ილიანა იოტოვამ, რომელიც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რადევის მსგავსად რუსეთთან დიალოგის მომხრეა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ყოფილი პრემიერი, პროდასავლელი ანდრეი გიუროვი.
პირველ ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი ოფიციალური შედეგებით, იოტოვამ ხმების 57% მიიღო, ხოლო გიუროვმა - 39%. პირველი ტური, რომლის შედეგად ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, 25 ოქტომბერს გაიმართა.
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული ილიანა იოტოვა სოციალისტური პარტიის და პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის „პროგრესული ბულგარეთის“ მხარდაჭერით სარგებლობს.
- ილიანა იოტოვა ევროპარლამენტის დეპუტატი იყო 2007-2017 წლებში. შემდეგ ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
- 2026 წლის იანვარში ილიანა იოტოვა გახდა ბულგარეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო პრეზიდენტის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა რუმენ რადევი.
„ძლიერი ბულგარეთისთვის ძლიერ ევროპაში“
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ილიანა იოტოვას ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და ელოდება მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და კონკურენტუნარიანობისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხებში.
ფონ დერ ლაიენის მილოცვა სრულდება სიტყვებით: „ძლიერი ბულგარეთისთვის ძლიერ ევროპაში“.
- ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც რჩებიან რუსული ბუნებრივი გაზის მომხმარებლებად. ბულგარეთზე გადის მილსადენიც, რომლითაც გაზის ტრანზიტი ხორციელდება უნგრეთსა და სლოვაკეთშიც.
გიუროვმა დამარცხება აღიარა
ბულგარეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ანდრეი გიუროვმა, რომელიც უკრაინის დახმარებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან კავშირების განმტკიცების მომხრეა და ბულგარეთის პროდასავლური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს, მეორე ტურში დამარცხება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ შედეგები მისთვის მოულოდნელი იყო.
გიუროვის შეფასებით, ბულგარეთს ელოდება რთული დრო, მაგრამ აუცილებელია გზების ძიება საერთო ამოცანების გადასაჭრელად.
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩატარებული კამპანიის მთავარი თემები იყო ინფლაცია და სხვა ეკონომიკური სირთულეები და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები.
ბოლო ხანს ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში უპილოტო აპარატებით შეტევა იყო არაერთ სატვირთო გემზე. უკრაინაში ომთან სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ხანძრებსაც თანამგზავრული კავშირის, Starlink-ის სახმელეთო სადგურსა და იარაღის მწარმოებელი ქარხნის, ЕМСО-ს საწყობებში.
- ნატოს და ევროკავშირის წევრი ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მთავრობა და პარლამენტი იღებენ.
- პრეზიდენტი არმიის უმაღლესი მთავარსარდალია. შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, ხელი მოაწეროს საერთაშორისო დოკუმენტებს და დანიშნოს დიპლომატიური წარმომადგენლები.
ფორუმი