რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„40 ნაკერი მადევს“ - დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოზე პირველი განცხადება გააკეთა

დავით ფეიქირშვილმა ძალადობის შესახებ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
დავით ფეიქირშვილმა ძალადობის შესახებ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

პატიმრობაში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა, მასზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შემთხვევის შემდეგ, საჯარო სივრცეში - სასამართლოს სხდომათა დარბაზში პირველად ისაუბრა. მის მონათხრობს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

„40 ნაკერი მადევს... მე 4 დღის განმავლობაში რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართული იყო ციხის უფროსი, პენიტენციური სამსახურის უფროსი... სპეციალურად შემოიყვანეს პარასკევს, ორშაბათი ძლივს დადგა და შემოვიდა ადვოკატი, ძლივს შევძელი ხმის მიწოდება... გადამიყვანეს „ვივამედში“ და მერე ამ დაზიანებებით უკან დამაბრუნეს და ჩამიწერეს, ვითომ გადმოვვარდი“, - ამბობს პატიმარი.

  • დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის შვილს ციხეში სცემეს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო;
  • 20 ოქრომბერს ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები პატიმრობაში მყოფმა ვატო ყიფიანმა, [ავთანდილ] ბილანიშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიაყენეს, რის შემდეგაც ძმებმა დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. ყიფიანის ადვოკატმა „კატეგორიულად გამორიცხა“ „მსგავსი რაღაც“.

მოტივი

ფეიქრიშვილის თქმით, „წამების მთავარი მოტივაცია იყო ტელეფონი“, მოითხოვდნენ მისი ტელეფონის კოდის გახსნას.

„მთავარი იყო, რომ მე მობილური უნდა გამეხსნა... მობილური იყო პროკურორის „ხელში“ [გულისხმობს, რომ წვდომა ჰქონდა]... მე უკვე ნაცემი ვყავდი, ნაწამები - მითხარი პაროლიო. გაუხსენი, შენ ჩანაწერები გაქვსო - მეთქი ბიჭო, რა ჩანაწერები... შეიძლება პროკურორს ჯიბეში არ ედო ეს ტელეფონი, მაგრამ ჩემი საპროცესო უფლებები არის დარღვეული“, - ამბობს ის.

მისი მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კლინიკა „ვივამედიდან“ გლდანის მე-8 ციხეში დააბრუნეს, „კიდევ მიდიოდა მათი მხრიდან ჩემზე ძალადობა ბოლოს შენი ძმის ტელეფონი უნდა გაგვიხსნაო“.

იზოლაცია

„გოცირიძე და შოთა ყიფიანი თან დამყვებოდნენ თანამშრომლებთან ერთად, რომ ვინმესთვის რამე არ მეთქვა, თუმცა იქ თანამშრომლებისთვის რამის თქმას საერთოდ აზრი არ ჰქონდა“.

დავით ფექირშვილი ამბობს, რომ ის იზოლაციაში ჰყავდათ.

„ერთადერთი შანსი იყო, რომ გამეძლო ორშაბათამდე, როცა ადვოკატი შემოვიდოდა. წინა ადვოკატთან 11 წელია ვმეგობრობ, შვილის ნათლიავარ და ესე, მოწმენდილ ცაზე მივიდა ჩემს ოჯახში და ვეღარ ვიქნები ადვოკატიო, წყალს გააყოლა ეს მეგობრობა“.

ფეიქრიშვილის ბრალდებები ცემაზე და გამოძიება

  • 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს;
  • 19 ოქტომბერს მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი სასტიკადაა ნაცემი;
  • ადვოკატის გადმოცემის თანახმად, ფეიქრიშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს მას შეუსახლეს ახლად დაპატიმრებული ვატო ყიფიანი (რომელთანაც ძმებს დაპირისპირების ისტორია აქვთ), რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემა;
  • ეს უარყო როგორც პენიტენციურმა სამსახურმა, ისე ვატო ყიფიანმა;
  • დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ შეიყვანეს: 19 ოქტომბერს – მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით; 20 ოქტომბერს – ხელზე მიყენებული ჭრილობით (თვითდაზიანებით).

გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო.

ცვლილებები პენიტენციურ სამსახურში

მოგვიანებით საქმის გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა. 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყებამ პენიტენციური სამსახურის იმდროინდელი უფროსისთვის, გიორგი პატარაძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერება მოითხოვა. პატარაძემ თანამდებობა იმავე დღეს საკუთარი სურვილით დატოვა.

მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი და ადვოკატი.

მათი თქმით, გლდანის მე-8 ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემისას ერთ-ერთი ბრალდებული, „კრიმინალური ავტორიტეტი“ ვატო ყიფიანი, სწორედ გიორგი პატარიძესთან (მათ თანახმადვე, მეტსახელად „ზაუტასთან“) იყო სატელეფონო ხაზზე.

2 ნოემბერს თანამდებობა დატოვა გლდანის მე-8 ციხის დირექტორმა რამაზ ფირცხალავამ: „აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით“.

​
XS
SM
MD
LG