მათი დიდი ნაწილი, ვინც კომპენსაცია მოითხოვა, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მათთან ჯერჯერობით არავის დაურეკავს. ნაწილს დევნილთა სააგენტოდან უკვე მიაკითხეს.
ამ სტატიაში გაეცნობით, რა აინტერესებთ დევნილებს და რას გვპასუხობს მათ არაერთ შეკითხვებზე დევნილთა სააგენტო.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, ფულადი კომპენსაციის მიღება მოინდომა და შესაბამისი განაცხადი შეავსო 39 494 დევნილმა.
დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ბინები ან კომპენსაცია არ მიუღიათ, 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, შეეძლოთ, ბინის ნაცვლად ფული მოეთხოვათ - ოჯახის თითო წევრზე 10 000 ლარი. ეს ნებაყოფლობითი არჩევანი იყო. კომპენსაცია შეეძლოთ იმ დევნილებსაც მოეთხოვათ, რომლებმაც საცხოვრებელი საკუთარი ფულით შეიძინეს.
სახელმწიფომ თავდაპირველად ამ ინიციატივისთვის 58 მილიონი ლარი გამოყო. თუმცა 9 ნოემბერს გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები 50 მილიონი ლარით იზრდება და ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს თანხა მთლიანად დევნილების კომპენსაციისთვის გამოიყო. ანუ, საბოლოოდ, 10 000-ლარიანი კომპენსაციების საერთო ბიუჯეტი 108 მილიონი გახდა.
ეს თანხა 10 800 დევნილის კომპენსაციას გასწვდება. ანუ ამ ბიუჯეტით დევნილების მხოლოდ მესამედს გადაუხდიან კომპენსაციას.
„10 000 ლარზეც უნდა ველოდოთ მონიტორინგს?“
დევნილთა ნაწილი გვეუბნება, რომ განაცხადი კომპენსაციაზე პირველივე დღეს შეავსეს, თუმცა მათთან მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან:
„19 ოქტომბერს, ათის ნახევარზე უკვე შევსებული მქონდა, მაგრამ ჯერ არავის დაურეკავს“, - გვეუბნება აფხაზეთიდან დევნილი ქალი.
„მე 19-ში დილით შევავსე და არავის დაურეკავს. 35 წელია ველოდები“, - ამბობს კიდევ ერთი დევნილი.
ამის გარდა, ან შეიძლება ამაზე მეტადაც, დევნილებს ის აინტერესებთ, რას ამოწმებენ სააგენტოს წარმომადგენლები ოჯახებში, რა კითხვებს სვამენ და რატომ არის აუცილებელი მათთან მისვლა, თუკი დევნილების შესახებ მონაცემები დიდი ხანია სახელმწიფო ბაზებში არსებობს.
„ხალხს აინტერესებს, რომ მოდიან, რა კითხვებია, რას ითხოვენ... არ შეიძლება ვინმემ დაწეროს, ვისთანაც [უკვე] იყვნენ მისულები?“ - ამბობს ინგა ჯგერენაია.
„ასობით ადამიანი კითხულობს, პასუხი არ არის, ნეტავ რა ხდება? 10 000 ლარზეც პრობლემაა, რა უსამართლობაა. 33 წელი ველოდებით ბინას. ახლა 10 000 ლარზეც უნდა ველოდოთ მონიტორინგს?“
„და ეს მონიტორინგი რა საჭიროა? ვერ ვხვდები, ყველაფერი ჩანს ელექტრონულად“, - კითხულობს კიდევ ერთი დევნილი.
„მონიტორინგი რატომ უნდა მოვიდეს ბინაში, ვერ ვხვდები. და თუ არ ვცხოვრობ იმ ბინაში, რომელიც შეძენილი მაქვს, რა? არ მეკუთვნის თანხა?“ - აინტერესებს აფხაზეთიდან დევნილ ნანა ჩაგანავას.
იმ დევნილებთან გასაუბრების შემდეგ, რომლებთანაც მონიტორინგის წარმომადგენლები უკვე იყვნენ მისული, ირკვევა, რომ ამ პროცედურისას, სააგენტოს თანამშრომლები ძირითადად დევნილებისა და მათი სახლების ფოტოებს იღებენ:
„უბრალოდ პირადობის ნომრები შეამოწმეს, სახლს სურათები გადაუღეს და მეტი არაფერი. არანაირი შეკითხვები არ იყო“, - გვეუბნება ერთ-ერთი დევნილი.
კიდევ ერთი დევნილი აფხაზეთიდან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ განაცხადი 19 ოქტომბერს შეავსო, ცხრა დღეში კი მონიტორინგის თანამშრომელი მივიდა მასთან:
„ისეთი არაფერი, სურათები გადაუღეს ოთახებს, ერთი მეც გადამიღეს. შეამოწმეს პირადობები და წავიდნენ“.
დევნილი გაგრიდან, თეა საჯაია, გვეუბნება, რომ მონიტორინგის თანამშრომელი მასთან განაცხადის შევსებიდან ოთხ დღეში მივიდა.
გაგრიდან დევნილი, ისტორიის პედაგოგი, სენაკში 16 წლის შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად არაერთგზის დაწერილი განცხადებისა, მისმა ოჯახმა სახელმწიფოსგან ბინა ვერ მიიღო. ბინა სენაკში წლების წინ დედამისმა იყიდა:
„ცხონებულმა დედაჩემმა წვალებით, მუხლჩაუხრელი შრომით მოახერხა ფართის შეძენა. რამდენჯერმე დავწერე განცხადება ბინით უზრუნველყოფაზე, მაგრამ ყოველთვის უარს ვიღებდი - ბინა დედაჩემმა ჩემს სახელზე გააფორმა და რაკი ბაზებში ჩანდა, რომ ბინა მქონდა, არ მაძლევდნენ.
ამიტომ ვიფიქრე, ეს 10 000 ლარი მაინც რატომ დავკარგო-მეთქი?! ამიტომ 19 ოქტომბერსვე დავწერე განცხადება“.
შემოწმებაზე მასთან მონიტორინგის ერთი თანამშრომელი მივიდა:
„ამ ბიჭმა ფოტოები გადაგვიღო მე და ჩემს შვილს, რომელიც 16 წლისაა. ასევე სახლის კარს გადაუღო ფოტო.
არანაირი კითხვა არ დაუსვამს. აქეთ ვკითხე, კითხვები არ უნდა დამისვათ-მეთქი? და არა, სხვა ინფორმაცია თქვენგან არ გვჭირდებაო. ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომ მოგვეცემა ეს თანხა და მეტი არაფერი, წავიდა“.
იმედი აქვს, რომ თანხას დეკემბრის ბოლოსთვის ჩაურიცხავენ: „ასე გვითხრეს, 2 ნოემბერს, განაცხადების მიღება რომ დასრულდება, იქიდან 45 დღის განმავლობაში ჩაირიცხება თანხაო და ველოდებით, ვნახოთ“.
ცნობებმა იმის შესახებ, რომ მონიტორინგის თანამშრომლები დევნილებს და მათ ბინებს ფოტოებს უღებენ, ბევრი გააბრაზა:
„ოთახებს რატომ უნდა გადაუღონ სურათები, რა აბსურდის თეატრია? მათ მოცემულ ბინაში ხომ არ ვცხოვრობ? ან სურათის გადაღება რა საჭიროა“, - კითხულობს დევნილი ქალი.
„ბინით ხომ არ გვაკმაყოფილებენ, სხვისი ნაშრომით ნაყიდი ბინების სურათები რაში სჭირდებათ, ან რა უფლება აქვთ, ან სადაა გაწერილი მონიტორინგის წესი თუ შეფასების კრიტერიუმი? კომისიამ უნდა შეამოწმოს ნამდვილად დევნილია თუ არა, რაც იქვე საბუთის წარდგენით ხდება და მეორე, ნამდვილად არის თუ არა გაცემული დახმარება სახელმწიფოს მიერ, რაც იქვე, თავიანთ უწყებაში დოკუმენტებშია დაფიქსირებული. მხოლოდ მოძიება უნდა კომპიუტერში და გადამოწმება საჯარო რეესტრში. დანარჩენი შემოწმება, სურათების გადაღება და დაკითხვა არაკანონიერია და არამიზანშეწონილი“.
ვისთან მიდიან პირველ რიგში?
დევნილებს აინტერესებთ, ანიჭებენ თუ არა უპირატესობას მათ, ვინც განაცხადი რეგისტრაციის პირველ დღეებში შეავსო და როგორ აისახება ეს ფულის ჩარიცხვის ვადებზე.
„ვერ გავარკვიეთ, პრივილეგიას ანიჭებენ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ დღეს, 19 რიცხვს? ეს არის სხვების აბუჩად აგდება“, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
ასევე აინტერესებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის სოციალური მდგომარეობა, ასაკი და საცხოვრებელი პირობები.
გიორგი ცაგარეიშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ კომპენსაციები გაიცემა განაცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით.
დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით კაიკაციშვილის თქმით, კომპენსაციები გაიცემა განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 45 დღისა -"იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც სააგენტოს გააჩნია. ხოლო ის ოჯახები, ვინც ამ რესურსიდან გამომდინარე წელს ვერ მიიღებენ ამ თანხას, მათი საკითხის განხილვა გაგრძელდება მომავალ წელს".
რა წერია და რა არ წერია მინისტრის ბრძანებაში?
ბოლომდე ნათელი არ არის, რა პროცედურით განიხილავენ განაცხადებს, როგორ იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას და მაინც რას ამოწმებს მონიტორინგის ჯგუფი.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში განსაზღვრულია კომპენსაციის გაცემის ორი ძირითადი წინაპირობა:
- განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის რომელიმე პროგრამაში;
- განაცხადში მითითებული დევნილები რეალურად უნდა ცხოვრობდნენ იმ მისამართზე, რომელიც განაცხადშია მითითებული.
თუმცა ბრძანებაში დეტალურად არ არის გაწერილი, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, კიდევ რა საკითხები უნდა შეისწავლონ თანამშრომლებმა, აუცილებელია თუ არა, რომ ოჯახის ყველა წევრი ადგილზე დახვდეს მონიტორინგის ჯგუფს.
დოკუმენტში მხოლოდ ის არის მითითებული, რომ „მონიტორინგის ფორმას სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს“.
რაც შეეხება კომპენსაციაზე უარს, მინისტრის ბრძანების თანახმად, სააგენტო ვალდებულია, უარი ოჯახს წერილობით აცნობოს. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება კი სასამართლოშია შესაძლებელი.
რას გვპასუხობს დევნილთა სააგენტო?
რადიო თავისუფლების კითხვებს დევნილთა სააგენტომ წერილობითი ფორმით უპასუხა.
- კონკრეტულად რა ინფორმაციას ამოწმებენ მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ მისამართებზე ვიზიტისას?
მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ვიზიტის დროს ამოწმებს განაცხადში მითითებულ მისამართზე რეალურად მცხოვრები დევნილი ოჯახის შემადგენლობას. კონსულტაციას უწევს დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.
ფოტომასალაში [ფოტოგადაღება - რ.თ.] იგულისხმება, ოჯახის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი მისამართისა და ოჯახის შემადგენლობის დასურათება კომისიაზე წარსადგენად.
- რატომ არის აუცილებელი ოჯახებში მისვლა და რატომ არ არის საკმარისი საჭირო ინფორმაციის გადასამოწმებლად დევნილთა მონაცემთა ბაზები?
მონიტორინგის შედეგად მოწმდება განაცხადში იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ. ამასთან, მონიტორინგის შედეგად მოწმდება ადგილი ხომ არ აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას.
დევნილთა მონაცემთა ბაზაში ასახული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს, ამ ეტაპზე, არსებულ ფაქტობრივ გარემოებას.
- რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ ოჯახებს, რომლებსაც კომპენსაციას მისცემენ? გარდა მინისტრის ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებისა, არსებობს თუ არა დამატებითი შეფასების მექანიზმი?
ფულადი კომპენსაციის პროგრამა ხორციელდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში მითითებულ დევნილის სტატუსის მქონე პირებს არ უსარგებლიათ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის რომელიმე პროგრამით და განაცხადში მოცემული ინფორმაცია დევნილი ოჯახის შემადგენლობის შესახებ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას.
- ენიჭებათ თუ არა ოჯახებს პრიორიტეტი სოციალური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ოჯახის წევრთა რაოდენობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა გარემოებების მიხედვით?
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, ფულადი კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში, სოციალურ კრიტერიუმებს მნიშვნელობა არ ენიჭება.
რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ფულადი კომპენსაციის შეთავაზება?
„განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით, სულ მცირე, 10 წელიწადი დასჭირდება...პროცესების დასაჩქარებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება“, - განაცხადა ოქტომბრის შუა რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობა ირწმუნება, რომ ახალი პროგრამა არ ჩაანაცვლებს დევნილთა განსახლების მოქმედ პროექტებს. გაგრძელდება როგორც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ისე „სოფლად სახლის“ პროგრამა.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, თანხა განაცხადების მიღების დასრულებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა გაიცეს. ანუ დევნილებმა, რომლებმაც კომპენსაციების მოთხოვნით განაცხადი შეავსეს, ეს თანხა, მაქსიმუმ, 2026 წლის 17 დეკემბრისთვის უნდა მიიღონ.
ფორუმი