრალდება საფეხბურთო მატჩებზე უკანონო ფსონებით მოგებული თანხის დაბრუნება/ამოღებას შეეხებოდა.
2020 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებით მკვლელობის გეგმა აღკვეთა. პროკურატურის ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანის შეკვეთით იყო დამზადებული.
2021 წელს საქართველოში უკრაინიდან დეპორტირებული ყიფიანი ამ საქმეზე დააკავეს, თუმცა, მისი ადვოკატის ცნობით, საბოლოოდ გაამართლეს. ყიფიანი ბრალდებას უარყოფდა.
ახალი ბრალდებები, უარყოფა და გამოძიება
40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა საქმეზე.
ვატო ყიფიანი 15 ოქტომბერს დააკავეს ბიძაშვილთან, შოთა ყიფიანთან და ავთანდილ ბილანიშვილთან, მეტსახელად „კაწროსთან“ ერთად.
ყველა მათგანი გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს „წინასწარი პატიმრობის“ გასატარებლად.
დავით ფეიქრიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას საკანში ყიფიანი, ბილანიშვილი და კიდევ სამი პირი შეუსახლეს და სასტიკად სცემეს. დავით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკა „ვივამედშიც“ მოხვდა.
პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემასა და ყიფიანის მის საკანში გადაყვანას უარყოფს. ბრალდებას კატეგორიულად უარაყოფს ვატო ყიფიანიც. ბილანიშვილის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
22 ოქტომბერს ომბუდსმენმა, – რომლის წარმომადგენლებსაც დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ ესაუბრა, – გენერალურ პროკურატურას მოუწოდა გამოძიების დაწყებისკენ.
„ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ“, - განაცხადა 21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმი