Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნეიტრალიტეტის ფორუმი“ თბილისში - როგორ ეძებს ანტიევროპული პარტია მეტ მხარდაჭერას ხალხში

ფორუმის ორგანიზატორები და სტუმრები 4 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებს შეხვდნენ.
ფორუმის ორგანიზატორები და სტუმრები 4 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ მტკიცე მხარდამჭერი ანტიევროპული პარტია, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, ქვეყანაში ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაციასა და მხარდამჭერების მოზიდვას ცდილობს - ამჯერად ფორუმის საშუალებით. “თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმს” 5-6 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასი" მასპინძლობდა.

„წარსულის გადმონაშთი და აბსოლუტური ილუზიაა, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობას ქმნის. ევროატლანტიზმი დღეს უსაფრთხოების გარანტია კი არა, დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის“, - თქვა ფორუმის გახსნისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა. ეს პარტია უკვე დიდი ხანია ითხოვს უარის თქმას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ახლო წარსულში მოითხოვეს რეფერენდუმის ჩატარებაც.

ნეიტრალიტეტის იდეა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, გააკეთონ ყველაფერი ევროკავშირში და ნატოში გასაწევრიანებლად.

EU NEIGHBOURS EAST-ის 2026 წლის კვლევით, 2026 წლის შედეგებით, გამოკითხულთა 71% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ზიანზე მეტ სარგებელს მოიტანს.

ნეიტრალიტეტის მომხრე ექსპერტები, მათ შორის ფორუმის მონაწილეები, ხშირად ღიად აკნინებენ დასავლეთს და განსაკუთრებით - ევროკავშირს.

მოსკოვი კი ღიად ახალისებს ნეიტრალიტეტის მომხრეთა გაძლიერებას საქართველოში.

ფორუმის ძირითადი მესიჯები

აშშ, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესტონეთი, ირანი, სომხეთი - „ნეიტრალიტეტის ფორუმის“ სპიკერები სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიეს.

ღია წყაროებში მრავლად იძებნება მათი ინტერვიუები თუ კომენტარები ერთმანეთის მსგავსი ძირითადი მესიჯებით:

  • უკრაინა და საქართველო [2008 წელს], დასავლეთის ინსპირაციით, პროქსი-ომების არეალად იქცა;
  • ომების თავიდან აცილება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს შეეძლო;
  • ევროკავშირის ქვეყნებს ომი სურთ;
  • დასავლეთს რუსეთის დაშლა, განადგურება უნდა და უკრაინელებს სასიკვდილოდ იმეტებს;
  • რუსეთი უსაფრთხოების დასაცავად იძულებული გახდა სამხედრო აგრესიაზე წასულიყო;
  • ნატო რუსეთს ომს ვერ მოუგებს, რუსეთის დამარცხება შეუძლებელია;
  • გაუმართლებელია სანქციების დაწესება რუსეთისთვის.


საერთო მესიჯია, რომ ნეიტრალიტეტი უსაფრთხოებისა და განვითარების ერთადერთი გარანტიაა როგორც უკრაინისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

5 ნოემბერს ფორუმი "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, გახსნა.
5 ნოემბერს ფორუმი "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, გახსნა.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ნეიტრალიტეტს განიხილავს“ არა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებებში ჩართვისგან დაცვის მექანიზმად, არამედ საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო ფუნქციის ახლებურად გააზრების საფუძვლად”.

ვატო შაქარიშვილის თქმით, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, როცა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე შეთანხმების დრო მოვა, "სწორედ ამ დიდი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ნეიტრალური სტატუსი". ფორუმს ის განიხილავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად "ამ [ნეიტრალიტეტის] იდეის რეალიზაციის მიმართულებით - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ".

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ნიკოლეიშვილი, "იმედის" ეთერში ამბობს, რომ ფორუმი ქმნის შესაძლებლობას - „საქართველოს საზღვრებს გარეთაც გავიდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ... საქართველოშიც არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს ნეიტრალიტეტზე საკმაოდ სერიოზულად”.

ფორუმს, სპიკერებსა და მათ სათქმელს, პოზიტიური ტონით, დიდი დრო დაუთმეს ქართულმა პროსახელისუფლებო არხებმა.

