Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში შეფრინდა ორი დრონი, რომლებმაც შემდეგ რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს

საილუსტრაციო ფოტო: მოლდოვის ტერიტორიაზე 2026 წ. 23 ოქტომბერს ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები.
საილუსტრაციო ფოტო: მოლდოვის ტერიტორიაზე 2026 წ. 23 ოქტომბერს ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები.

შაბათს, 31 ოქტომბერს, მოლდოვის ტერიტორიის გავლით ორმა უპილოტო აპარატმა გადაიფრინა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

პირველი დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში 16:24 საათზე შევიდა. იგი უკრაინის ოდესის ოლქის სოფელ სემიონოვკის მხრიდან გადაადგილდებოდა არაღიარებული დნესტრისპირეთის რიბნიცის რაიონის სოფელ პლოპის მიმართულებით. მოგვიანებით აპარატი ტელენეშტის რაიონის სოფელ ბანეშტის მიდამოებში დააფიქსირეს, რის შემდეგაც კალარაშის რაიონის სოფელ ციბირიკას სიახლოვეს რადარებიდან გაუჩინარდა და, გავრცელებული ცნობით, მალევე დატოვა მოლდოვა.

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში დროებით შეზღუდა საჰაერო სივრცით სარგებლობა.

მეორე უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე 17:50 საათზე გადაკვეთა უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ მიხაილოვკის მხრიდან, სოროკის რაიონის სოფელ სობარის მიმართულებით. მისი ფრენა დაფიქსირდა ქალაქ დონდიუშანის სიახლოვეს, ასევე ედინეცის რაიონის სოფლების - გოლენის, გორდინეშტისა და ბურლენეშტის თავზე. 18:12 საათზე დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დატოვა ედინეცის რაიონის სოფელ ვიიშოარასთან.

როგორც თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, უპილოტო საფრენი აპარატების გადაფრენა მოხდა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების ფონზე.

ორივე უპილოტო აპარატი მოლდოვიდან გასვლის შემდეგ რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰაერში ორჯერ აფრინდა F-16 ტიპის ორ-ორი გამანადგურებელი.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG