Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სააგენტოს ცნობით, იემენის ქალაქ ტაიზში ათასობით ორსული ქალი საფრთხის წინაშეა

იემენის ქალაქ ტაიზის საავადმყოფო. 14 ოქტომბერი, 2026 წელი
იემენის ქალაქ ტაიზის საავადმყოფო. 14 ოქტომბერი, 2026 წელი

გაეროს მონაცემებით, რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 147 000-მა ქალმა და გოგონამ დაკარგა წვდომა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე იემენის ქალაქ ტაიზსა და მის შემოგარენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და გადაადგილების შეზღუდვების გამო.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა სამშაბათს განაცხადა, რომ 13 000-ზე მეტი ორსული ქალი აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა, რაც, თავის მხრივ, მუცლის მოშლის შემთხვევების ზრდას იწვევს.

მთავრობასა (რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს) და ირანთან
დაკავშირებული ჰუთების მოძრაობას შორის დაპირისპირების
გამწვავების ფონზე, ქალაქი ტაიზი უკვე ერთი თვეა, ფაქტობრივად
იზოლაციაშია: საბრძოლო მოქმედებები ხელს უშლის როგორც ჰუმანიტარული
ტვირთების შეტანას, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის ქალაქიდან გასვლას.

ჰუთებმა მნიშვნელოვანი მომარაგების გზები, მათ შორის
ტაიზ-ადენის დერეფანი, გადაკეტეს, რაც წყლის, საკვებისა და საწვავის
დეფიციტს ამწვავებს. გაეროს მონაცემებით, ქალაქი იემენში ბოლო საბრძოლო
მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული 300 000 ადამიანის
დაახლოებით ნახევარს მასპინძლობს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის იემენის წარმომადგენელმა ფრანჩესკო
გალტიერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იემენში დედების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არაბულ რეგიონში, სადაც, სავარაუდოდ, ყოველდღიურად სამი ქალი იღუპება მშობიარობის დროს გართულებების გამო, სანამ ამ ზაფხულს იქ კონფლიქტი განახლდებოდა.

ბოლო პერიოდში, UNFPA-ს (გაეროს მოსახლეობის ფონდის) მხარდაჭერით
მომუშავე ბებიაქალები ავრცელებენ ინფორმაციას მუცლის მოშლისა და
სახიფათო მშობიარობების შემთხვევების ზრდის შესახებ — განსაკუთრებით
ქალაქ ტაიზსა და მის შემოგარენში.
UNFPA-ს პროგნოზით, იძულებით გადაადგილებულ 6 400 ორსულ ქალს შორის, კონფლიქტისა და მასობრივი გადაადგილების შედეგად გამოწვეული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე, შესაძლოა, სამეანო ხასიათის დაახლოებით 1 500 გადაუდებელ შემთხვევას ჰქონდეს ადგილი.
გალტიერის თქმით, ტაიზსა და მის შემოგარენში დედათა და
ახალშობილთა ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი 27 გადაუდებელი
დახმარების დაწესებულებიდან მხოლოდ 5 აგრძელებს ნაწილობრივ
ფუნქციონირებას, მაშინ როდესაც რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 147 000 ქალსა და გოგონას ჯანდაცვის აუცილებელ მომსახურებაზე წვდომა შეეზღუდა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ოქტომბრის დასაწყისიდან
მოყოლებული, ტაიზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 800 000-ზე
მეტ ადამიანს სურსათით დახმარების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG