მათ შორის იყო თბილისის მიერ მკვლელობის ორგანიზებისა და ქოლცენტრების მფარველობისთვის ძებნილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ვლადიმირ პუტინს მიმართეს და სთხოვეს, გაიხსნას „რუსულ-ქართული უნივერსიტეტი“ და „აღდგეს ღვთისმსახურება ლომისის ეკლესიაში“.
ამავე ფორუმზე მოსკოვის ქართველთა ტაძრის წინამძღვარმა დააანონსა „ქართული დელეგაციის ვიზიტი“ პატრიარქი კირილის 80 წლიუს იუბილეზე.
ფონდი „რუსებისა და ქართველების ერთობა“
2026 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქში გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო საკითხზე:
„რუსები და ქართველები რუსეთში – ხალხთა ერთიანობა, თანამემამულეთა მხარდაჭერა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოაცხადეს ფონდის, „რუსებისა და ქართველების ერთობა“, დაფუძნების შესახებ.
ვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
მის თანადამფუძნებელთა შორის არიან:
- აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე;
- მოსკოვში მცხოვრები პრორუსი ბიზნესმენები, მამუკა ფიფია;
- დავით ცეცხლაძე, „რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარე და რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციის პრეზიდენტი.
ეს ფარცხალაძის პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ამავე წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით დააფუძნა „უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი გეორგიევსკი“.
ფარცხალაძეს საქართველოში ბრალად ედება:
- „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება;
- 2020-2023 წლებში თაღლითური ქოლცენტრების დანაშაულებრივი სქემის მფარველობა ფულის გათეთრების მიზნით.
ვინ დაესწრო რუსეთის საგარეო უწყებიდან
დისკუსიას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, ვასილი გავრილოვი.
მან განაცხადა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ერის ინტერესებში შედის“ და „საერთო ტრადიციული ღირებულებები და ერთიანი ისტორიული მემკვიდრეობა საფუძველს ქმნის ამ ორი ქვეყნის დაახლოებისთვის“.
საუბარია ვასილი გავრილოვზე და არა დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვზე – რომლის თბილისში ვიზიტსა და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომასაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი 2019 წლის 20 ივნისს, რაც „გავრილოვის ღამის“ სახელითაა ცნობილი.
„ჩვენ საქართველოს არ განვიხილავთ არც ვინმეს წინააღმდეგ მიმართულ პლაცდარმად და არც სარისკო გეოპოლიტიკური თამაშების საჭადრაკო დაფად“, – განაცხადა ვასილი გავრილოვმა.
„პირიქით, მას ვხედავთ ადამიანური კავშირების, სავაჭრო დერეფნების, ტურისტული მარშრუტებისა და ენერგეტიკული პროექტების ჭრილში“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „სასიხარულოა, რომ დღეს მეგობრობის ხმები გაცილებით უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე განხეთქილების ხმები“.
მან გაიმეორა რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენელთა რიტორიკა:
- რომ „რუსებსა და ქართველებს აერთიანებთ საერთო ისტორია“ და „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების, ოჯახისა და ეკლესიის დაცვის ერთგულება“;
- „ისტორიის გაყალბების ვერანაირი მცდელობა ვერ გააბათილებს იმ ფაქტს, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული იდენტობის, კულტურისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში“.
„ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა“
მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს დოკუმენტი „რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერების“ წინადადებით.
მისი ადრესატია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საქართველოს მთავრობა. დოკუმენტი მხარეებს „სთავაზობს“:
- „საქართველოში რუსული ენის შესწავლის ხელშეწყობასა“ და „რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნას“;
- ასევე, „ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენას“.
სავარაუდოდ, საუბარია კირბალის ლომისის ეკლესიაზე, რომელიც ოკუპირებულად 2018 წელს გამოაცხადეს და რომლის სიახლოვესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2023 წელს თამაზ გინტური მოკლეს.
რადიო თავისუფლებამ შეკითხვა გაუგზავნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპარიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს:
რაიმე ფორმით ამ საკითხზე ინფორმირებული ან ჩართული არის თუ არა საპატრიარქო? პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
- მანამდე, 2 ოქტომბერს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო რუსულ მხარესთან რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს;
- მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ტაძარზეა საუბარი, თუმცა დააზუსტა, რომ საუბარია რუსეთში მდებარე ტაძარზე.
- კონფერენციის წინა დღეებში საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები გამართეს მოსკოვისა და მსოფლიო საპატრიარქოების დელეგაციებმა.
- ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და იქ „საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება“ იყო.
ქართული დელეგაცია კირილის იუბილეზე?
ამავე ფორუმზე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართველთა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ფიოდორ კრეჩეტოვმა თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილის იუბილეს ქართული დელეგაცია დაესწრება.
რადიო თავისუფლებამ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხა, მართლაც იგეგმება თუ არა ასეთი ვიზიტი და თუ კი, ვინ იქნებიან დელეგაციის წევრები. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
რუსეთის პატრიარქი კირილე 20 ნოემბერს 80 წლის ხდება.
დეკანოზმა კრეჩეტოვმა ფორუმზე ისაუბრა აწგანსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლსა და პატრიარქ შიო მესამეზე:
„ახლა, როდესაც უწმინდესი [ილია II] უფალს მიებარა, ურთიერთობა მაინც გრძელდება. გვესმის, რომ ისე არა... პატრიარქ შიო III-ს სჭირდებოდა საკუთარი საქმეებისთვის მიეხედა. ახლა ისევ იმართება ურთიერთობა“, – განაცხადა მან.
- მოსკოვში ეს ფორუმი ჩატარდა ერთი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი.
- პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“.
ფორუმი