მოსამართლე გოგა კიკილაშვილის კითხვა შეეხებოდა პარტიის რეალურ პოლიტიკურ კონტროლს მთავრობაზე, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენციურ სისტემაზე.
ენმ-ს წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი გამორიცხავს პარტიის ჩარევას სახელმწიფო უწყებების ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი განმარტებით, კონტროლი ხორციელდებოდა პარლამენტის მეშვეობით, სადაც ენმ უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. კიკილაშვილმა დააზუსტა, რომ კითხვა ეხებოდა პარტიის ფაქტობრივ გავლენას და არა მხოლოდ საპარლამენტო კონტროლს.
მსჯელობა გაგრძელდა მიხეილ სააკაშვილის როლზე. მოსამართლეებმა იკითხეს, როგორ უნდა გამიჯნულიყო მისი, როგორც პრეზიდენტისა და პარტიის ლიდერის, საქმიანობა.
ევა გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა მინისტრების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებაზე, რევაზ ნადარაიამ კი იკითხა, რა აკავშირებდა იმდროინდელ პრეზიდენტს მმართველ პარტიასთან.
ბეჟაშვილის განმარტებით, სააკაშვილი საკადრო გადაწყვეტილებებს იღებდა როგორც სახელმწიფოს მეთაური და არა როგორც პარტიის ხელმძღვანელი.
ანა წითლიძის თქმით, პარტიის ყოველდღიურ მართვას გენერალური და აღმასრულებელი მდივნები და პოლიტიკური საბჭო ახორციელებდნენ, სააკაშვილის როლი კი ამ პროცესში მინიმალური იყო. მან ასევე დაასახელა მთავრობის უპარტიო წევრები, მათ შორის ნიკა გილაური და ალეკო ხეთაგური.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაში სააკაშვილის მონაწილეობას ითხოვდნენ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კითხვების კიდევ ერთი ნაწილი შეეხებოდა იმას, მიუთითებდა თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევების რაოდენობა და ხასიათი სისტემურ პრობლემაზე და შეიძლებოდა თუ არა მათი პარტიისთვის მიკუთვნება.
ევა გოცირიძემ ჩამოთვალა გახმაურებული საქმეები, მათ შორის სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ვალერი გელაშვილის საქმეები. მან იკითხა, როგორ აფასებდნენ ენმ-ს წარმომადგენლები სახელმწიფო მოხელეთა ძალადობას, დანაშაულების გამოუძიებლობასა და იმ პირთა დაჯილდოებას, რომლებიც მოგვიანებით მსჯავრდებულები გახდნენ.
ბეჟაშვილი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო მოხელეთა ქმედებები ავტომატურად ვერ მიეწერება პარტიას, როგორც დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. წითლიძემ კი განაცხადა, რომ მოსამართლის მიერ ჩამოთვლილი საქმეების ნაწილზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა და ეჭვქვეშ დააყენა მათი პარტიის აკრძალვის არგუმენტად გამოყენება.
გირგვლიანის საქმეზე საუბრისას წითლიძემ თქვა, რომ თავადაც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, ხოლო ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე ლევან მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია.
გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობისას გოცირიძემ ენმ-ს წარმომადგენლებს მიმართა: „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ […] ამას ყველაფერს განიცდით“.
ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას განიცდიან, მათ შორის ბოლო წლებში მომხდარსაც, და მოსამართლის ასეთ მიმართვას არასწორი დამოკიდებულება უწოდა.
კამათი მოჰყვა წითლიძის განცხადებას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. ნადარაიამ თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს ეჭვქვეშ არ აყენებს. წითლიძის პასუხის შემდეგ, რომ მას სასამართლოსადმი უნდობლობის გამოხატვის უფლება აქვს, ნადარაიამ მიმართა:
„კორექტული იყავით, ქალბატონო ანა, თორემ ეს სახიფათო ზღვარია უკვე“.
მოსამართლეები ასევე დაინტერესდნენ, შეაფასა თუ არა პარტიამ საკუთარი მმართველობის პერიოდი და არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომელიც დარღვევების განმეორების თავიდან აცილებას ეხება. ენმ-ს წარმომადგენლები მიუთითებდნენ საარჩევნო პროგრამებზე, საჯარო განცხადებებსა და პარტიაში მიმდინარე განხილვებზე.
ბეჟაშვილის თქმით, პარტია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს და წარსული მისთვის ამომრჩეველთან ურთიერთობისას კვლავ პოლიტიკური ტვირთია, თუმცა ეს პასუხისმგებლობა პარტიის გაუქმების საფუძველი არ უნდა გახდეს.
ბეჟაშვილმა ასევე მიუთითა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე, როგორც არგუმენტზე ენმ-ს მმართველობის ავტორიტარულად შეფასების წინააღმდეგ. ამას მოჰყვა მოსამართლეების კითხვა, რა სხვა კონსტიტუციური ალტერნატივა ჰქონდა არჩევნებში დამარცხებულ პარტიას. ენმ-ს წარმომადგენლები პასუხობდნენ, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰქონდა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებამოსილებები, თუმცა ხელისუფლების გადაბარებისთვის ხელი არ შეუშლია.
სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაზეც იმსჯელეს
მოსამართლეებმა ბეჟაშვილს ჰკითხეს, როგორ უთავსებდა ენმ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას ზურაბიშვილთან შემდგომ თანამშრომლობას და შეიცვალა თუ არა პარტიის შეფასება პოლიტიკური ვითარების გამო.
ბეჟაშვილის განმარტებით, პარტიას არჩევნების დროს მნიშვნელოვან დარღვევებზე პრეტენზიები ჰქონდა, თუმცა ზურაბიშვილთან თანამშრომლობდა როგორც ფაქტობრივი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტთან. მან პარალელი გაავლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, რომელთა შედეგებსაც ენმ არ აღიარებდა, მაგრამ საერთაშორისო მედიაციის შემდეგ პარლამენტში შევიდა.
მოსამართლის დაზუსტებას, ნიშნავდა თუ არა ეს ზურაბიშვილის არალეგიტიმურად მიჩნევას, ბეჟაშვილმა უპასუხა: „არ მითქვამს ეს სიტყვა“.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიციის ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.
ფორუმი