Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია - ბერდია სიჭინავა

ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. 2026 წლის 30 ოქტომბერი
ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. 2026 წლის 30 ოქტომბერი

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვისას, სოფელ ჩორჩანის ეპიზოდზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2019 წელს სოფელში ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ ჩორჩანა ოკუპაციისგან გადაარჩინა.

„ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს არის შემდგარი ფაქტი“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, საგუშაგოს განთავსებას წინ უძღოდა საოკუპაციო ძალების მიერ ტერიტორიული პრეტენზიების გაფართოება და ბორდერიზაციის მცდელობები. სიჭინავამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია ორჯერ დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და პარლამენტში ნდობაც გამოუცხადა.

„მხოლოდ ამის შემდეგ, ხუთი-ექვსი წლის თავზე, ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ გიორგი გახარიას თურმე რაღაც ეროვნული უსაფრთხოების უბედურება ჩაუდენია სოფელ ჩორჩანაში“, - განაცხადა მან.

სიჭინავამ აბსურდული უწოდა „ქართული ოცნების“ სარჩელში წარმოდგენილ მსჯელობას, თითქოს გახარიას გადაწყვეტილებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა.

„მთელი ის ნარატივი, რაც სარჩელში აგებულია, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მოხდა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, არის აბსურდი“, - თქვა მან.

სიჭინავას განცხადებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი მიესალმა გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი პოლიციელები ჩორჩანას დატოვებდნენ.

მისივე თქმით, ჩორჩანის საკითხი პარტიული არ არის და მისი ამ ფორმით განხილვამ შესაძლოა საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს.

„ფაქტობრივად, კონსტიტუციური მოსარჩელეები გვეუბნებიან, რომ საქართველოს უნდა შეეზღუდოს სუვერენიტეტი საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე. [...] ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება, ჩვენს სიღრმეში, საოკუპაციო ხაზს აქეთ, თურმე არის დანაშაული, იმიტომ, რომ ამან შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვიოს“, - განაცხადა სიჭინავამ.

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას ედავება.

2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ გახარიას ამ ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარუდგინა. ბრალდების თანახმად, მან გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე მიიღო, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებითი ფართობი დაიკავეს.

გახარიას ჩორჩანის საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი პარტია ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სიჭინავას გამოსვლისას, როდესაც ის 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევაზე საუბრობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პროტესტი გამოთქვა და სასამართლოს სთხოვა, მოპასუხე მხარეს „ქართული ოცნების“ მიმართ მითითებებისგან თავი შეეკავებინა.

ამას სიჭინავასა და გორდულაძეს შორის კამათი მოჰყვა. სიჭინავამ დეპუტატს ჰკითხა, რის საფუძველზე აწყვეტინებდა სიტყვას. გორდულაძემ მას ზრდილობისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ თავი დაემშვიდებინა და სასამართლოსთვის მიემართა. კამათისას გორდულაძის მხრიდან გაისმა ფრაზა „უზრდელი ხარ“.

ამის შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ გორდულაძეს პროტესტის გამოხატვის უფლება ჰქონდა და ორივე მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების სარჩელი“

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.

ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG