ჯოელ რიდლმა, რომელიც ამერიკული კომპანია Polar Train LNG-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი ბიზნესი დაფინანსებას იღებს რუსეთის გაზის კომპანია „ნოვატეკისგან“. ამის შესახებ მან The New York Times-სა და Financial Times-თან საუბარში განაცხადა.
Polar Train LNG ალასკაზე გაზის ექსპორტისთვის განკუთვნილ ტერმინალზე მუშაობს. ეს პროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმ ინიციატივის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს აშშ-იდან აზიაში ენერგორესურსების ექსპორტის გაფართოებასა და მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე ქვეყნის პოზიციების განმტკიცებას.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ „ნოვატეკს“, რომლის ძირითადი მფლობელია რუსი ბიზნესმენი ლეონიდ მიხელსონი, ალასკაზე ბუნებრივი გაზის დამუშავებაში ჩართვას უპირებენ. კომპანიას, როგორც იუწყებოდნენ, უნდა მიეწოდებინა გაზის გათხევადების საკუთარი ტექნოლოგია. ამის შემდეგ მალევე რიდლმა დაადასტურა, რომ Polar LNG გეგმავს ფასდაკლებული აპარატურის შეძენას „ნოვატეკის“ პროექტ „არქტიკ სპგ 2-ისგან“, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ამისთვის ის აპირებდა მიეღო აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) თანხმობა.
თუმცა აგვისტოში რიდლმა შეიტყო, რომ „ნოვატეკი“უკვე მონაწილეობს პროექტის დაფინანსებაში, საჭირო ნებართვების მიღებამდე. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აბუ-დაბიში Polar LNG-ისა და მისი მშობელი კომპანიის, Tech Wave Industrial Projects Managment-ის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე მან რუსეთის კომპანიის ტოპ-მენეჯერები დაინახა.
NYT-ი და FT ეყრდნობიან მიმოწერას, რომელშიც „ნოვატეკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დენის სოლოვიოვი და მიხელსონი Tech Wave-ისთვის Polar LNG-ის დასაფინანსებლად 15 მილიონ დოლარამდე თანხის გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავდნენ. შემდგომში სოლოვიოვმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბის შეხვედრაზე ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიიღეს და „პირველი ხუთი მილიონი“ უკვე უნდა ჩარიცხულიყო. ამის შესახებ მან, გავრცელებული ცნობით, რიდლს სექტემბრის დასაწყისში მისწერა.
ამის შემდეგ მალევე რიდლმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მისი თქმით, მას კომპანიის ხელმძღვანელთა თითქმის მთელი გუნდი მიჰყვა. NYT-თან საუბარში მან კომპანიის საქმიანობაში რუსეთის მონაწილეობას უკანონო და აშშ-ის ინტერესებთან შეუსაბამო უწოდა.
Polar LNG-ში პარასკევს, 23 ოქტომბერს, გენერალური დირექტორის ახალი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ განაცხადეს, ხოლო რიდლს უწოდეს „უკმაყოფილო ყოფილი თანამშრომელი“.
თავად კომპანია „ნოვატეკს“ არა აქვს დაწესებული აშშ-ის სანქციები, თუმცა სიას დაემატა მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროექტი, მათ შორის „არქტიკ სპგ 2“. „ნოვატეკთან“ გარიგებების უმრავლესობისთვის OFAC-ის შესაბამისი ნებართვაა საჭირო.
ფორუმი