რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა შეიტანოს წვლილი უკრაინის დამატებით დაფინანსებაში

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 2026 წლის 3 ნოემბერს ბერლინში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 2026 წლის 3 ნოემბერს ბერლინში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

გერმანია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ შეიტანოს წვლილი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანიამ შესაძლოა, დაბლოკოს ევროკავშირის გადაწყვეტილებები სხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტზე.

ამ შინაარსის წერილი, როგორც გერმანული სააგენტო dpa და ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წერენ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ისინი გაეცნენ მერცის წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის დახმარების საკითხში ერთიანობა აუცილებელი პირობაა სხვა თემების განსახილველად, განსაკუთრებით იმ საკითხების, რომლებსაც ფინანსური შედეგები აქვთ.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი მოითხოვს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ფარგლებში გადაწყდეს უკრაინის მრავალწლიანი მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფის საკითხი.

მერცი კოშტას მოუწოდებს, ეს თემები პრიორიტეტულად აქციოს ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც 13 ნოემბერს დუბლინში გაიხსნება.

რა დეფიციტია შესავსები

2025 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საერთო ბიუჯეტის გარანტიით უკრაინას 2026-2027 წლებისთვის მისცემს 90 მილიარდი ევროს კრედიტს. თანხის ნაწილი უკრაინამ უკვე მიიღო.

თუმცა საბრძოლო მოქმედებების მასშტაბიდან გამომდინარე უკრაინას 2027 წლისთვის დამატებითი თანხა სჭირდება.

2026 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინას ომი დაუჯდება 155 მილიარდი ევრო და ამ თანხიდან სულ მცირე 70 მილიარდს ევროკავშირისგან ითხოვენ.

ევროკავშირი განიხილავს ამ თანხიდან დაახლოებით 45 მილიარდი ევროს გამოყოფას.

მოწინააღმდეგეები

ბულგარეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა რუმენ რადევმა და რობერტ ფიცომ უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობას ევროკავშირის მიერ უკრაინის დამატებით დაფინანსებაში.

კითხვის ნიშნის ქვეშაა უნგრეთის და ჩეხეთის მონაწილეობა.

  • რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ყველაზე დიდ დახმარებას გერმანია უწევს. 2026 წლის ზაფხულის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაღებული თანხა 100 მილიარდ ევროს შეადგენდა.
​
XS
SM
MD
LG