Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია - კალაძე ცხოველთა დამცველებზე

კახა კალაძე - თბილისის მერი.
კახა კალაძე - თბილისის მერი.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომლის პოლიტიკასაც ცხოველთა უფლებადამცველები ბოლო დღეები აკრიტიკებენ, მათ პასუხისგებაში მიცემით ემუქრება. მისი სიტყვებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „გამჭვირვალედ მუშაობს“.

„ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას“, - თქვა კალაძემ.

მან ცხოველთა უფლებადამცველებს „არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები“ უწოდა:

„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“ - უთხრა თბილისის მერმა ჟურნალისტებს 3 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დათვალიერებისას.

რა უძღოდა წინ კალაძის კომენტარს?

31 ოქტომბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში" გადაიცა რეპორტაჟი, სადაც, ჟურნალისტების თქმით, ჩანდა ღამით თბილისში, ლილოში, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ძაღლების ნეშტების დამარხვა სპეციალურად მოწყობილ ორმოში.

რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და საპროტესტი აქცია გამართეს. მათ ასევე გამოაქვეყნეს პეტიცია და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

პეტიციის ავტორები მიუთითებდნენ მოქალაქეთა მონათხრობზეც, ქვეყნის მასშტაბით ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შესახებ და ხმაზეც, სატელევიზიო კადრებში, რომ ერთ-ერთი ძაღლის ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო.

„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, - წერდნენ ცხოველთა უფლებადამცველები. .


ცხოველთა უფლებადამცველებმა პროკურატურას მოთხოვეს სამარხის დათვალიერება, ნეშტების ამოღება და დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, ცხოველების სიკვდილის მიზეზებისა და სავარაუდო დროის დასადგენად.

თბილისის მერამდე ბრალდებები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უარყო

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უარყო ბრალდებები ძაღლების მასობრივი და მიზანმიმართული დახოცვის შესახებ.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, სამარხში მოთავსებულია დაავადებების, ავტოსაგზაო და სხვა უბედური შემთხვევების შედეგად, ასევე ბუნებრივი მიზეზებით მომკვდარი ძაღლების ნეშტები.

უწყების განცხადებით, დედაქალაქში ევთანაზიით ყოველწლიურად კვდება ასობით ცხოველი, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით - ათასობით. სააგენტო ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია მის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG