რუსული უწყების ცნობით, მისმა წარმომადგენლებმა შეამოწმეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და გაეცნენ რუსეთში საექსპორტოდ განკუთვნილი ხილის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას.
რუსული მხარის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიწვევით იმყოფებოდა საქართველოში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვიზიტისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რა ინფორმაციას ავრცელებს „როსსელხოზნადზორი“
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, რუსმა სპეციალისტებმა შეისწავლეს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული თესლოვანი და კურკოვანი ხილის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა.
კერძოდ, მათ შეამოწმეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, სადაც რუსულ ბაზარზე გასატან მცენარეულ პროდუქციას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენ შემცველობაზე იკვლევენ.
რუსული უწყების ინფორმაციით, შემოწმების ფარგლებში შეფასდა:
- ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა;
- თანამშრომელთა კვალიფიკაცია;
- კვლევის მეთოდები;
- ლაბორატორიის შენობა-ნაგებობებისა და სამუშაო სივრცეების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლებმა რუს კოლეგებს გააცნეს, როგორ მოწმდება პროდუქციის ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობა და როგორ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.
რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც ხუთი ობიექტი მოინახულა, მათ შორის ხილის მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ადგილები.
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, აუდიტის შედეგების საფუძველზე ლაბორატორიას გადაეგზავნება შესაბამისი აქტი, რომელიც მის კომპეტენციას, კვლევის მეთოდებსა და შედეგებს შეეხება.
რუსული უწყება ასევე იუწყება, რომ ქართულმა მხარემ მას მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავების შესახებ აცნობა.
„როსსელხოზნადზორის“ შეფასებით, ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლის გამარტივებას, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივი მიწოდების ზრდასა და მისი უსაფრთხოების კონტროლის გაუმჯობესებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ანონსი
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს რუსული დელეგაციის 2-6 ნოემბრის ვიზიტისა და ჩატარებული შემოწმებების შესახებ ცალკე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
თუმცა, 29 ოქტომბერს, ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველსაყოფად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ფიტოსანიტარიული კონტროლისა და სერტიფიცირების საკითხებზე თანამშრომლობს.
უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობა მოიცავს ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების კონტროლის მექანიზმების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.
სააგენტო აცხადებდა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან.
აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, 3 ნოემბერს, სააგენტომ აღნიშნა, რომ ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები დაგეგმილი იყო სომხეთის, ბულგარეთისა და რუსეთის შესაბამის უწყებებთან.
რუსული დელეგაციის წინა ვიზიტი
ნოემბრის ვიზიტამდე, 20-22 ოქტომბერს, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარში მონაწილეობდნენ.
სემინარის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებისა და მეცხოველეობის პროდუქტებით ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ „როსსელხოზნადზორმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად:
- ნოემბრიდან რუსეთის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მიეცემოდა რძის გადამამუშავებელ ორ ქართულ საწარმოს;
- რუსული მხარე მზად იყო, შეემოწმებინა თევზისა და ზღვის პროდუქტების ექვსი ქართული მწარმოებელი, რომლებიც რუსეთში ექსპორტით იყვნენ დაინტერესებული;
- საქართველო რუსეთისგან ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინის შეძენას გეგმავდა 2027 წლის პირველ კვარტალში.
რუსულ უწყებას არ დაუკონკრეტებია, რძის პროდუქტების რომელ ქართულ საწარმოებზე იყო საუბარი. ასევე არ დასახელებულა ვაქცინების შესყიდვის ღირებულება.
საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაშინ დაადასტურა, რომ სემინარის ფარგლებში მისი წარმომადგენლები რუსეთის, რუმინეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და პოლიტიკური ურთიერთობები
ბოლო წლებში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გაფართოვდა, მათ შორის გაიზარდა საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება.
„როსსელხოზნადზორის“ მონაცემებით, 2026 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთში საქართველოდან იმპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის მოცულობამ 70,5 ათასი ტონა შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა ვაშლის, მოცვის, ქლიავის, მანდარინისა და სხვა პროდუქტების მიწოდება.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე არაერთხელ ამახვილებდნენ ყურადღებას. რუსული მხარის განცხადებებში ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება ზოგჯერ საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის სურვილთანაც არის დაკავშირებული.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნებისა და მისგან მიღებული სარგებლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლების დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას, განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ქართული საწარმოების დახმარებას ცდილობს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.
რუსული სანქციები
რუსეთმა შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია 2026 წლის 9 ოქტომბრიდან დროებით აკრძალა. შეზღუდვა შეეხო „თელიანი ველის“, „თბილღვინოსა“ და „ვაინმენის“ ღვინოს, „ასკანელი ძმების“ ღვინოსა და კონიაკს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლასა“ და მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“.
რუსეთის სანიტარული სამსახური გადაწყვეტილებას პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობით ხსნის.
27 ოქტომბერს პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ განაცხადა, რომ შეზღუდვა კიდევ ორ ქართულ ღვინის კომპანიას - „ვინივერიასა“ და „შატო მუხრანს“ - შეეხება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
12 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რუსეთის გადაწყვეტილებას „გასაკვირი“ და „გაურკვეველი“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება საკითხში გაერკვეოდა.
ფორუმი