ფორუმის სპიკერები

“დასავლეთს საქართველო მხოლოდ ერთი მიზეზით აინტერესებს - გამოიყენოს საქართველო როგორც პლაცდარმი რუსეთზე თავდასასხმელად. ასევეა სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში. დასავლეთს საერთოდ არ ადარდებს საქართველოს მოსახლეობა…მათ არ სურთ დემოკრატია და თავისუფლება ქართველი ხალხისთვის. მათ საქართველოს, როგორც დამრტყმელის [ტარანი], გამოყენება სურთ”, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა სპიკერმა, ამერიკელმა ლარი ჯონსონმა, ფორუმის დაწყების წინა დღით.

მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი აბურთავებს საქართველოს და სათავისოდ თამაშს აიძულებს; ხოლო რუსეთი ამას არასოდეს აკეთებს - არასოდეს მიუთითებს ქვეყნებს, როგორ მოიქცნენ.

ლარი ჯონსონი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია; ამჟამად - დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური კომენტატორი.

“რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა? იყო ასეთი ადამიანი იოსებ სტალინი საქართველოდან და ძალიან დიდი როლი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ამდენად არის ურთიერთობა ისტორიული… რუსები ქორწინდებიან ასევე ქართველებზე”, - [ფორუმის მიერ გავრცელებული ქართულენოვანი თარგმანი] 5 ნოემბერს ჯონსონმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში 1,5 მილიონი ადამიანი სწორედ აშშ-ის ინტერესებს შეეწირა.

ღია წყაროებით ირკვევა, რომ ლარი ჯონსონი რუსეთის ხშირი სტუმარია.

ინტერვიუებში ამბობს, რომ აკადემიური მიზნებით იწვევენ, თუმცა არცთუ იშვიათად ხვდება რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენლებსაც.

ბოლო ვიზიტი 2026 წლის სექტემბერში შედგა. ჯონსონი ინტერვიუებში აქებს რუსების სამზარეულოს, წესრიგსა და უსაფრთხოებას დიდი ქალაქების ქუჩებში; იხსენებს ვახშამს, არყის თანხლებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ის ესაუბრა ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმის, „ახმატის“ მეთაურს, გენერალ-მაიორ აპტი ალაუდინოვსაც.

მოსკოვიდან ჯონსონმა ჩამოიტანა ამბავი, რომ რუსეთს ხელი არ აუღია უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე. მისი პროგნოზია, რომ რუსეთის არმია კიევს 2027 წლის ივნისში დაიკავებს.

„რუსეთი ჩვენთვის [ამერიკელებისთვის] არ არის მტერი. ის ბუნებრივი მოკავშირეა. ჩვენ უბრალოდ უნდა დავასრულოთ მისი მტრად აღქმა“, - ამბობს ჯონსონი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლარი ჯონსონი ხშირად ჩნდება კრემლის მხარდამჭერი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის ეთერში; მას ციტირებენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები და სააგენტოები საქართველოში.

ჯონსონს სიტყვებია - „დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად“. „მითების დეტექტორი“ მას კრემლისტური ნარატივების გამავრცელებელ ექსპერტად აფასებს.

ფორუმის თანაორგანიზატორმა, ნეიტრალიტეტის კვლევების ცენტრის [„Neutrality Studies“] დამფუძნებელმა, იაპონიაში მოღვაწე შვეიცარიელმა მკვლევარმა პასკალ ლოტაზმა ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს შვეიცარიის მაგალითი არ გამოადგება და ნეიტრალიტეტის სათავისო მოდელი ქვეყანამ თავად უნდა შექმნას, პირველ რიგში - სამხედრო საკითხებში მიუმხრობლობის გზით.

სწორედ ნეიტრალიტეტის ფონზე ხედავს ის რუსეთთან და ოკუპირებულ რეგიონებთან დიალოგის ახლებურ შესაძლებლობასაც - როცა, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია არ მოუხდენია.

