Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

კორტნი ოსტრიანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
კორტნი ოსტრიანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ირაკლი კობახიძემ კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აშშ-ს ამჟამად საქართველოში ელჩი არ ჰყავს. დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.

"პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორტნი ოსტრიანი უფრო ადრე, 8 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, შეხვდა.

დანიგანის გადადგომის შემდეგ აშშ-ს საქართველოში ელჩი არ დაუნიშნავს

აშშ-ის ბოლო ელჩმა, რობინ დანიგანმა, - რომლის ელჩობისას, 2024 წლის ნოემბერში, აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, - პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება 2025 წლის 5 ივნისს გამოაცხადა.

მას შემდეგ 2026 წლის 30 ივლისამდე, ელჩის მოვალეობას ასრულებდა მისიის ხელმძღვანელის მოქმედი მოადგილე (DCM), ალან პერსელი;

  • 2026 წლის 30 ივლისს კი აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ (DCM) დაინიშნა ემი დიაზი.

ზოგადად, დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს ელჩი, მისი არყოფნის პირობებში კი - საქმეთა დროებითი რწმუნებული.

  • საქმეთა დროებითი რწმუნებულის არყოფნის გათვალისწინებით, ამ მოვალეობის შესრულებას სწორედ ემი დიაზი შეუდგა;
  • იგი 26 აგვისტოს შეხვდა „ქართული ოცნების მთავრობის“ მეთაურ ირაკლი კობახიძეს;
  • ხოლო 8 სექტემბერს აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოში „ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული - კორტნი ოსტრიანი“;
  • შესაბამისად, ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას;
  • ელჩი კვლავ არ არის დანიშნული, - როგორც შეერთებული შტატების საელჩოებში სხვა არაერთ ქვეყანაში.


ვინ არის კორტნი ოსტრიანი

კორტნი ოსტრიანი
კორტნი ოსტრიანი

თბილისში ჩამოსვლამდე იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში.

იგი, საელჩოს ცნობით, არის „კარიერული დიპლომატი“ და წარსულში უმუშავია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, - სადაც იკავებდა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას ეუთო-ში აშშ-ის მისიაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში მას სხვადასხვა დროს უმუშავია აშშ-ის მისიებში გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინასა და რუსეთში, - ასევე საქართველოში.


თბილისი „გადატვირთვას“ ელის

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებულია.

ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართულმა ოცნებამ“, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.

  • საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
  • ფინანსური სანქციები დაუწესეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც.
  • ოფიციალურ თბილისს იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა.
  • ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.
  • 2026 წლის 28 ივლისს შტატების საელჩომ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.
  • საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.
  • ირაკლი კობახიძემ ამ კრიტიკას „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ეს „მათი საქმეა“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG