Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში მიმდინარე ქნესეთის არჩევნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობაა - უბნები, დიდი ალბათობით, დაგეგმილზე გვიან დაიხურება

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თანამშრომლები. ქნესეთის შენობა იერუსალიმში. 2026 წლის 27 ოქტომბერი.
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თანამშრომლები. ქნესეთის შენობა იერუსალიმში. 2026 წლის 27 ოქტომბერი.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე (თბილისის დროით, 00:00 საათზე) უნდა დახურულიყო, თუმცა, ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის ფონზე, თუ ღამის ათი საათისთვისაც საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგები იქნება, ის არ დაიხურება. ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დინ ლივნემ განაცხადა:

"პირობას ვიძლევით, ყველა მისცემს ხმას. თუ ღამის ათ საათზე საარჩევნო უბნებთან იქნება რიგი, ის გააგრძელებს მუშაობას, სანამ ყველა, ვინს ათ საათამდე მივიდა უბანზე, ხმას არ მისცემს. სანერვიულო არაფერია".

27 ოქტომბერს იმართება ქნესეთის პირველი არჩევნები 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თანახმად, 16:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 55,7%-ს მიაღწია (2022 წლის არჩევნების დღის იგივე მონაკვეთთან შედარებით 8%-ით მეტი). მანამდე ორი საათით ადრე - 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა უკვე თითქმის 45%-ი იყო, რაც დღის ამ მონაკვეთისთვის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისრაელში 1970 წლის შემდეგ გამართულ საყოველთაო არჩევნებში ოდესმე ყოფილა.

სასწორზე დევს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი. მისი მემარჯვენე „ლიკუდის“ მთავარი კონკურენტია ცენტრისტული „იაშარი“, რომლის ლიდერი ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გადი აიზენკოტია. პარტია „იაშარი“ წელიწადზე ცოტათი მეტი ხნის წინ დაფუძნდა და ის პირველად მონაწილეობს საყოველთაო არჩევნებში. აიზენკოტმა ორმოც წელიწადზე მეტი გაატარა სამხედრო ძალებში. 2022 წელს ის ქნესეთის წევრად აირჩიეს. პოლიტიკაში მოვიდა კიდევ ერთ ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსან ბენი განცთან ერთად. 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, აიზენკოტიც და განციც ნეთანიაჰუს საგანგებო სამხედრო კაბინეტს შეუერთდნენ. 2024 წელს კი დატოვეს ის, რადგან მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა ომისშემდგომი მკაფიო სტრატეგია.

მანამდე ერთი წლით ადრე - 2023 წლის დეკემბერში ღაზაში ბრძოლის დროს დაიღუპა აიზენკოტის უმცროსი შვილი - 25 წლის გალი, რომლის საფლავთანაც, როგორც 2026 წლის აპრილში გაზეთ „იედიოთში“ დაწერა, გადი აიზენკოტმა დაიფიცა, რომ გალისა და მისი თანამებრძოლების მიერ გაღებული ფასი „ამაოდ არ ჩაივლიდა“.

საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობას, დიდი ალბათობით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს.

120-წევრიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 61 მანდატია საჭირო. პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად 3,25%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ეგზიტპოლების გამოქვეყნების პარალელურად დაიწყება წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებაც. ისრაელის ქნესეთის არჩევნების საბოლოო შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG