რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს „ირანთან შეთანხმება არ სჭირდება“

დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი. ვაშინგტონი, 28 ივლისი, 2026 წელი (არქივი)
დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი. ვაშინგტონი, 28 ივლისი, 2026 წელი (არქივი)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს დაავალა, ყურადღება მთლიანად ქვეყნის შიგნით თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმოს და არა - მოლაპარაკებებს თეირანთან ომის დასრულების მიზნით შეთანხმებაზე.

„ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება. ის დრო დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ
ხელში გვაქვს მათი ფული - ასობით მილიარდი დოლარი, და ასევე - მათი სრუტე!“ — დაწერა ტრამპმა თავის Truth Social-ის პლატფორმაზე.


მისი ეს კომენტარები გაკეთდა მალევე მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენსი ირანის უსაფრთხოების სფეროს მაღალი რანგის ოფიციალურ პირთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავდა.

Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპმა თავის თანაშემწეებსა და კოლეგებს განუცხადა, რომ თანახმაა, ვენსმა თეირანთან მოლაპარაკებები განაახლოს და რომ პრეზიდენტმა ვენსს მოლაპარაკებების წარმართვის უფლებამოსილებაც მიანიჭა.

ასეთი პირისპირ შეხვედრა უჩვეულო ნაბიჯი იქნებოდა.

სოციალურ ქსელებში ტრამპის განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო უოლ-სტრიტზე აქციების გაიაფების საფრთხე გაჩნდა.
ტრამპის ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც მისმა რესპუბლიკურმა პარტიამ მიმდინარე თვეში გამართულ შუალედურ არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა, კონგრესზე კონტროლი კი დემოკრატებმა მოიპოვეს.

ირანთან ომით გამოწვეული უკმაყოფილება - რამაც შეერთებულ შტატებში საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია - მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რის გამოც რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნები წააგო.
ვენსი იმ რესპუბლიკელთა შორის იყო, რომლებიც არჩევნებში პარტიის მარცხს სწორედ ირანთან ომს უკავშირებდნენ.

კონფლიქტი მას შემდეგ გრძელდება, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, რამაც თეირანს უბიძგა, გადაეკეტა ჰორმუზის სრუტე - უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზა ენერგომატარებლების ტრანზიტისთვის.

სრუტის ჩაკეტვამ მძიმე დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

​
XS
SM
MD
LG