Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვებას გეგმავენ – ომბუდსმენი წინააღმდეგია

ცვლილებების თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზატორს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.
ცვლილებების თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზატორს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.

მეორე და მესამე მოსმენით ცვლილებების მიღება მომდევნო დღესაა დაგეგმილი – სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ცვლილებები არ მიიღოს.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ინიციირებულ ცვლილებებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა, ხოლო დაჩქარებულად, ამ შესაძლო გავლენის სათანადო შეფასების გარეშე მისი მიღება „განსაკუთრებით პრობლემურია“.

79 მომხრე, 8 წინააღმდეგი – I მოსმენა

ინიციატივას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პლენარულ სესიაზე 27 ოქტომბერს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგეები იყვნენ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, წარმომადგენლები.

კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პარლამენტის 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.

„საერთაშორისო აზარტული ტურნირი“ – რა იცვლება

ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და მასთან დაკავშირებულ კიდევ ოთხ საკანონმდებლო აქტში.

პროექტის თანახმად,

  • სანებართვო საქმიანობის სახეებს ემატება „საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა“;
  • „საერთაშორისო აზარტულ ტურნირად“ კი განისაზღვრება „თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს“;
  • ოღონდ იმ დათქმით, რომ ასეთ ტურნირში ძირითადად უცხოელები უნდა იყვნენ – მონაწილეთა საერთო რაოდენობის სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს.

წესდება შეღავათიც

პროექტი ასევე ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში:

  • თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად იყენებს,
  • და თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება,
  • ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ორგანიზატორს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.

ჯარიმა სანებართვო პირობების დარღვევისთვის 50 ათასი ლარი იქნება, ხოლო თუ საერთაშორისო ტურნირს „არაუფლებამოსილი პირი“ მოაწყობს/დადგენილ წესებს დაარღვევს – 150 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„ტურიზმს შეუწყობს ხელს“ – „ოცნება“

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირი „პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის“.

მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „მსგავსი შეჯიბრებები ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება“ და დაასახელა „ბარსელონა, მადრიდი და რომი“.

„ამასთან დაკავშირებით მთელი ინდუსტრია აშენდა. ეს სტანდარტულ კაზინოში თამაში არ არის. ეს არის სპორტული შეჯიბრება“, - განაცხადა მან.

შოთა ბერეკაშვილის თქმითვე, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული სექტორის გააქტიურების ხელშეწყობაა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზნებია უცხოელი მონაწილეების მოზიდვა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა.

ომბუდსმენი: სოციალური ზიანი შეუფასებელია

27 ოქტომბერს, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ცვლილებათა პაკეტი საქართველოს სახალხო დამცველმა გააკრიტიკა და მმართველ გუნდს მოუწოდა, არ მიიღოს ის.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ შეიცავს რიგ მნიშვნელოვან დაზუსტებებს, მაგალითად:

  • „არ შეიცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ცალკე შეფასებას;
  • ბარათში არ არის გაანალიზებული შესაძლო სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები;
  • კანონპროექტის მომზადებაში შესაბამისი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა არ ყოფილა უზრუნველყოფილი;
  • არ არის მიმოხილული სხვა ქვეყნების გამოცდილება;
  • განმარტებითი ბარათის თანახმად, ის გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, – თუმცა არ ჩანს რას ეფუძნება აღნიშნული შეფასება“.

„განსაკუთრებით დამაზიანებელია“...

ომბუდსმენი ამავე განცხადებაში „ხაზგასმით აღნიშნავს“, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას“.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტების შემდგომი მიღება. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ის ამ შესაძლო რისკებს მიმოიხილავს:

  • „აზარტული თამაშები სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზარტულ თამაშებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად განიხილავს და ხაზს უსვამს ისეთ შესაძლო შედეგებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, არასრულწლოვანებზე გავლენა, ფინანსური სირთულეები, ოჯახური კონფლიქტები და თვითმკვლელობის გაზრდილი რისკი.
  • ის რეკომენდაციას უწევს აზარტული თამაშების რეკლამირების, ხელმისაწვდომობისა და სათამაშო ბიზნესის კონტროლის ეფექტიან ზომების აუცილებლობას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

„არაერთი დაღუპული ადამიანი ვიცით“ - „საქართველოსთვის“

ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია შეეწინააღმდეგა - ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა: „გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ეკონომიკურად სწორი იყოს, მაგრამ ასეთ თემას მუდმივად მოჰყვება უზარმაზარი რისკები“.

„აზარტული თამაშებისგან დაღუპული არაერთი ადამიანი ვიცით ამ ქვეყანაში. ასე ნაჩქარევად რატომ უნდა მივიღოთ“, - თქვა მან.

შარაშენიძემ აღნიშნა, რომ „ამ კაზინოებს აქვთ კოლოსალური მოგებები, ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვის ხარჯზე მდიდრდებიან და მილიონებს შოულობენ. გაუგებარია, რატომ დადგა კიდევ შეღავათის დაწესების საჭიროება“.

ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიკა ფილფანმა განაცხადა: „უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ მიიღებს ჯილდოს, ის არ იბეგრება, ხოლო საქართველოს მოქალაქე თუ მოიგებს, ის 20%-ით იბეგრება“.

„საქართველოსთვის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, სოფიო ხორგუანმა კი განაცხადა:

„გიწერიათ, რომ ეს მოიზიდავს ტურისტებს. გელათი ვერ გადახურეთ ტურისტების მოსაზიდად და აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის აუცილებლად საქართველოში კანონიერად გამართვის საშუალება რომ არსებობდეს, რა აუცილებელია?“

სოციალური პრობლემა

საქართველოში ათასობით ადამიანი აზარტულ თამაშებში ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ერთვება.

რადიო თავისუფლება 2025 წერდა, რომ:

  • ბოლო წლებში რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, ინდუსტრია მაინც იზრდება;
  • 2022 წელს მინიმალური ასაკი, რომელიც საჭიროა სათამაშოდ, 18-დან 25 წლამდე ასწიეს;
  • აკრძალვის დარღვევისთვის 10 000 ლარის ჯარიმაა დაწესებული, განმეორებითი შემთხვევისას კი – 20 000 ლარი;
  • თამაში სრულად აეკრძალათ საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველებს.
  • თითქმის სრულად აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა. გაიზარდა კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადებიც.
  • გარდა ამისა, შეიქმნა ე.წ. შავი სია, რომელიც უზღუდავს სიაში მყოფს წვდომას აზარტულ თამაშებზე – როგორც ონლაინპლატფორმებზე, ისე ფიზიკურ კაზინოებში;
  • „კანონში პრობლემა არ გვაქვს, პრობლემაა მისი აღსრულება. ევროპაში ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, მაგრამ შედეგის მომცემი არ არის“, – ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტი, რომელიც თამაშდამოკიდებულების საკითხს სწავლობს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG