"პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი", - წერს ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა დაწესებულებიდან გამოგზავნილ გამოხმაურებაში.
"რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.
საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები - სრულ უმცირესობაში. ბოლომდე!” - ნათქვამია ელენე ხოშტარიას პოსტში.
რუსეთის პროკურატურის მიერ ქართული ოპოზიციური პარტიის "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადებას ეხმაურება ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (პარტია ALDE), რომლის წევრიცაა "დროა". რუსეთში თავად ALDE-ც "არასასურველ ორგანიზაციადა" გამოცხადებული.
"ჩვენ მტკიცედ ვდგავართ პარტია „დროას“ და ყველას გვერდით, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის!" - ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.
რუსეთში პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა
რუსეთის პროკურატურამ "დროას" საქმიანობა 5 ნოემბერს გამოაცხადა "არასასურველად".
„დროას წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო რეგულაციების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ მასალების სოციალურ ქსელებში გაზიარება ან მის ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის საზღვარგარეთ, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვისთვის სასჯელი შესაძლოა ორიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაძლებელია წინასწარი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გარეშეც.
რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს და მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ ჩართვისკენ".
პარტია "დროას" შესახებ
"დროა“ (Droa!) ოპოზიციური, პროევროპული პოლიტიკური პარტიაა, რომლის დამფუძნებელი და ლიდერია ელენე ხოშტარია. ის ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
პროკურატურა ელენე ხოშტარიას ოპონენტის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება - მას 18-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
- ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის: „მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“;
- პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 5000-ლარიანი გირაო;
- საპატიმროში დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა ის 2026 წლის პირველი ივლისს კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანა, სადაც მკურნალობა უტარდებოდა, 27 სექტემბერს კი უკან დააბრუნეს.
- ის თვეში ერთხელ სამედიცინო შემოწმებას გადის სამოქალაქო კლინიკაში, ამ მიზნით ის 29 ოქტომბერს "თოდუას კლინიკაში" იმყოფებოდა.
პარტია "დროა" 2021 წელს შეიქმნა და ის ემხრობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დემოკრატიულ მმართველობასა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას.
2024 წელს "დროა" ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანების, ALDE-ს წევრი გახდა.
2026 წლის ოქტომბერში „დროა“ იმ ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას შორის მოხვდა, რომელთა არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებსა და აქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საკუთარი კანონმდებლობის საფუძველზე დევნის ან მათ საქმიანობას ზღუდავს.
მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ თბილისში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცე Frame „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.
უფრო ადრე მოსკოვმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა ბათუმში მოქმედი რუსეთის მოქალაქეების დიასპორული გაერთიანება „რუსები ბათუმში“.
ორგანიზაცია 2022 წლის მარტში შეიქმნა. ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდა და ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს ეხმარებოდა.
გაერთიანების დამფუძნებელი ანასტასია ბუკოვსკი აცხადებდა, რომ რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ორგანიზაციას, სულ მცირე, 2023 წლიდან უთვალთვალებდნენ. მისი თქმით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნიდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც რუსეთში ჩასვლას გეგმავდნენ.
რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს საქართველოში მცხოვრები პოპულარული რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის ავტორი ნიკოლაი ლევშიციც. მას ბრალად ედება რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება.
ლევშიცი მანამდე რუსეთმა „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, მოგვიანებით კი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა.
რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში შეტანილია კორპორაცია „რადიო თავისუფლება“, ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა სტენფორდის, იელისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები, ასევე არაერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია. საერთო ჯამში, რეესტრში 200-ზე მეტი ორგანიზაციაა.
ფორუმი