Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი შეირჩა Patriot-ის რაკეტების ტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტის განთავსების ადგილად: ნატო მზად არის სიტყვის საქმით გამყარებისთვის

ომის დეპარტამენტის განმარტებით, პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტის განთავსება არის ნატოს 2026 წლის ანკარის სამიტის დაპირებების შესრულება.
ომის დეპარტამენტის განმარტებით, პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტის განთავსება არის ნატოს 2026 წლის ანკარის სამიტის დაპირებების შესრულება.

27 ოქტომბერს, “ნატოს შეიარაღების ეროვნული დირექტორების კონფერენციის” (CNAD) შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობამ კომპანია Lockheed Martin-თან და ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, გამოაცხადა, რომ პოლონეთი შეირჩა „Patiort-ის ევროპული მოწინავე შესაძლებლობები-3“-ის (PAC-3) რაკეტების ტექნიკური მომსახურების ობიექტის (MMF)” მასპინძელ ქვეყნად.

აშშ-ის ომის დეპარტამენტის თანახმად, ახალ ობიექტს საფუძვლად უდევს მჭიდრო ტრანსატლანტიკური სამრეწველო თანამშრომლობა, მიწოდების კრიტიკული ჯაჭვის ინტეგრაცია, რომელსაც თაოსნობენ გერმანია, ნიდერლანდი და შვედეთი.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ დაფიმ განაცხადა:

“მებრძოლთა უზრუნველყოფა - ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას - ასე შევაკავებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს და გავაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას. დღევანდელი განცხადებით პარტნიორობა გადაიზრდება მოქმედებაში. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე კრიტიკული უზრუნველყოფის შესაძლებლობის შექმნაში სახელმწიფოების მიერ ინვესტირება არის მოკავშირეების მკაფიო გზავნილი: ალიანსი ერთიანია, სერიოზულად უდგება შეკავებას და მზად არის სიტყვის საქმით გამყარებისთვის”.

ომის დეპარტამენტის განმარტებით, პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტის განთავსება არის ნატოს 2026 წლის ანკარის სამიტის დაპირებების შესრულება, რითაც ძლიერდება რეგიონის მედეგობა და ევროპელ მოკავშირეებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთ კონვენციურ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა უპირატესად თავად აიღონ.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ რაკეტების ტექნიკური უზრუნველყოფის, შეკეთებისა და კაპიტალური რემონტის ობიექტის ევროპაშივე განთავსებით მნიშვნელოვნად შემცირდება შეკვეთების შესრულების ვადები და მეტად უზრუნველყოფილი იქნება მიწოდების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხაზების უსაფრთხოება.

რეგიონული ჰაბი მნიშვნელოვნად გააძლიერებს კრიზისების დროს მოკავშირეთა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ძალების ოპერატიულ მზადყოფნას და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე კოლექტიური შეკავების შესაძლებლობას.

აშშ-ის მთავრობა ინიციატივის არსს ასე განმარტავს:

“ამ ინიციატივით მოხდება წინა ხაზზე მყოფი სამხედრო პერსონალის პირდაპირი უზრუნველყოფა. მოკავშირეთა ინვესტიციების შერწყმა მსოფლიო კლასის ამერიკულ თავდაცვით ტექნოლოგიასთან, ტრანსატლანტიკურ სამრეწველო შესაძლებლობას სამხედრო ძალად აქცევს - გამშვები მოწყობილობები იქნება დატენილი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოპერაციები იქნება უზრუნველყოფილი, ნატოს მოკავშირეები კი იქნებიან მზად იმავე ღამით საომრად”.

"შეიარაღების ეროვნული დირექტორების კონფერენცია" (CNAD) ნატოს წამყვანი კომიტეტია, რომელიც ხელს უწყობს მოკავშირე ქვეყნებს შორის თანამშრომლობას შეიარაღების სფეროში. ეს კომიტეტი თავს უყრის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვით შესყიდვებზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს. მისი ამოცანაა სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის სისტემების განვითარებისა და წარმოებისთვის თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. CNAD-ი ანგარიშვალდებულია პირდაპირ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წინაშე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG