მათი დაბრუნების შუამდგომლობა კოალიციის წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ, დააყენა. მისი თქმით, გვარამიას მონაწილეობის გარეშე პარტიასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების სრულფასოვნად გამოკვლევა ვერ მოხერხდებოდა, კოპალეიშვილის გარეშე კი მოპასუხე მხარე საქმის განხილვას „სამართლებრივი ხაზის მთავარი ავტორის“ გარეშე გააგრძელებდა.
თევზაძემ ასევე განაცხადა, რომ სხდომაზე დაბრუნების შემთხვევაში ისინი წესრიგს დაიცავდნენ და მოითხოვა, კანონით გათვალისწინებული ზომები ორივე მხარის მიმართ თანაბრად გამოყენებულიყო.
ნადარაიამ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, გვარამიას გაძევება მხოლოდ წესრიგის დარღვევას უკავშირდებოდა, ამიტომ სასამართლო მას სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა.
კოპალეიშვილის დაბრუნებაზე უარი ნადარაიამ იმით ახსნა, რომ მან, წესრიგის დარღვევის გარდა, სასამართლოს „ძალიან მძიმე შეურაცხყოფა“ მიაყენა, როდესაც გვარამიას გაძევება „ქართული ოცნების“ დავალების შესრულებად შეაფასა.
„ასეთი მძიმე განცხადება, რომ სასამართლო თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა“, - თქვა ნადარაიამ.
გვარამიას გაძევების შემდეგ კოპალეიშვილმა ნადარაიას მიმართა: „ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. იმიტომ რომ ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს, რომლითაც მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. 10 ნოემბერს სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა.
ფორუმი