Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის ბრალდებით დაკავებულ "პედოფილებზე მონადირეებს" წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის, ფულის გამოძალვისა და ძარცვის ბრალდებით 7 ახალგაზრდას დაკავების შესახებ ინფორმაცია 29 ოქტომბერს გაავრცელა - მათგან რამდენიმე წინა თვეებში youtube-სა და tik-tok-ზე თავად ჰყვებოდა საკუთარ საქმიანობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის, ფულის გამოძალვისა და ძარცვის ბრალდებით 7 ახალგაზრდას დაკავების შესახებ ინფორმაცია 29 ოქტომბერს გაავრცელა - მათგან რამდენიმე წინა თვეებში youtube-სა და tik-tok-ზე თავად ჰყვებოდა საკუთარ საქმიანობაზე.

მოკლედ

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 7 ახალგაზრდა კაცს, რომლებიც 28 და 29 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
  • გამოძიება ამბობს, რომ ისინი ძირითადად ინტერნეტში არჩევდნენ მსხვერპლებს, რომლებსაც ქალის სახელით წერდნენ, შეხვედრებს უნიშნავდნენ და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ძარცვავდნენ ან ფულს სძალავდნენ.
  • ყველა ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს - სასამართლო ამ საქმეს დახურულ რეჟიმში განიხილავს, რადგან დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის სახით უფრო მსუბუქი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვდა - საგამოძიებო უწყებებისთვის საქმეზე გამოძიება ჯერაც გრძელდება და არსებობს მოლოდინი დამატებითი მტკიცებულებების მოგროვების და ბრალდებულთა წრის გაფართოებისაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-16 დარბაზში მოსამართლე დავით კურტანიძე თითქმის სამი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ისმენდა მხარეების არგუმენტებს - სასამართლო პროცესს მხოლოდ დაკავებულები, მათი ადვოკატები, პროკურორი და ის პოლიციელები ესწრებოდნენ, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან სასამართლომდე ბადრაგირებაში იყვნენ ჩართულები.

ერთადერთი მშობელი, რომელიც სხდომას დაესწრო, დაკავებული არასრულწლოვანის მამაა.

ამ ეტაპზე არცერთი დაკავებულის ადვოკატი მედიასთან საქმეზე არ საუბრობს. საქმის მასალები, რაც ამ ეტაპზე ოთხ ტომად არის აკინძული, მათ სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე გადაეცათ.

რადიო თავისუფლებამ სასამართლო პროცესამდე შეძლო ორი დაკავებულის იდენტიფიცირება - ისინი რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებში, ძირითადად Youtube-სა და Tik-Tok-ზე აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც სახე ნიღბებით აქვთ დაფარული და ჰყვებიან და აჩვენებენ კიდეც, როგორ უსწორდებიან ქუჩებში, მეტროს სადგურებსა და სხვა საჯარო ადგილებში სხვადასხვა ადამიანს, აყენებენ მათ შეურაცხყოფას და ემუქრებიან. გამოძიებას მტკიცებულებებად აქვს ჩხრეკისას მათი სახლებიდან ამოღებული ნიღბები და ის ტანსაცმელი, რომლითაც ვიდეოებში ჩნდებიან.

ამ ვიდეოების შინაარსიდან ჩანს, რომ მათი სამიზნე ის ხალხია, ვისაც პედოფილებად მიიჩნევენ იმის გამო, რომ მათ მიერ შექმნილ ყალბი იდენტობის მქონე ანგარიშებიდან ძირითადად არასრულწლოვანი გოგოების სახელით მიწერილ გზავნილებს პასუხობს და ამ გოგოებით ინტერესდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG