10 ნოემბერს ჩატარებული პროცედურული კენჭისყრის შედეგად შესაბამისი რეზოლუცია უარყოფილი იყო 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ. დოკუმენტი იურიდიულ კომიტეტს გადაეგზავნა.
- წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე.
- 3 იანვრიდან მუშაობას შეუდგება ახალი, 2026 წლის 3 ნოემბერს არჩეული შემადგენლობა, რომლის უმრავლესობაში დემოკრატები იქნებიან.
იმპიჩმენტის ინიციატორი და ტრამპის რეაქცია
პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორი იყო რესპუბლიკელი კონგრესმენი ტომას მასი. უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული მთავარი ბრალდება ეხება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას, რომელიც კონგრესის ოფიციალური ნებართვის გარეშე 90 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.
პიტ ჰეგსეთმა იმპიჩმენტის მცდელობას უწოდა „ფარსი“, „საბოტაჟი“ და „პოლიტიკური სპექტაკლი“.
ტომას მასი ერთადერთი რესპუბლიკელია, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა რეზოლუციის დაბლოკვის წინააღმდეგ მისცა.
როგორც CNN-ი წერს, კონგრესის შუალედურ არჩევნებში დამარცხებით დასუსტებულმა და გახლეჩილმა რესპუბლიკურმა პარტიამ მოულოდნელი ერთიანობა გამოიჩინა.
აშშ-ის რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პიტ ჰეგსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა რესპუბლიკელმა „მთავარი წაგებულის“, ტომას მასის გარდა.
ტრამპმა დემოკრატები დაადანაშაულა ამერიკის იარაღად გამოყენებასა და შეურაცხყოფაში და განაცხადა, რომ ისინი უნდა შეაჩერონ.
დემოკრატების გეგმა
წარმომადგენელთა პალატაში 10 ნოემბერს ჩატარებული წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ დემოკრატებმა განაცხადეს, რომ იანვრიდან, ახალი შემადგენლობის შეკრების შემდეგ, ხელახლა დაიწყებენ პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურას.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატას შეუძლია ხმათა უბრალო უმრავლესობით იმპიჩმენტი გამოუცხადოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირს, რაც ხმების ორი მესამედით უნდა დაადასტუროს სენატმა.
- 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს კონგრესის 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შექმნელად საჭირო 218 ადგილზე გაცილებით მეტი, 254 ადგილი აქვთ.
- რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაკარგეს 100-წევრიან სენატშიც, თუმცა დემოკრატებს კონგრესის ამ ზედა პალატაში უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად არ აქვთ ხმების ორი მესამედი. შესაბამისად, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის დასადასტურებლად საჭირო იქნება რესპუბლიკელთა ნაწილის თანხმობა.
ფორუმი