დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, დნიპროში დაზიანებულია სამედიცინო-სანიტარიული დახმარების ცენტრის ამბულატორიისა და ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობები. პაციენტები და მედიკოსები არ დაშავებულან.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, ეს საავადმყოფო ჰოსპისია, სადაც მძიმედ დაავადებული 50-მდე პაციენტი იმყოფებოდა. ყველაზე უფროსი 90 წლისაა. პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მერის ინფორმაციით, ქალაქში ნახევრად დანგრეული და დაზიანებულია 20 სახლი. ერთი-ერთის ნანგრევებიდან მაშველებმა დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს.
დნიპროში დაზიანებულია გიმნაზიის, საბავშვო ბაღის, მუსიკალური სკოლის, ბიბლიოთეკის და კულტურის სასახლის შენობებიც.
ფილატოვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სარაკეტო შეტევით გამოწვეული შედეგების ამსახველი ფოტოები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 3 ნოემბერს რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს შორის ორი სამედიცინო დაწესებულებაა ქალაქ ხარკოვშიც.
მორიგი მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოობიექტებზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით 2 ნოემბერს ღამით განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას, რომელსაც აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებს დაამთხვევს.
რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეტევა ორიდან სამი ნოემბრის ღამიდან დაიწყეს.
3 ნოემბერს დილით პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის „რთული მასირებული დარტყმის“ მთავარი სამიზნე ისევ ენერგეტიკა იყო - ელექტროსადგურები ოდესის, ჩერკასის, ჟიტომირის, ვინიცის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ჩერნოვიცკის და როვნოს ოლქებში.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა გამოიყენეს 289 დრონი და 17 ბალისტიკური და 59 ფრთოსანი რაკეტა:
„ეს ყველაფერი ამერიკის კონგრესის არჩევნების დღეს. რუსები ფიქრობენ, რომ ამერიკა მათ ამ სიგნალს ვერ შენიშნავს. მაგრამ საჭიროა შენიშნო და ასეთი ტერორი შეაჩერო. უკრაინას უნდა დაეხმარო ცის დასაცავად. სხვაგვარად რუსეთი არასდროს შეწყვეტს თავის სარაკეტო დარტყმებს. საჭიროა დახმარება მშვიდობის პატიოსნად და საიმედოდ მშენებლობისთვის და ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია“.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა შეძლეს 3 ბალისტიკური და 49 ფრთოსანი რაკეტის და 257 დრონის მოგერიება. რუსული რაკეტებით და დრონებით პირდაპირი დარტყმა იყო 23 ადგილზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ რაკეტებით და დრონებით უკრაინის ვინიცის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქებში დაარტყეს ოთხ თბოელექტროსადგურს და ორ ქვესადგურს, რომლებიც „ელექტროენერგიით უზრუნველყოფდნენ სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებს“.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტების დაზიანებისა და ქსელში ძაბვის შემცირების გამო ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დარღვეულია და ე.წ. ავარიულ გათიშვებს მიმართეს კიევის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის და ხარკოვის ოლქებში.
ფორუმი