Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პედოფილებზე მონადირეები" - რა ვიცით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 7 კაცზე

29 ოქტომბერს ცნობილი გახდა ე.წ. პედოფილებზე მონადირეთა ჯგუფის დაკავების შესახებ. ფოტოკოლაჟში გამოყენებულია კადრები ერთ-ერთი ბრალდებულის იუტუბარხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან, დაკავების კადრი კი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოს ნაწილია
29 ოქტომბერს ცნობილი გახდა ე.წ. პედოფილებზე მონადირეთა ჯგუფის დაკავების შესახებ. ფოტოკოლაჟში გამოყენებულია კადრები ერთ-ერთი ბრალდებულის იუტუბარხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან, დაკავების კადრი კი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოს ნაწილია

მოკლედ

  • შსს-მ 29 ოქტომბერს ბრიფინგით ამცნო საზოგადოებას 7 კაცის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძარცვა და გამოძალვა.
  • გამოძიების ვერსიით ისინი მსხვერპლებს სოციალურ ქსელებში პოულობდნენ, შეხვედრას უნიშნავდნენ, მათზე ძალადობას იღებდნენ და შემდეგ ამ კადრებსაც სოციალურ ქსელებში ტვირთავდნენ.
  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 7-იდან ერთი დაკავებული არასრულწლოვანია, ორი წარსულში ქურდობის ბრალდებით ნასამართლევი - მათ ბრალი უკვე წარედგინათ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ჯერ არ უმსჯელია.

„პედოფილებზე ნადირობა“ - ასე უწოდებს თავის საქმიანობას ერთ-ერთი დაკავებული. რადიო თავისუფლებამ მისი YouTube-არხი დაათვალიერა. 2 ათასზე მეტი გამომწერი, შვიდი ვიდეო, ჯამში 120 ათასზე მეტი ნახვა - კადრებში ჩანს ცემა და მუქარა; გამოძიება ჯგუფის წევრებს ფულის გამოძალვასაც ედავება.

"დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით, ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ", - თქვა 29 ოქტომბერს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით კიკნაძემ.

„ნადირობა პედოზე“ - ყალბი პროფილები, შეხვედრები, ძალადობის კადრები

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გიორგი უსტიაშვილი, 2020 წელს შექმნილ youtube-ის არხზე 2026 ივნისს აქვეყნებს თითქმის 6 წუთიან ვიდეოს სათაურით "ნადირობა პედოზე", სადაც ნიღბით სახედაფარული ახალგაზრდა, სპორტული აღნაგობის კაცი ჰყვება, რომ ჰქონდა სასამართლო, სადაც პირობითი მსჯავრი შეეფარდა, გაიკეთა ოპერაცია და ახლა კვლავ უბრუნდება მის ძველ საქმიანობას, "პედოჰანთინგს," ანუ "პედოფილებზე ნადირობას".

"ყველაფერი საჯაროა ისედაც, ნიღბები ჭირდება პერსონაჟს, რომელიც ამ საქმიანობას ეწევა, ეს ფუნქცია აქვს ნიღაბს და მეტი არაფერი" - ხსნის ვიდეოს დასაწყისში. ამავე ვიდეოს ნაწილია ძალადობის რამდენიმე სცენა და ზარი ფეისბუკის მესინჯერით, სადაც მისი აღწერით, სამტრედიაში მცხოვრებ 36 წლის კაცს სთხოვს პასუხს იმის გამო, რომ ინტიმური საუბარი გააბა 13 წლის ტასოსთან. ტასო გამოგონილი პერსონაჟია, მისი ყალბი ანგარიში გიორგი უსტიაშვილმა შექმნა "პედოფილების გამოსავლენად". მათ, ვინც მის მიერ შექმნილ ამ და სხვა არასრულწლოვანი გოგოების ყალბ ანგარიშებთან პირად საუბარს აბამდა, ან შეხვედრის სურვილს გამოხატავდა, მერე თავისი რეალური ანგარიშიდან ურეკავდა, აფრთხილებდა, რომ მსგავსი რამ აღარ გაეკეთებინა და ემუქრებოდა. ვიდეოში ჩანს როგორც ყალბი ანგარიშიდან მიმოწერის შინაარსი, ისე ისმის ის საუბრები, რომლებიც კაცებთან აქვს ჩაწერილი.

ტიკ-ტოკის ანგარიშზე გიორგი უსტიაშვილის არხზე გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს ორი კაცი და ის გამოგონილი პერსონაჟები, ნუციკო 13 წლის და ანი 12 წლის, რომელთა სახელითაც წერენ სხვა კაცებს.
ტიკ-ტოკის ანგარიშზე გიორგი უსტიაშვილის არხზე გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს ორი კაცი და ის გამოგონილი პერსონაჟები, ნუციკო 13 წლის და ანი 12 წლის, რომელთა სახელითაც წერენ სხვა კაცებს.

"შენს ფეისბუკზე ვხედავ რომ ოჯახი გყავს, ცოლი გყავს, შვილები გყავს და მიხედე ოჯახს. იმედია, ეგრე აღარ მოიქცევი, თორე შევხვდებით ერთმანეთს მომავალში" - ეუბნება ის ერთ-ერთს.

ცოტა ხანში, სხვა ზარამდე კი ხსნის: "ჩვენ არ მოგვწონს, როცა პედო არის ეკლესიური, ანუ ეკლესიურად ცხოვრობს და არის პედო ჩვეულებრივი".

“მე ვარ გიორგი, ვარ ულტრა მემარჯვენე, მე არ ვაპირებ ვინმეს ჩემი იდეოლოგია მოვახვიო ვინმეს თავს, მე არ მივესალმები სისუსტეს. ამ არხის მიზანია მოგიწოდოთ გიყვარდეთ თქვენი რელიგია, თქვენი ქვეყანა, ვივარჯიშოთ და ვიყოთ ძლიერები. რადგან დავიცვათ საკუთარი თავები და ჩვენზე სუსტები" - ამბობს გიორგი უსტიაშვილი ტიკ-ტოკზე 2025 წლის 29 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების შინაარსებიდან, ყოველთვის მკაფიო არ არის, რატომ გახდა ესა თუ ის ადამიანი, რომლის ცემის ან შეურაცხყოფის კადრებია გამოქვეყნებული, ნიღბიანი ახალგაზრდა კაცების სამიზნე.

მაგალითად, არის ვიდეო, სადაც შინაარსის მიხედვით, სავარაუდოდ ტაქსის მძღოლთან მგზავრობისას ჩაწერილი აგრესიული და უცენზურო შელაპარაკებაა ასახული. 1:14 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს ადევს მანქანის სალონში, მძღოლის გვერდზე მჯდომი ნიღბიანი კაცის ფოტო, რომელსაც ხელში პისტოლეტის მსგავსი საგანი უჭირავს. კადრში ისმის "გზაში მეკითხები, რა გინდოდა პოლიციაშიო...შენ ვინ გეკითხება."

ნიღბები, დანებთან, ზურგჩანთებთან და ხელთათმანებთან ერთად ჩანს პოლიციის მიერ დაკავებულთა სახლებიდან ამოღებულ ნივთებს შორის.

გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ მათი ნაწილი ისანში, ნაწილი კი ფონიჭალაშია გადაღებული. უსტიაშვილის გარდა ისმის მისი თანამოაზრეების სახელები - კოსტა და ტატოშა.

"წარმატებები ბიჭებო, მარა აქ სახიფათოა მაინც ვიდეოს დადება ცემის და გირჩევთ რომ ტელეგრამ არხი გააკეთოთ ან რამე" - ურჩევენ ამ ვიდეოს კომენტარებში. სხვა აფრთხილებს, რომ ბანკის ანგარიში არ გაასაჯაროვონ, რადგან მისი საშუალებით მათი პოვნა ადვილი იქნება პოლიციისთვის.
"წარმატებები ბიჭებო, მარა აქ სახიფათოა მაინც ვიდეოს დადება ცემის და გირჩევთ რომ ტელეგრამ არხი გააკეთოთ ან რამე" - ურჩევენ ამ ვიდეოს კომენტარებში. სხვა აფრთხილებს, რომ ბანკის ანგარიში არ გაასაჯაროვონ, რადგან მისი საშუალებით მათი პოვნა ადვილი იქნება პოლიციისთვის.

ბოლო ვიდეოში, რომელიც დაკავებამდე რამდენიმე რამდენიმე დღით ადრე, 23 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული გიორგი უსტიაშვილის youtube არხზე, ჩანს როგორ ვარჯიშობს ის შუაღამისას ერთ-ერთ პარკში. აქ მასთან ერთად არის კიდევ ერთი ბიჭი და გოგო, რომელიც იმ კითხვებს კითხულობს, რასაც გამომწერები უგზავნიან.

"მეთქი ლაივში მიდის დამ***ლა პედოფილების" -წერთ მათ ერთ-ერთი მაყურებელი.

"არა, მაგას ლაივში ვერ გამოვაჩენ" - ამბობს ნიღბიანი კაცი და აგრძელებს, რომ ხშირად ეკითხებიან, რატომ არ მიდის პოლიციაში მის მიერ იდენტიფიცირებული პედოფილების დაჭერის მოთხოვნით.

"ეს პიროვნება, ვინც მაგათ წერს, რეალურად არ არსებობს, ხოდა დანაშაულიც არ არსებობს" - ხსნის ის.

"ხო, ეგაა; არადა, დამნაშავე არსებობს, დანაშაული არა, ეგაა რა" - ამბობს მეორე კაცის ხმა.

"რა თქმა უნდა! არა, ეგაა პოტენციური დამნაშავე. დამნაშავე არ არის იმ მომენტში, რომ რამე იმოქმედო" - განმარტავს ისევ პირველი. რამდენიმე წუთში იგივე ხმა ამბობს:

“ასევე იდეა მაქვს, რომ "ნარკო ჰანთი" დავიწყო, "ნარკო ჰანთი" მაგარი იქნება, ფონიჭალაში იმენა, მაგრამ მთელი თბილისი დამწყევლის მერე, ხო აზრზე ხარ”.

"რო ცემ [პედოფილებს], ფულს ახევ?" - კითხულობს კიდევ ერთი მაყურებელი.

"არა, არასოდეს. ეგეთ რამეს პროსტა ვერ ვიზამ, იმიტო რო არ ზის ჩემში" - ისმის პასუხად.

ბოლო პოსტი გიორგი უსტიაშვილის ტიკ-ტოკ არხზე 27 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული.
ბოლო პოსტი გიორგი უსტიაშვილის ტიკ-ტოკ არხზე 27 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული.

რაც Youtube-ზე გამოქვეყნებულ კადრებში არ ჩანს

გამოძიება ამბობს, რომ დაკავებულები არა მხოლოდ ფიზიკურად ძალადობდნენ და ძარცვავდნენ მსხვერპლებს, შეხვედრის მერეც აგრძელებდნენ მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ზეწოლას და ფულს სძალავდნენ.

პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ფარული მოსმენით მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება გიორგი უსტიაშვილი სხვა ბრალდებულს:

"12-ზე "ჰანთი მაქვს, ერთი ბიჭი გვაქ გ...და ათასი ლარი აქვს მოსატანი."

"დავლეწოთ, იმენა გადავუაროთ?" - ეკითხება მას მოსაუბრე, კ.ჟ-ს ინიციალებით.

"მაგარი დავლეწოთ, მაგარს დავლეწავ. იმ ბიჭს მოვაჭრი ხელებს" - პასუხობს მას უსტიაშვილი.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ამ დროისთვის იდენტიფიცირებული და გამოკითხულია ამ 7 კაციანი ძალადობრივი დაჯგუფების ათზე მეტი მსხვერპლი. გამოძიება გრძელდება და არსებობს მოლოდინი, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

გამოძიებას შესასწავლი აქვს ბრალდებულების დაკავებისას ამოღებულ ტელეფონებსა და კომპიუტერებში დაცული მონაცემებიც.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული ოთხი ბრალდებულის ადვოკატებსაც - გვინდოდა მათგან გაგვეგო დაკავებულების პოზიცია გამოძიების ვერსიაზე. ოთხივე ადვოკატმა გვითხრა, რომ ჯერ საქმის მასალებს არ იცნობენ და მხოლოდ მათი გაცნობის და დაკავებულებთან პოზიციების შეჯერების შემდეგ შეძლებენ ამ თემაზე მედიასთან საუბარს.

"ბრძოლა პედოფილიასთან" და სხვა დანაშაულები

7 კაცის ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავება პირველი შემთხვევა არ არის, სადაც ბრალდებულები თავს "პედოფილებზე მონადირეებს" უწოდებენ.

tik-tok-ზე არაერთ გვერდს და ასობით ვიდეოს ნახავთ, სადაც არასრულწლოვანი გოგოების ყალბი ანგარიშებიდან სრულწლოვან კაცებთან მიმოწერაა ასახული - ამ კაცების ნაწილი ყალბი ანგარიშების მიერ დანიშნულ შეხვედრებზეც მიდის, სადაც მათ ფიზიკურად უსწორდებიან.

ერთ-ერთი გვერდი ტიკ-ტოკიდან, სადაც ათობით ადამიანთან ყალბი ანგარიშებით მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციაა ატვირთული
ერთ-ერთი გვერდი ტიკ-ტოკიდან, სადაც ათობით ადამიანთან ყალბი ანგარიშებით მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციაა ატვირთული

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია იმ არხების სახელები და მისამართები, რომელიც 7 კაცის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საქმის მასალებში მტკიცებულებად არის წარმოდგენილი.

2025-2026 წელს ფაშისტური და ნაცისტური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დაკავებული 30-მდე მოზარდიდან რამდენიმესთვის წარდგენილ ბრალშიც იყო მსგავსი ძალადობრივი ინცინენტები ნახსენები.

რადიო თავისუფლებას ადვოკატები ეუბნებიან, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი ინციდენტები მორიგებით დასრულებულა.

პედოფილიის პრობლემა

პედოფილიის მასშტაბებზე საქართველოში მსჯელობა შეიძლება მოზარდებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის, მათ მიმართ გარყვნილი ქმედებების გახმაურებული შემთხვევებით, რომელთა უმეტესობაში მოძალადე ბავშვის ოჯახის წევრი ან ახლობელია - როგორც უფლებადამცველები ამბობენ, გახმაურებული შემთხვევები მხოლოდ აისბერგის წვერია და რეალურად პრობლემა გაცილებით მასშტაბურია.


კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG