რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უკრაინასთან კომპრომისზე არ წავა, მაგრამ ხანმოკლე ზავზე, ერთ ქალაქში, თანახმაა

ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენდებთან. მოსკოვიბ 12 ნოემბერი, 2026 წელი
ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენდებთან. მოსკოვიბ 12 ნოემბერი, 2026 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მიანიშნა, რომ რუსეთი არ წავა კომპრომისზე თავის ხისტ მოთხოვნებთან დაკავშირებით უკრაინაში ომის შესაწყვეტად, თუმცა კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ფრონტის ხაზის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქში მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.

პუტინმა განაცხადა, რომ იგი არ შეარბილებს თავის ტერიტორიულ მოთხოვნებს უკრაინის იმ ნაწილების გაკონტროლების თაობაზე, რომელთა ანექსიასაც რუსეთი აცხადებს, და გამორიცხა უკრაინაში უცხოური სამშვიდობო ჯარების განლაგებაზე დათანხმება - ნაბიჯი, რომელიც, მისი თქმით, „ომის გაგრძელება“ იქნებოდა.

აშშ-ის საგრანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მოსკოვში აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდნენ, რათა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე მძიმე კონფლიქტის დასრულების გზები გამოენახათ.

პუტინის კომენტარებმა, როგორც ჩანს, გააქარწყლა იმედები იმის შესახებ, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2027 წლამდე „შედეგის“ მისაღწევად „შესაძლებლობების ფანჯარა“ არსებობდა.

ამასობაში, ამერიკელებმა პუტინს მოუწოდეს, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე ევროპელ წარმომადგენლებს მაგიდასთან დაჯდომის უფლება მისცეს.

მოსკოვმა წარმატებით მოახერხა ომის შესახებ დისკუსიების გადატანა ევროპული უსაფრთხოების შესახებ უფრო ფართო განხილვის ჭრილში.

თუმცა კიევი და ევროპელი ლიდერები ცდილობენ, არ დაუშვან ახალი „იალტა“ — რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კონტინენტის გავლენის სფეროებად დაყოფის შეთანხმებაზე მიუთითებს - და განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები პირველ რიგში უკრაინის ომის დასრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

კუშნერმა და უიტკოფმა, მას მერე რაც კრემლი დატოვეს, მიემგზავრებიან დუბლინში, სადაც ევროპული სამიტი მიმდინარეობს, და სადაც ხუთშაბათს მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაც შედგება.

ჩვეულებრივ დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრებისგან განსხვავებით, კრემლმა ამჯერად გადაწყვიტა პუტინსა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული ვრცელი შესავალი საუბრის ტელეტრანსლაცია.

რუსეთის ლიდერმა არ ისურვა მოლაპარაკება შესაძლო ტერიტორიულ დარეგულირებაზე, რომელიც უკრაინულ და რუსულ პოზიციებს შორის „ნაცრისფერ“ - ანუ დემილიტარიზებულ — ზონებს გულისხმობს.

„ჩვენთვის არსებობს გამყოფი ხაზის მხოლოდ ერთი ვარიანტი: სახელმწიფო საზღვარი. რადგან მაშინ ყველაფერი ნათელი და ცხადი იქნება: აქ ვართ ჩვენ, და იქ ხართ თქვენ“, - განაცხადა მან.

2022 წელს სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთმა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ვრცელი ტერიტორიები დაიკავა. ამას ემატება ყირიმი, რომლის ანექსიაც მან 2014 წელს მოახდინა, და იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ.

მოსკოვმა ოფიციალურად მოახდინა უკრაინის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს - ანექსია, მიუხედავად იმისა, რომ მათ სრულად არ აკონტროლებს.

კიევი და დასავლეთი ამ ანექსიებს უკანონოდ მიიჩნევენ და უარყოფენ მას.

პუტინის შეთავაზება ეხება ე.წ. „ჰუმანიტარული მისიის“ ორგანიზებას ფრონტისპირა ქალაქ კოსტანტინივკაში, სადაც, მისი თქმით, კვლავ ცხოვრობს დაახლოებით 400-500 მშვიდობიანი მოქალაქე.

ზაფხულში რუსეთმა განაცხადა, რომ ქალაქი აიღო, თუმცა უკრაინა ამტკიცებს, რომ მასზე კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება.

ეს იდეა იმეორებს მოკლევადიან ზავს, რომლითაც გასულ თვეში ასობით ჩარჩენილ მოქალაქეს საშუალება მიეცა დაეტოვებინა სამხრეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი ოლეშკი.

პუტინმა ასევე გაიმეორა თავისი დიდი ხნის წინააღმდეგობა უკრაინაში ნებისმიერი უცხოური ჯარის განლაგების მიმართ ომისშემდგომი სამშვიდობო ძალების სახით - რასაც კიევი გადამწყვეტად მიიჩნევს რუსეთის მორიგი თავდასხმის აღსაკვეთად.

მოსკოვი ქვეყანაში განლაგებულ ნებისმიერ უცხოურ ჯარს „ლეგიტიმურ სამიზნედ“ განიხილავს, განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მათი განლაგება იქნება „მოჯადოებული წრე“ და „ომის გაგრძელებას“ ნიშნავს.

ევროპული ქვეყნები შეაშფოთა რუსეთის მცდელობამ, გადაიხედოს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურა, მაშინ როდესაც აშშ ასევე აყენებს ახალი ჩარჩო-შეთანხმების იდეას.

ის აღიქმება როგორ მინიშნება მოსკოვის დიდი ხნის მოთხოვნებზე, ნატოს სამხედრო ალიანსმა უკან დაიხიოს აღმოსავლეთ ევროპიდან და შეწყდეს კიევისთვის დასავლური სამხედრო მხარდაჭერა.

ხუთშაბათს ირლანდიის დედაქალაქში დაახლოებით 50 ევროპელი ლიდერი შეიკრიბა, სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით „ბორბლის ხელახლა გამოგონება საჭირო არ არის“ და რუსეთი უკრაინაზე თავდასხმით მის დანგრევაში დაადანაშაულა.

ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპას მოუწოდა, გაერთიანდეს „მკაფიო და ერთიანი ხედვის“ გარშემო იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს მას უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისგან.

რუსეთი და შეერთებული შტატები უბიძგებენ ევროპას, დაასახელოს ერთი წარმომადგენელი, რომელთანაც ისინი ურთიერთობას შეძლებენ.

მოლაპარაკებების ფონზე საომარი მოქმედება უკრაინაში გრძელდება.

ღამით რუსეთმა დაარტყა კიევში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

სანქტ-პეტერბურგში დანაღმული ავტომობილის აფეთქებამ რუსი ჯარისკაცი იმსხვერპლა - რაც რუსეთის შიგნით სამხედრო პირების სავარაუდო მკვლელობების სერიის ბოლო შემთხვევაა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვები დაწესდა Starshield-ის თანამგზავრულ ინტერნეტ-სერვისზე, რომელიც საკვანძო მნიშვნელობისაა უკრაინის ფრონტის ხაზზე კომუნიკაციებისთვის.



​
XS
SM
MD
LG