Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პირობა ძალაშია“ - თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ვადაზე

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „სმარტ სოლუშენსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შეიტანა, რომელთა მიხედვითაც, სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით, 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე, გადაიწია.

თუმცა მერიაში განმარტავენ, რომ პროექტის დასრულების საჯაროდ გაცხადებული ვადა არ შეცვლილა.

დოკუმენტების თანახმად, თავდაპირველად სამუშაოების შესრულებისთვის 100 კალენდარული დღე იყო განსაზღვრული, ახლა კი ვადა 130 დღემდე გაიზარდა.

ვადის გახანგრძლივების ერთ-ერთ მიზეზად უამინდობა დასახელდა. ხელშეკრულებების თანახმად, 1 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 29 ნალექიანი დღე დაფიქსირდა, რამაც სამუშაოების მიმდინარეობას ხელი შეუშალა. გადავადების სხვა მიზეზებად მითითებულია რეაბილიტაციის დროს გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებები, საპროექტო ცვლილებების აუცილებლობა, სამუშაოების მოცულობის ზრდა და მიწისქვეშა კომუნიკაციებზე მომუშავე კომპანიების საქმიანობით შექმნილი შეფერხებები.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადად თავიდანვე ნოემბრის ბოლო იყო განსაზღვრული და ეს ვადა არ შეცვლილა.

„არცერთ ჩვენს ოფიციალურ კომენტარში არასდროს თქმულა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდებოდა ოქტომბრის თვეში. ყოველთვის, პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბერში“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, გამზირზე დაახლოებით 10 კომპანია მუშაობს, რომლებსაც განსხვავებული სამუშაო გრაფიკები და სახელშეკრულებო ვადები აქვთ. შესაბამისად, ცალკეულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა პროექტის დასრულების საერთო ვადაზე არ აისახება.

ბენდელიანმა ასევე განაცხადა, რომ ვადების გადავადების შესახებ ინფორმაციას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თბილისის მერიის „დისკრედიტაციის მიზნით“ ავრცელებენ.

29 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემაც განაცხადა, რომ რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდებოდა.

„როგორც დავპირდით მოსახლეობას, ნოემბრის ბოლოს პროექტი დასრულებული იქნება. მასშტაბური სამუშაოებია, გარკვეული პრობლემები შეიქმნა აღნიშნული რეაბილიტაციის დროს გადაადგილების თვალსაზრისით. გვესმის, რამდენად რთულია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული შეზღუდვების და დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია“, - განაცხადა კალაძემ და მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.

„ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება“, - თქვა კალაძემ დღეს, 2 ნოემბერს, „სმარტ სოლუშენსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები სამ ტენდერადაა დაყოფილი. ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის ღირებულება 7,9 მლნ ლარია, სავაჭრო ცენტრ „მერნიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის - 5,8 მლნ ლარი, ხოლო ჭოველიძის ქუჩიდან „მერნამდე“ მონაკვეთის - 6,1 მლნ ლარი. სამი ტენდერის ღირებულება ჯამში 19,8 მლნ ლარს შეადგენს.
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე, ჯავახიშვილის ქუჩამდე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG