საქართველოში 6 ნოემბერს ჩამოსულმა ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა 8 ნოემბერს დატოვა ქვეყანა.
8 ნოემბერს იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააცილეს.
ეს ჩინეთის ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.
შეხვედრები ლიდერებთან
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან.
მას 6 ნოემბერს უმასპინძლეს ოფიციალურ ვახშამზე, სადაც კობახიძემ „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს“.
7 ნოემბერს ხან ჭენგმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით.
რა თქვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა
ხან ჭენგი სიტყვით გამოვიდა 7 ნოემბრის მიღებაზე და თქვა, რომ ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთა თანამშრომლობამაც მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.
მისი განცახდებით, ურთიერთობების „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანამ“ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის „ახალი პერსპექტივები გახსნა“.
მან ქართველ ლიდერებთან შეხვედრები შეაფასა, როგორც „უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი“.
„საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა“, - თქვა მან.
„დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს“, - განაცხადა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა.
აქცენტი ვაჭრობაზე
მან ბოლო წლებში ორ ქვეყაბას შორის სავაჭრო ურთიერთობების „მასშტაბის სტაბილურად ზრდაზე“ გაამახვილა ყურადღება და გამოყო შემდეგი სფეროები:
- „მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე;
- ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს“.
ისაუბრა ჩინეთს-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და თქვა, რომ ხელშეკრულებამ „მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში“.
გაიხსენა, რომ 2026 წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს.
„მზად ვართ, მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ“
„ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას“, - თქვა მან.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა“ - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მის თანახმად, მხარეებმა უნდა შექმნან „ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის“.
თბილისიდან ხან ჭენგი გაემგზავრა თურქეთში, სადაც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, 11-12 ნოემბერს დაგეგმილ ანტალიის ლიდერთა სამიტში.
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
- 2023 წლის ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, თბილისმა და პეკინმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.
- 2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.
- 2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარეობს საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.
ფორუმი