„თუკი გააკეთებს გარკვეულ შეთავაზებას, რომ საქართველო გახდეს საერთო სახლი ყველასთვის და ეს შეიძლება იყოს ასევე კარგი რუსეთისთვის, მთელი რეგიონისთვის და უკვე ძალიან, ძალიან კარგი მოცემულობა იქმნება, იმიტომ, რომ მოხდება შერიგება. მათი მხრიდანაც არის მონაწილეობა საჭირო - აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, რუსეთისგან და, საბოლოო ჯამში, მერე არის შეკითხვა - ევროკავშირიდან როგორ შეიძლება ამაში გარკვეული წვლილის მიღება. ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი ქვეყნებიდან უფრო შეიძლება მოხდეს ეს და არა ევროკავშირის ცენტრიდან და მერე შეიძლება ჩვენ დავაკორექტიროთ საუბარი ნეიტრალიტეტის შესახებ“, - თქვა ლოტაზმა თბილისში [ფორუმის მიერ გავრცელებული ქართულენოვანი თარგმანი].

ევროკავშირი, წლების განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გარანტორია. ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის [EUMM] წარმომადგენლები აკონტროლებენ ტერიტორიას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამ ფაქტორებზე ყურადღება არ გამახვილებულა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და სრულმასშტაბიან ომს პასკალ ლოტაზი პროქსი-ომს უწოდებს - გმობს რუსოფობიასა და რუსების ზიზღს, თუმცა არ ლაპარაკობს რუსეთის აგრესიაზე, არ ემხრობა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ღია წყაროებში არაერთი განცხადება მოწმობს, რომ პასკალ ლოტაზს ომის რეალური მოსურნეები დასავლეთში და კერძოდ - ევროკავშირში ეგულება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილსაც ძირითადად ევროკავშირს მიაწერს.

2026 წლის ივლისში, შვეიცარიელმა ანალიტიკოსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებას ცდილობენ; ხოლო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი.

შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა 1848 წლიდან.

  • 2026 წლის სექტემბერში გამართულ რეფერენდუმზე შვეიცარიელ ამომრჩეველთა 70%-ზე მეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას ნეიტრალიტეტის გამკაცრების შესახებ.
  • რეფერენდუმის ინიციატორი მემარჯვენე პოპულისტური ძალები მოითხოვდნენ, სანქციების დაწესების აკრძალვას, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული სანქციების გარდა; ასევე უნდა შეზღუდულიყო ნატოსთან კავშირი და თანამშრომლობა.
  • შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის სანქციების უმრავლესობას, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.


პასკალ ლოტაზმა ფორუმზე თქვა, რომ არ ეთანხმება ამ რეფერენდუმის შედეგებს.

კიდევ ერთი სპიკერი დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის გადამდგარი ოფიცერი, სტრატეგიული ანალიტიკოსი სტივ ჯერმია, რომელმაც ფორუმზე გამოსვლისას ქართველებს არა გულით, არამედ გონებით მოქმედება და ნეიტრალიტეტის არჩევა ურჩია.

2026 წლის ივლისში “იმედის” ეთერში მან თქვა, რომ “ევროკავშირი განსაკუთრებით მოწადინებულია, რომ საკუთარ მიზნებს რუსეთის წინააღმდეგ მსხვერპლად შესწიროს სხვა სახელმწიფოები” და საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს “ევროპულ ზეწოლას”. მისივე სიტყვებია, რომ “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს დაწესებული სანქციები უნდა მოუხსნან”, რადგან “ამ სანქციებს არ აქვთ საერთაშორისო სამართლით არავითარი გამართლება, არ არსებობს გაეროს ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია”.

  • “ნეიტრალიტეტის ფორუმის” არაერთი მონაწილე, სხვადასხვა დროს თბილისის მერიის ორგანიზებული, მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის სტუმრებს შორისაც იყო.
  • მათ ინტერვიუებს ხშირად გადასცემენ პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების ეთერებით - დისტანციური ჩართვით თუ სტუდიაში სტუმრობით.


ნეიტრალიტეტის მომხრე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ომების თავიდან აშორება საქართველოსაც შეეძლო და უკრაინასაც და რომ ომების დაწყება მხოლოდ ნატოს გაფართოების ამბიციების ბრალია - ამ შინაარსის აქცენტები მრავლად დასვეს “ნეიტრალიტეტის ფორუმის” მონაწილეებმაც.

სწორედ ამაზე ლაპარაკობდა, 2024 წელს “იმედი ლაივის” ეთერში ფორუმის ერთი სპიკერი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ანალიტიკოსი ლაშა კასრაძე. ინტერვიუში ის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები დასავლეთმა ჩაშალა.

“გარანტი არავინ არ გვყავს, რომ გადავრჩეთ, ჩვენივე თავი უნდა გადავირჩინოთ... ნეიტრალიტეტი, რეალიზმის თეორია, ძალთა ბალანსზე თამაში, ეს არის ისტორიის მიერ დამტკიცებული თეორიები, რომლის მიხედვითაც პატარა სახელმწიფოები გადარჩენილან”, - უთხრა ლაშა კასრაძემ ჟურნალისტებს 4 ნოემბერს.

ხომ არ დარჩება საქართველო ასეთ შემთხვევაში მარტო რუსეთის წინაშე [რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%]? - ვკითხეთ კასრაძეს გასული საუკუნის საქართველოს მწარე გამოცდილების გათვალისწინებით - როცა პირველი რესპუბლიკის დროს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი მალევე რუსეთის ოკუპაციითა და გასაბჭოებით დასრულდა.

“რუსეთი არის რაციონალური მოთამაშე. უბრალოდ, რომ გაიღვიძოს [რუსეთის] ხელისუფლებამ და თქვას - მოდით, კიდევ ერთხელ შევიდეთ საქართველოში და თბილისი ავიღოთო, ამისი ალბათობა არის ძალიან მცირე”, - გვპასუხობს ანალიტიკოსი, თუმცა იმასაც ადასტურებს, რომ 100%-იან უსაფრთხოებას ვერცერთი სახის ნეიტრალიტეტი ვერ უზრუნველყოფს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოდან“ ფორუმის სპიკერებს შორის იყვნენ ლევან ნიკოლეიშვილი, პეტრე მამრაძე და კონსტანტინე ჟღენტი.

“დეოკუპაციისთვის მთავარია ის, რომ ველაპარაკოთ ოკუპანტს. სხვაგვარად ეს შეუძლებელია. სამხედრო გზით ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია. ამიტომ საჭიროა ნეიტრალური პოლიტიკის გატარება“, - თქვა ფორუმზე პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კონსტანტინე ჟღენტმა.

„სააკაშვილმა დაიწყო სამხედრო მსვლელობა“ - პეტრე მამრაძემ ფორუმზე თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და ამის შემდეგ განთავსდა რუსეთის ბაზები საქართველოში. მისი შეფასებით, თუკი მანამდე სიტყვა ნეიტრალიტეტის ხსენებისას საქართველოში „პუტინის აგენტად “ გაცხადებდნენ, ახლა ეს ეტაპი უკვე გადალახულია.

მამრაძემ ასევე შეაქო "ქართული ოცნების" ხელისუფლება.

ნეიტრალიტეტი მოსკოვის ფოკუსში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 2026 წლის აპრილში გამართულ ბრიფინგზე კმაყოფილებით თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი იცვლება.

„ჩვენ ვიცით, რომ რესპუბლიკაში [საქართველო] იზრდება ევროსკეპტიკოსების რიცხვი. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნეიტრალიტეტს უჭერენ მხარს. რაც მთავარია, სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ზახაროვას განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობა განმტკიცებულია „[რუსეთთან] მოკავშირეობით და მოკავშირეობის უფრო ფართო გაგებითაც - ერთობით რუსეთთან“; ხოლო ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გამო სჯის და „ღიად უჭერს მხარს საქართველოში ორგანიზაციებს [პოლიტიკურ პარტიებს] სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში“.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი

„ნეიტრალიტეტი რუსეთის პროექტია, დამოუკიდებელ ქვეყნებზე კრემლის ზეგავლენის გაფართოების მიზნით. მშვიდობის იდეით შეფუთული ნეიტრალიტეტი ილუზიური სატყუარაა. ნეიტრალიტეტის თემა რუსეთიდან საკითხში გაუთვითცნობიერებელი ბრიყვების გაცურებისთვის არის შემოგდებული. იმავეს ცდილობს რუსეთი სხვა ქვეყნებში, რამდენადაც გასდის, რომ ეს ქვეყნები დასავლელი მოკავშირეების გარეშე დატოვოს“, - ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ ძლიერი სამხედრო რესურსებისა და საერთაშორისო აღიარების გარეშე, მით უფრო - დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში, ნეიტრალური ქვეყანა ვერ იარსებებს.

"შეუძლებელია ნეიტრალიტეტი გამოაცხადო რუსეთის მიმართ, როდესაც მის მიერ ოკუპირებულია შენი ტერიტორიები. როგორ შეიძლება ნეიტრალური იყო შენი ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ? ნამდვილი ნეიტრალიტეტი ვისაც ჰქონდა (ფინეთი და შვედეთი), ისინიც კი ნატოში გაწევრიანდნენ, რადგან არ შეიძლება რუსეთის გვერდით უსაფრთხოდ იარსებო, ნეიტრალიტეტის ფარგლებში", - გვეუბნება ზურაბ ბატიაშვილი.

"ნეიტრალიტეტის ფორუმის" ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" მოლდოვის მაგალითს იხსენებს: ქვეყანამ მუდმივი ნეიტრალიტეტი ჯერ კიდევ 1994 წელს გამოაცხადა, თუმცა ამ სტატუსს არ შეუჩერებია რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა მოლდოვის დნესტრისპირეთში.

ექსპერტები ხშირად იხსენებენ ასევე გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოსა და "აფხაზეთის ომს", როცა ქვეყანა არ აცხადებდა ნატოში გაწევრიანების სურვილს, მაგრამ რუსეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორია ჩამოაშორა და აფხაზეთი დღემდე ოკუპირებული რეგიონია.

რა როლი აქვს "ნეიტრალურ საქართველოს"

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელსაც ხშირად მმართველი პარტიის „სატელიტად“ მიიჩნევენ, პროევროპული პარტიების აკრძალვას ელოდება და 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება.

ოქტომბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში პარტია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ [საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესაბამისად] ხუთი პოლიტიკური სუბიექტის გაუქმება და პოლიტიკიდან ჩამოშორება ჯანსაღ კონკურენციას შექმნის და „სწორედ ასეთ პოლიტიკურ გარემოში ხედავს საკუთარ ადგილს პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო".

  • “ნეიტრალური საქართველო” “ქართული ოცნების” თანამოაზრეა. მის მსგავსად ლაპარაკობს „დიპ სტეიტისა“ თუ „გლობალური ომის პარტიის“ არსებობაზე, ამ ძალის გავლენებზე ევროკავშირში და ევროპის "აგენტურული ქსელის" მოქმედებებზე საქართველოში.
  • „ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელის საფუძველზეც ასამართლებენ პროდასავლელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
  • 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მიზანი გაახმაურა, “ნეიტრალურმა საქართველომ” ოპოზიციის ამომრჩევლების, მათი განმარტებით - “სექტის” - დასჯაც მოითხოვა.


"ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლები პროსახელისუფლებო მედიის ხშირი სტუმრები არიან. პარტიის ლიდერებს ციტირებენ ტელევიზიები თუ საინფორმაციო პორტალები.

ამავე არხებით აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია "ნეიტრალიტეტის ფორუმის" შესახებაც.

"ნეიტრალური საქართველოს" წევრები ხშირად უტევენ ევროკავშირს, მათ შორის - დაუდასტურებელი ამბებით. 3 ნოემბერს „პოსტივის“ ეთერში პეტრე მამრაძემ გაურკვეველ „გამოჩენილ ევროპელ მეცნიერებზე“ დაყრდნობით თქვა, რომ ევროპის მკვიდრ მოსახლეობაში „ოჯახი, როგორც ასეთი, ტრადიციული აღარ არსებობს კარგა ხანია“ და „მარტოხელა ქალი თუ გააჩენს ხოლმე ერთ ბავშვს“, ხოლო მიგრაციის გარეშე ევროპაში მუშახელი არ იქნება და - „აღარც ტრანსპორტი არ იმოძრავებს... და გათბობა არ იქნება ბინებში“.

„ევროკავშირი ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და თითქოს ისინი ჯუჯად გადაიქცნენ გეოპოლიტიკური განზომილებით“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ ფორუმზე.

თანდათან სულ უფრო იძაბება ურთიერთობები თბილისსა და ბრიუსელს შორის. "ქართული ოცნება" სულ უფრო ღიად გამოხატავს პოზიციას, რომ "ასეთი ევროკავშირი" მიმზიდველი აღარ არის საქართველოსთვის და გაწევრიანება სუვერენიტეტის შეზღუდვის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG