"3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხსნილია: ოკუპანტების დედაც ნა კალენიახ და კიდევ იმათი, ვინც ჩვენს ისტორიას და კულტურას შეურაცხყოფს!" - დაწერა თორნიკე რაზმაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დღეს, 27 ოქტომბერს, ფეისბუკში თავის გვერდზე.
რას ედავებოდნენ თორნიკე რაზმაძეს
თორნიკე რაზმაძეს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო საჯარო სივრცეში წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს).
ამ მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 500-დან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით.
რა ეწერა შსს-ს ოქმში
შსს-ს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა მარიამ მამარდაშვილმა, „სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით“, თორნიკე რაზმაძის Facebook-გვერდი დაათვალიერა.
„დათვალიერების შედეგად დადგინდა“: რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ქვეშაც 2026 წლის 12 ივნისს შემდეგი შინაარსის კომენტარი დატოვა: „ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.
„აღნიშნული პოსტი არის საჯარო და შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
საქმის არსი
„ესენი გვიმზადებენ რაღაც საშინელებას რუსეთთან მიმართებით. დააკვირდით, როგორ ემთხვევა კობახიძის მესიჯები მარგარიტა სიმონიანის ნათქვამს“, - ამბობდა რაზმაძე აგვისტოში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ბლოგერმა ვიდეოში გააზიარა რუსეთის პროპაგანდისტული მედიის, „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის ტელეეთერში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის ერეკლე მეორესა და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობდა.
სიმონიანი ამბობდა, რომ მეფე ერეკლე მეორემ „მუხლებზე დამდგარმა სთხოვა რუსეთს“, საქართველო მიეღო, შემდეგ კი აცხადებდა, რომ „დედა-რუსეთი თავისას იბრუნებს“ და მომავალშიც გამოჩნდებიან „ახალი მეფე ერეკლეები“, რომლებიც რუსეთს „მუხლებზე დაჩოქილები სთხოვენ სახლში დაბრუნებას“.
„გეორგიევსკის ტრაქტატი“ 1783 წელს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. „ტრაქტატის“ მიხედვით, სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა, საქართველოს ისტორია საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო, მათ შორის, ერეკლე II-ის ისტორიულ როლს რუსეთი ხშირად იყენებდა იმპერიალისტური ნარატივების გასამყარებლად;
ერთ-ერთი ღიად პრორუსული პარტია, - რომლის ლიდერებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან და რომელიც დაკავშირებული იყო ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, - „ახალი გეორგიევსკის გაფორმებასა“ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს.
რაზმაძის ვიდეოში ასევე გამოყენებული იყო „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადება ერეკლე მეორისა და "გეორგიევსკის ტრაქტატის" შესახებ.
„საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. (…) იმ კონკრეტულ, სამწუხარო ისტორიულ ვითარებაში რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო“, - თქვა კობახიძემ 18 აგვისტოს.
რაზმაძე ვიდეოში ამბობდა, რომ ერეკლე მეორის დროს საქართველომ "გეორგიევსკის ტრაქტატი" იმ მიზნით გააფორმა, რომ მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდა, თუმცა დღეს თავად რუსეთია საქართველოს მტერი.
„რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული და რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება ან რუსეთთან თანამშრომლობა არის პირდაპირ მტერთან თანამშრომლობა“, - თქვა რაზმაძემ.
რა ითქვა საქმის განხილვისას მანამდე სასამართლოში?
ამ საქმეზე 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და როგორც შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა მარიამ კერესელიძემ თქვა, თორნიკე რაზმაძის შემთხვევაში სამმართველოში სწორ კვალიფიკაციაზე მსჯელობა გაიმართა, რომელი მუხლით შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი: წვრილმანი ხულიგნობის თუ მაღალი თანამდებობის პირის შეურაცხყოფის?
„კომენტარში, რომელიც თორნიკემ გაავრცელა, კონკრეტული სახელი და გვარი არ იყო გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს გაგრძელება იყო და ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას მიემართებოდა და ვინაიდან პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა მოითხოვს ადრესატის განსაზღვრას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო სამართალწარმოება 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით“, - თქვა იურისტმა.
მისივე თქმით, თორნიკე რაზმაძემ შსს-ს შედგენილი ოქმი სოციალურ ქსელში ემოციური კამპანიის საწარმოებლად გამოიყენა და ისე წარმოაჩინა, თითქოს სიძულვილის ენის დეპარტამენტი მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის გინებისთვის აჯარიმებდა.
მარიამ კერესელიძის თქმით, სახდელზე მსჯელობისას, იქნება ეს ჯარიმა თუ პატიმრობა, ამ გარემოებას გაითვალისწინებენ.
„მოცემულ შემთხვევაში ამ პოსტზე ბევრი კომენტარი იყო და რა თქმა უნდა, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხმყოფელი კომენტარებიც იყო, მაგრამ არცერთ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია შსს-ს… ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო გასაგები რეაქცია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელზე საზოგადოების რეაქციის…
მან იცოდა მტკიცებულებები, შეგნებულად შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში… მისი საქმის ხმაურისთვის შექმნა ვერსია, რომ ვითომ შსს ოკუპანტი ქვეყნის დაცვას ცდილობს და ამით სჯის საქართველოს მოქალაქეს. ეს იყო ემოციური თამაში ქართულ საზოგადოებაზე, მან ზუსტად იცოდა, რა ეტკინებოდა ქართველ ერს… იმისთვის, რომ მსხვერპლის სტატუსი მიეღო… ეს იქნება ჩვენს შემთხვევაში სახდელის განმსაზღვრელი შესაბამისი შუამდგომლობისას“, - ასე დაასრულა პოზიციის წარდგენა სასამართლოში მარიამ კერესელიძემ.
ფორუმი