ჰუმანიტარული მისიის კოორდინირების მიზნით უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი და რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში იანა ლანტრატოვა ჩავიდნენ ხერსონის ოლქთან მოსაზღვრე ქალაქ არმიანსკში, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ეკუთვნის.
ამის შემდეგ ჰუმანიტარულმა ავტოკოლონამ გეზი ოლეშკისკენ აიღო. მანამდე ლუბინეცი და ლანტრატოვა ერთად გამოჩნდნენ მედიის წინაშე.
მათი განცხადებების მიხედვით, ოლეშკის მცხოვრებნი მიიღებენ სურსათს, მედიკამენტებს და სხვა საჭირო პროდუქტებს. ევაკუაციის მსურველებისთვის მომზადებულია 25 ავტობუსი(750 ადგილი), 30-ადგილიანი სპეციალური ტრანსპორტი მწოლიარე პაციენტებისთვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 ავტომანქანა.
ქალაქ ოლეშკიში უსაფრთხოდ ჩასვლის შემდეგ ლუბინეცმა და ლანტრატოვამ თავიანთ ტელეგრამ-არხებზე ვიდეოები გამოაქვეყნეს.
ჰუმანიტარული კატასტროფა და დროებითი ზავი
ოკუპირებული ოლეშკი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ქალაქ ხერსონთან, რომელიც მარჯვენა ნაპირზეა და უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ოლეშკიზე მუდმივ დარტყმებში, რომელთა გამოც ქალაქის მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო საჭირო პროდუქტების მიწოდება.
ოლეშკისა და მის მეზობელ სოფლებში ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნა.
23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ოლეშკის რაიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადდეს მოსახლეობის ევაკუაცია.
ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
- მოხალისეთა ჯგუფების მონაცემებით, 2026 წლის შემოდგომისთვის ქალაქ ოლეშკიში დარჩენილი იყო დაახლოებით 1500-1700 ადამიანი, მეზობელი სოფლების ჩათვლით კი - დაახლოებით 6000, მათ შორის 200-მდე ბავშვი.
ფორუმი